ავტორი:

ასია ბიბი ციხეში რჩება, მისი ადვოკატი პაკისტანიდან გაიქცა, ქმარი კი ევროპას თავშესაფარს სთხოვს

ასია ბიბი ციხეში რჩება, მისი ადვოკატი პაკისტანიდან გაიქცა, ქმარი კი ევროპას თავშესაფარს სთხოვს

პაკისტანელი ქრისტიანი ქალის, ასია ბიბის ქმარი დიდ ბრიტანეთს, აშშ-სა და კანადას ოჯახისთვის თავშესაფარს სთხოვს, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აშიქ მასიჰი ამბობს, რომ პაკისტანში მათ სიცოცხლეს ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება.

ღმერთის გმობისთვის დაკავებული ქალი, რომელსაც სიკვდილი ჰქონდა მისჯილი, სასამართლომ რამდენიმე დღის წინ მოუხსნა ბრალდებები, თუმცა მისი გათავისუფლებისთვის ფორმალური პროცედურები ჯერ არ დასრულებულა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ასია ბიბი კვლავ საპატიმროში რჩება.

მოსამართლის მიერ ასია ბიბის გამართლებას ქვეყანაში დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა, რომლის მონაწილეები ქალის საჯაროდ ჩამოხრჩობას ითხოვენ.

ვიდეოგზავნილში მასიჰი ამბობს, რომ მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეის თავშესაფარს სთხოვს. დახმარების თხოვნით, ასევე, მიმართავს კანადისა და აშშ-ს ლიდერებს.

აშიქი ციხეში მისი ცოლის ბედზეც შიშობს, მისი თქმით, ოჯახს არანაირი დაცვა არ გააჩნია და ადგილმდებარეობას ხშირად იცვლიან. „დოიჩე ველესთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ იმედი გაუჩინა, რომ ცოლს მალე ნახავს.

„ჩემი ქალიშვილები მოუთმენლად ელიან, როდის ნახავენ გათავისუფლებულ დედას,“ - განაცხადა მასიჰმა.

CNN კი წერს, რომ ასია ბიბის ადვოკატს პაკისტანიდან გაქცევა მოუხდა, რადგან მისი ლიკვიდაციის საფრთხე არსებობდა. საიფულ მალუქი ევროპაში გაემგზავრა.

ქრისტიანი ქალი 2009 წელს დააკავეს. მისმა ბრალდებამ კი მსოფლიოს დიდი ნაწილი გააოგნა - ასია ბიბი მუსულმან ქალებთან ერთად მინდორში მუშაობდა. მას ჭიდან წყლის მოტანა სთხოვეს. ვიდრე ჭასთან ნაპოვნ ძველ მეტალის ჭიქას სხვებს გადააწოდებდა, ბიბიმ წყალი ჯერ თავად მოსვა. ასიას მეზობელმა, მუსარატმა, რომელიც ქრისტიანი ქალის ოჯახთან დაპირისპირებული იყო, დაინახა, როგორ დალია წყალი ბიბიმ და გაღიზიანებულმა უთხრა, რომ აკრძალული იყო ქრისტიანებისთვის დალევა იმავე ჭურჭლიდან, საიდანაც მუსულმანები სვამენ, მას სხვა ქალებიც დაეთანხმნენ.

როგორც ასია ბიბი იხსენებს, მუსარატმა ქრისტიანობისა და იესო ქრისტეს შეურაცხყოფა დაიწყო და მას მოსთხოვა, მუსულმანობა მიეღო.

„მე მჯერა ჩემი რელიგიის და იესო ქრისტესი, რომელიც ჯვარზე გარდაიცვალა ადამიანების ცოდვების გამო. მსგავსი რამ გაუკეთებია თქვენს წინასწარმეტყველს? იქნებ მე კი არ უნდა მივიღო ისლამი, თქვენ მიიღოთ ქრისტიანობა?“ - უპასუხა მათ ბიბიმ.

ინციდენტიდან რამდენიმე დღის შემდეგ მუსარატმა სხვა მეზობლებთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ასიას და ღმერთის გმობაში დაადანაშაულა. ადგილობრივმა იმამმა ბიბის მოუწოდა, რომ ან ისლამი მიეღო, ანდა - სასიკვდილო განაჩენისთვის მომზადებულიყო. ქალმა უპასუხა, რომ საკუთარი რელიგიის უარყოფას არ აპირებდა, თუმცა არც სასჯელს იმსახურებდა, რადგან უდანაშაულო იყო.

ასია ბიბი დააკავეს და 2010 წელს სიკვდილი მიუსაჯეს, ქალი განაჩენის სისრულეში მოყვანას 8 წელი ელოდებოდა. 31 ოქტომბერს კი ბრალდება მოეხსნა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე