ავტორი:

"კაცი ოჯახის წევრს თავშესაფარში ეძებდა და გარდაცვლილი ნახა... მასთან ერთად ვტიროდი" - რას ყვება ქართველი სტუდენტი კალიფორნიის ხანძარზე

"კაცი ოჯახის წევრს თავშესაფარში ეძებდა და გარდაცვლილი ნახა... მასთან ერთად ვტიროდი" - რას ყვება ქართველი სტუდენტი კალიფორნიის ხანძარზე

ძლიერი ხანძარი, რომელიც კალიფორნიაში 8 ნოემბრიდან მძვინვარებს, შტატის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკია. ხანძარმა ქალაქი პერედაისი (Paradise - სამოთხე) ჯოჯოხეთს დაამსგავსა, ათასობით საცხოვრებელი სახლი და შენობა განადგურებულია, იწვის ტყე. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 44 ადამიანი იმსხვერპლა, 200-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.

პერედაისი კალიფორნიის დედაქალაქ საკრამენტოდან 100 მილშია და ჩიკოს უნივერსიტეტთან ახლოს მდებარეობს. თამარ (თათა) გურევიჩი ამ უნივერსიტეტის ერთადერთი ქართველი სტუდენტია, რომელიც ჩიკოს უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს. როგორც შევიტყვეთ, არის დეკანის სიაში, სადაც მხოლოდ წარმატებული სტუდენტები ხვდებიან.

წარმოშობით ქართველი გოგონა ამ ტრაგედიის თვითმხილველია და ხანძრისგან დაზარალებული ადამიანების ერთ-ერთი დამხმარეც - როდესაც ცეცხლი გაჩნდა, თათა აქტიურად ჩაერთო დაზარალებულების დახმარების პროცესში.

AMBEBI.GE-ს მკითხველს თათა გურევიჩი თავად უამბობს უმძიმესი დღეების შესახებ:

"იმ დილით, 6:30-ზე გამეღვიძა და 7-ზე უკვე უნივერსიტეტში ვიყავი. შორი მანძილიდანაც კი მოჩანდა ხანძარი, თავდაპირველად ისიც კი ვიფიქრე, რომ ძალიან ნათელი მზე იყო, შემდეგ თანდათან ყველაფერი გაშავდა... ლექციაზე მისვლიდან 15 წუთში, უნივერსიტეტის ტერიტორია კვამლით დაიფარა და რამდენიმე საათში ქალაქი შავმა კვამლმა მოიცვა. სოციალური ქსელიდან ვიგებდი და ვხედავდი, როგორ ტოვებდა მოსახლეობა ხანძრის კერას, ულამაზეს ქალაქს - პერედაისს. ეს ქალაქი ჩიკოს უნივერსიტეტიდან 15 წუთის სავალზეა.

სასწრაფოდ გამოცხადდა უნივერსიტეტის და კამპუსის ევაკუაცია, ავიღეთ საჭირო ნივთები და დროულად გამოვედით ქალაქიდან. დავბრუნდი მშობლებთან. შემდეგ უნივერსიტეტიდან მეილი მივიღე, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს დახმარებას გვთხოვდნენ, წითელ ჯვართან ერთად თავშესაფარში დაზარალებულებს დავხმარებოდით. მომავალი მედიკოსი ვარ და ჩემს მოვალეობად ვთვლი, გაჭირვების ჟამს ადამიანები არ მივატოვო. ამიტომ მშობლებთან ერთად, გადაწყვეტილება მივიღე და დავბრუნდი დაზარალებულების დასახმარებლად ჩიკოში.

ეს იყო გზა ჯოჯოხეთისკენ! წითელი ცა, კვამლი, ცარიელი ქუჩები... ერთ დროს სიცოცხლით სავსე ქალაქი, მოჩვენებების ქალაქად გადაიქცა. დაბინძურებული ჰაერის გამო სუნთქვა ჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სარისკო იყო ჩემი იმ ადგილას დაბრუნება, თბილ საწოლში წოლა და ამ ყველაფერის შორიდან ყურება არ შემეძლო. მე, ისევე როგორც თითოეული ჩემ გვერდით მყოფი ადამიანი, დაზარალებულებს ვჭირდებით. ჩიკო ჩემი მეორე სახლია. ამიტომ როცა იქ დავბრუნდი, ჩემს სახლში მივედი, ჩავიცვი ფორმა და იმ თავშესაფარში წავედი, სადაც წითელმა ჯვარმა გამანაწილა, ჩემი სახლის ახლოს მდებარე ეკლესიაში (იქ არის ერთ-ერთი თავშესაფარი).

ძალიან მძიმეა იმის ყურება, თუ როგორ დაკარგეს ადამიანებმა წლობით შექმნილი, ქუჩაში დარჩნენ. იყო მომენტი, როდესაც გადარჩენილებთან საუბრისას, მინდოდა მეტირა, მაგრამ საბედნიეროდ შევძელი ჩემი ემოციის მართვა. თუმცა ძნელია, დაამშვიდო ადამიანი, რომელმაც ისიც კი არ იცის, მისი ოჯახიდან გადარჩა თუ არა ვინმე, დაკარგა სახლი, ქალაქი, სადაც დაიბადა, გაიზარდა და რომელთანაც უამრავი მოგონება აკავშირებს, მხოლოდ რუკაზე დარჩა!

იყო ერთი შემთხვევა, როდესაც მამაკაცი ოჯახის წევრს ჩვენს თავშესაფარში ეძებდა და სამწუხაროდ, გარდაცვლილი ნახა. აქ მართლა გამიჭირდა ემოციის მართვა, გადავეხვიე და მასთან ერთად ვიტირე. დაზარალებულების დასახმარებლად სოციალური მედია ძალიან დამეხმარა. "ფეისბუკსა" და "ინსტაგრამზე" დავდე განცხადება და დაზარალებულებისთვის რამდენიმე საათში 2 700 დოლარი შეგროვდა, რითაც შევიძინე პირველადი დახმარების ნივთები. ყველა ცდილობს დახმარებას, სადაზღვევო კომპანიები, წითელი ჯვარი, ჩვეულებრივი რიგითი ამერიკელები და რაც მთავარია, ახალგაზრდობა" - გვიყვება ჩიკოს უნივერსიტეტის ერთადერთი ქართველი სტუდენტი.

თამარ გურევიჩი 3 წლის ასაკში მშობლებთან ერთად საქართველოდან აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. მიაჩნია, რომ იქაურებს, რომლებსაც ეს ტრაგედია უშუალოდ შეეხოთ, იარების მოსაშუშებლად დიდი დრო დასჭირდებათ. თათა ჩვენთან საუბარს ასე ასრულებს:

"მინდა მჯეროდეს, რომ იმედი არ კვდება. ხალხიც ნელ-ნელა გონს მოვა, შოკური მდგომარეობაც გაივლის, მაგრამ პატარა ქალაქი პარადაისი აღარ არსებობს. ვწუხვარ, იმ მოხუცების გამო, რომელთაც ასაკი არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ცხოვრება თავიდან დაიწყონ. ჩვენ, ახალგაზრდები თავიდან ავაშენებთ და ერთად დავდგებით ფეხზე..."

ფოტო: Eric Thayer, Reuters, GEtty Images

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე