ავტორი:

"პუტინი ახლა საქმეს ქორწილში ცეკვითაც ვერ გამოასწორებს..." - რუსეთი კიდევ ერთ მოკავშირეს კარგავს

"პუტინი ახლა საქმეს ქორწილში ცეკვითაც ვერ გამოასწორებს..." - რუსეთი კიდევ ერთ მოკავშირეს კარგავს

"რუსეთი მოკავშირეებს კარგავს" - ამ სათაურით აქვეყნებს Новая газета სტატიას ავსტრიასა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვის შესახებ, რომელიც ავსტრიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით შეიარაღებული ძალების ყოფილი პოლკოვნიკის დაკავებამ გამოიწვია. რუსეთის ოფიციალური პირები, რასაკვირველია, ფაქტს ისევ უარყოფენ და შეთქმულების თეორიაზე საუბრობენ.

ავსტრიაში კი აცხადებენ, რომ ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი რუსეთის სასარგებლოდ სადაზვერვო საქმიანობას 20 წლის განმავლობაში ეწეოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პოლკოვნიკი, რომელიც ამჟამად 70 წლისაა, სავარაუდოდ, აგროვებდა ინფორმაციას ავსტრიის სამხედრო-საჰაერო ძალების, საარტილერიო სისტემებისა და მიგრაციული კრიზისის შესახებ. ის ასევე ეჭვმიტანილია ავსტრიელი სამხედრო მაღალჩინოსნებისა და ავსტრიის ლტოლვილთა ბანაკებში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაციის გადაცემაში.

ქვეყნის პროკურატურამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მათი თქმით, ჯაშუშის შესახებ ინფორმაცია "მეგობარი სახელმწიფოსგან" მიიღეს. ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის დაკავებასთან დაკავშირებით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის წარმომადგენელი დაიბარეს. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, დეკემბრის დასაწყისში მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

რუსული მედიის თქმით, დაკავებულის სახელი და გვარი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ ის სამხედრო საქმიდან 5 წლის წინ წავიდა. ადგილობრივი ტელეარხის ORF-ის ცნობით, რუსეთს განსაკუთრებით აინტერესებს ვითარება მიგრანტებთან დაკავშირებით. "რუსეთს ის ასევე მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას ავსტრიელი მაღალჩინოსნების შესახებ. მისი კოდური სახელი იყო "იური", იგი რადიოს საშუალებით იღებდა დავალებებს, რომელსაც თანამგზავრის მეშვეობით გადასცემდა. Kronen Zeitung-ის ცნობით, მან დანაშაული უკვე აღიარა და ადგილობრივ საგამოძიებო უწყებებს ელექტრონული ფოსტის საიდუმლო მიმოწერებიც გადასცა", - წერს გამოცემა.

ავსტრია ამ ფაქტმა იმდენად აღაშფოთა, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობრად მიიჩნეოდა და რომლის ქორწილშიც რუსეთის პრეზიდენტმა მსოფლიო მედიისთვის დაუვიწყარი ცეკვა შეასრულა, მოსკოვში ვიზიტი გადადო. კარინ კნაისლის განცხადებით, "სოჭის დიალოგის" სახელით დაგეგმილი შეხვედრა უვადოდ გადაიდო, რადგან ეს ფაქტი ძალიან გაართულებს ავსტრია-რუსეთის ურთიერთობას".

ჯერჯერობით ავსტრიიდან რუსი დიპლიმატების გაძევების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა რუსული მედია ვარაუდობს, რომ ფაქტების გამოქვეყნების შემდეგ, ეს ნაბიჯი გარდაუვალია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ავსტრიის ქმედებებს "მიკროფონის დიპლომატიას" უწოდებს და ამბობს, რომ მომხდარით "უსიამოვნოდ გაკვირვებულია".

"ეს არ არის პირველი ჯაშუშური სკანდალი, რომელშიც რუსეთი ფიგურირებს. ოქტომბერში ნიდერლანდებიდან ასევე ამ მიზეზით ოთხი რუსი დიპლომატი გამოაძევეს. რომ არაფრი ვთქვათ, სკრიპალების თემაზე, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ საკმაოდ მძიმე შედეგები და რუსეთსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობის კრიზისი მოჰყვა.

უკვე რთულია იმაზე საუბარი, დარჩა თუ არა რუსეთს ევროპაში მოკავშირეები. არადა, სკრიპალების საქმის შემდეგ, ავსტრია ერთ-ერთი ქვეყანა იყო, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა. იქნებ დროა დავფიქრდეთ, რას გვაძლევს ყველა სახელმწიფოში ჯაშუშობა ყველას წინააღმდეგ მარტო დარჩენის სანაცვლოდ?!" - წერს Новая газета.

გამოცემის ცნობით, რუსეთში ვერ ხვდებიან, რომ "ჯაშუშობის მეთოდები დაუძველდათ. ახლა საქმეს ქორწილში პუტინის ცეკვითაც ვერ გამოასწორებენ", რადგან ავსტრია საპასუხო ქმედებებით იმუქრება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე