ავტორი:

აფხაზები ქართველების უძრავ ქონებას ვერ იყოფენ - სისხლიანი გარჩევები ომის შემდეგ მიტოვებული ობიექტებისთვის

აფხაზები ქართველების უძრავ ქონებას ვერ იყოფენ - სისხლიანი გარჩევები ომის შემდეგ მიტოვებული ობიექტებისთვის

წლების შემდეგ, აფხაზები ქართველების უძრავ ქონებას ვერ იყოფენ

ქართულ-აფხაზური ომის დასრულებიდან 25 წლის შემდეგ, ქართველების მიერ დატოვებული უძრავი ქონების გაყოფა-მიტაცებას, არაერთი დაპირისპირება მოჰყვა. ასე გრძელდება დღემდე.

რამდენიმე თვის წინ გაგრაში ორი ობიექტის გადანაწილება, რომლებსაც ომამდე ქართველები ამუშავებდნენ, კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი გახდა. უფრო სწორად, კონფლიქტი წლების წინ იყო დაწყებული და დღემდე გრძელდება.

ძველ გაგრაში, რესტორან "აბატას" მიმდებარედ, ორი ნახევრად დანგრეული შენობა დგას. ერთ-ერთ მათგანში ომამდე სურსათის მაღაზია იყო, მეორეში - რესტორანი. ორივე მათგანს ქართველი უფროსი ჰყავდა, თუმცა იქ აფხაზებიც მუშაობდნენ.

"ომის შემდეგ თითქმის ყველა ასეთ ობიექტს, რომელსაც ქართველები ამუშავებდნენ, ადგილობრივები განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ, თითქოს, მას ქართველები თან წაიღებდნენ", - წერს აფხაზური მედია.

არადა, თავად შენობა გაგრის რაიონის ადმინისტრაციას ეკუთვნოდა. არსებული ვერსიით, ორივე მათგანის შესყიდვას ქართველები აპირებდნენ. თუმცა, მალევე ომი დაიწყო... შემდეგ კი, უპატრონოდ დარჩენილი ქონების მისაკუთრებისთვის ბრძოლა აფხაზებმა დაიწყეს - ომამდე იქ მომუშავე ლესიკ საბუამ და აფხაზეთის ყოფილი ე.წ შს მინისტრის აბესალომ ბეიას ცოლმა, რომელიც ასევე რესტორანში მუშაობდა.

ომის შემდეგ, ლესიკ საბუამ და "ექს-მინისტრის" 36 წლის შვილმა, თემურ ბეიამ ობიექტებისთვის ნამდვილი სამკვდრო-სასიცოცხლო ომი დაიწყეს. ლესიკს მისი შესყიდვა უნდოდა. მსგავსი მცდელობა არ ჰქონია თემურს, რომელსაც მამის ხაზით, მეტი გავლენები ჰქონდა და, როგორც ჩანს, ფორმალური მხარეც არ მიაჩნდა აუცილებლობად.

თავის მხრივ არც საბუა აპირებდა უკან დახევას, რადგან აფხაური მედიის ცნობით, 90-იანი წლების "ომის მონაწილე, ვეტერანია და შშმ პირის სტატუსით სარგებლობს". შესაბამისად, მათ აქვთ ამბიცია, რომ რეგიონში გარკვეული პრივილეგიებით უნდა სარგებლობდნენ.

ერთი სიტყვით, 2018 წლის აპრილში, მამა-შვილმა ბეიებმა შენობების დემონტაჟი დაიწყეს. ლესიკ საბუამ პროცესის შეჩერება ჯერ სიტყვიერი გაფრთხილებით სცადა. რომ არ გაჭრა, ავტომატური იარაღიდან გახსნა ცეცხლი, თუმცა ჰაერში და მამა-შვილი გააფრთხილა, რომ თუ არ შეჩრდებოდნენ, ესროდა. მამა-შვილი შეჩერდა. საბუას წინააღმდეგ კი "სისხლის სამართლის საქმე" აღიძრა და მას სამწლიანი პირობითი მიუსაჯეს.

თუმცა, ყველაფერი ასე არ დასრულებულა... მაისის ბოლოს საბუა და ბეიები ისევ შეეჯახნენ ერთმანეთს. თემურ ბეიამ პისტოლეტით მძიმედ დაჭრა საბუა, რომლის ჯანრმთელობის მდგომარეობა ომის შემდეგ, ისედაც მძიმე იყო. ბეია ადგილიდან მიიმალა და რაც მთავარია, მისი ძებნა არც არავის უცდია.

თავის მხრივ, როგორც ადგილობრივი აფხაზები ამბობენ, ნახევრად დანგრეული შენობები, რომლებიც ომის შემდეგ ადგილორბივებმა გაძარცვეს, დღემდე ბაგგრის რაიონის საკუთრებაში რჩება. თუმცა, ადმინისტრაციის აპარატი ამ ყველაფერს ჩუმად ადევნებს თვალს. რაც ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ბეიებმა ფული გადაუხადეს ან რაღაც გარიგება შედგა.

საბუამ ე.წ. პრეზიდენტს, გენერალურ პროკურატურასა და ყველა შესაბამის ორგანოს მიმართა თხოვნით, დაიცვან მისი უფლებები, თუმცა, ბეიას ძებნა ისევ არ დაწყებულა. არსებული ინფორმაციით, თემურ ბეიამ უკვე დატოვა აფხაზეთი, რასაც "პროკურატურა" უარყოფს. მეტიც, ის არ ჩანს, მაგრამ "სახელმწიფო კომიტეტში", რომელშიც ის მუშაობდა, რჩება და ხელფასიც ერიცხება.

"ასეთი კარგი სახელმწიფოს გვაქვს, გაგრის მუნიციპილიტეტი დუმს, რადგან კორუფცია ყველაფერს მართავს. ბეია, რომელიც პისტოლეტით მოძრაობდა და მისი კარგი საქმეების შესახებ ყველამ იცის, გაუჩინარდა, თუმცა, ხელფასი ერიცხება. როდესაც სახელმწიფო უწყებები არ არსებობს, ადამაინები იარაღით არკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას. აქ კი, იარაღი ყველას აქვს", - წერენ აფხაზები.

"რამდენიმე წლის მომხდარი ამბავი მახსენდება, ქართველის სახლი რომ ვერ გაიყვეს აფხაზებმა და ერთმა, მეორის ჯინაზე, ბომბი ააფეთქა სახლში და ასე დაანგრია სახლი, რომელიც ომს უვნებელი გადაურჩა. დღემდე ისეა, ხეები ამოვიდა, მაგრამ ვერავინ ეკარება. ჩამოვთვალო ყველა სამარცხვინო ფაქტი, რომელიც ქართველების ქონების გარშემო მომხდარა? მარტო ავტოფარეხის ცნობილი ამბავი რად ღირს, რომელიც შემდეგ სომეხმა ვეტერანებმა მიისაკუთრეს და ხმაც ვერ ამოიღო ვერავინ?არადა, გარშემო ამდენი უსახლკარო ბავშვი და მოხუცი გვყავს. 25 წელია პირად ინტერესებს ვწირავთ ყველაფერს. დასაცინები ვართ, აბა რა", - წერენ ადგილობრივ სოციალურ ქსელში.

კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებლის თქმით, "არც საბუაა ანგელოზი - რადგან ვეტერანია, მიაჩნია, რომ ნადავლი ეკუთვნის და გაგრაში ლამის მთელი სახელმწიფო ქონება მიისაკუთრა".

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი