ავტორი:

როგორ აფასებენ ვალების განულების ინიციატივას ექსპერტები

როგორ აფასებენ ვალების განულების ინიციატივას ექსპერტები

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. "შავ სიაში" მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. ინიციატივა პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საუბარია ჯამში მილიარდნახევარი ლარის განულებაზე.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში, პოლიტიკურ სპექტრში და სოციალურ ქსელში სხვადასხვა რეაქციები მოყვა. ინიციატივის მომხრეების მიიჩნევენ, რომ ის ადამიანები, ვისაც წლების განმავლობაში ახრჩობდა ვალები შვებით ამოისუნთქებენ, კრიტიკოსების თქმით კი, მთავრობა არ უნდა იხდიდეს კერძ მოქალაქეების დავალიანებას, რითაც არათანაბარ პირობებში აყენებს პატიოსან გადამხდელ ადამიანებს.

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" აღნიშნულ გადაწყვეტილებას უპრეცედენტოს უწოდებს.

ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი:

"ზოგადად, საბანკო სექტორში სამართლიანი წესების დამკვიდრებაზე საუბარი დიდი ხანია მიდის და ამ თემაზე ჯერ კიდევ მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრობის დროიდან საუბრობს. ეს იდეა ახალი არ არის და კარგია, რომ მისი განხორციელების კონკრეტული თარიღი დასახელდა.

ეს არის სამართლიანი წესების გაგრძელება და უმნიშვნელოვანესი ინიციატივა იმისათვის, რომ მოსახლების დიდ ნაწილი, დაახლოებით 600 ათასი ადამიანი, ვინც პრაქტიკულად ვერ მონაწილეობდა ეკონომიკურ პროცესებში, გააქტიურდნეს და სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ბანკებთან ურთიერთობა. მათი ჩართულობა ეკონომიკურ პროცესში მნიშვნელოვანია.

პირადად ჩემთვის, ეს არის პრობლემის მოგვარების სწორი გზა და ვფიქრობ, რომ მთავრობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტს ნაბიჯებს გადადგამს“, - განაცხადა გვიდიანმა.

საფინანსო ექსპერტი გოგიტა ცუცქირიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ქვეყანა ჭარბვალიანობაის წინაშე დადგა:

"აღნიშნული სამწუხარო რეალობის წინაშე, 2000-იან წლებში წარმოებულმა არასწორმა პოლიტიკამ და საბანკო-საფინანსო სფეროში არსებული რეგულაციების გაუქმებამ მიგვიყვანა. 2003-2012 წლებში წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი იყო როგორც საბანკო და საფინანსო სექტორებში რეგულაციების გაუქმება, ასევე მაღალი დოლარიზაციაც და სავაჭრო ბალანსის სარეკორდო დეფიციტი, რომელიც 2012 წლისათვის 5 მლრდ დოლარს ასცდა და ჩვენი ეკონომიკა დღემდე ვერ ამოსულა ამ კატასტროფული საგარეო მოწყვლადობიდან.

აღნიშნული ეკონომიკური პოლიტიკა ექსპორტის შემცირებით და იმპორტის სარეკორდო ზრდით ხასიათდებოდა, რასაც მართალია თან სდევდა მომსახურების სერვისების განვითარება, მაგრამ სამაგიეროდ, ადგილობრივი წარმოება სულს ღაფავდა.

საბანკო სექტორის, ფინანსური სექტორის მონოპოლისტად ქცევა, ფინანსური სექტორის სხვა მოთამაშეების და საფონდო ბაზრის ჩაძირვა, დღეს ასე პრობლემურად ქცეული "ჭარბვალიანობა" და კრედიტ ინფოს „შავი“ სიაც, არის სწორედ იმ ე.წ. დერეგულირებული ეკონომიკური პოლიტიკის ნეგატიური რეციდივი, რომელიც ასე პრობლემად არის ქცეული და დღემდე სერიოზულ ტვირთად აწევს ქართულ ეკონომიკას.

2007-2009 წლებში შეიცვალა საფონდო ბაზრის კანონმდებლობა და გააუქმდა საბანკო მომსახურებაზე არსებული ზედა პროცენტული ზღვარი, რამაც სათავე დაუდო საფონდო ბაზრის დეგრადაციას და საბანკო მონოპოლიზაციას, რამაც ერთი მხრივ, ეკონომიკაზე იმოქმედა ნეგატიურად და მეორე მხრივ, წარმოქმნა დავალიანება ასი ათასობით მსესხებლის (მოვალეთა რეესტრში 600 ათასამდე ადამიანია რეგისტრირებული) საბანკო და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების (მიკროსაფინანსო და ონლაინ გამსესხებელი ორგანიზაციების) და კერძო იპოთეკარების წინაშე და დღესაც მათი კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების დაკარგვის მაღალ რისკს ატარებს" - განაცხადა ექსპერტმა საბანკო და საფინანსო საკითხებში, გოგიტა ცუცქირიძემ.

მისივე შეფასებით, ძალიან კარგია, რომ ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დაკისრებული ვალების და მასზე დარიცხულ ჯარიმების გადახდას, გაუნულდეთ ეს დავალიანება.

კარგია, რომ ამ დავალიანების გადახდა არ ხდება ბიუჯეტის ხარჯზე და აქ სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც შეიძლება იქნას გამოყენებული. მაგალითად, თუ ეს სახელმწიფოს და საერთაშორისო დონორების მიერ შექმნილი ფონდის ან სპეციალური კერძო ფონდის მიერ განხორციელდება. ამას ახორციელებს "ქართუ ბანკი" და ეს იქნებოდა უპრეცედენტო შემთხვევა საერთაშორისო პრაქტიკისთვისაც კი.

როდესაც ვსაუბრობთ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე, მე მოვუწოდებ ყველას ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. მოგების ის მაღალი მარჟა, რომლითაც ისინი ოპერირებენ, ამის საშუალებას თავისუფლად იძლევა" - განაცხადა გოგიტა ცუცქირიძემ.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის თქმით, ინიციატივა კომერციული გადაწყვეტილებაა.

"ეს არის კომერციული გადაწყვეტილება - საფინანსო სექტორიდან ფონდი "ქართუ" ახდენს პორტფელის შეძენას. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობდა და ბანკების უმრავლესობასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. ახლა მიმდინარეობს მუშაობა, რომ ამ ოპერაციაში ყველა ბანკის ჩართვა სრულად მოხდეს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყეტილება, ვინაიდან იგი ეხება საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანების საკრედიტო ვალდებულებიდან გათავისუფლებას, რაც გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა სისტემური რისკი ყოფილიყო.

აქედან გამომდინარე, ისეთი მნიშვნელოვანი იყო დიდი რაოდენობის პრობლემური ვალებიდან გათავისუფლება, რომ საკმაოდ კარგი გადაწყვეტილებაა. ეს სუფთად კომერციული ნაბიჯი იყო - ბანკებმა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა და ონლაინ-სესხების გამცემმა კომპანიებმა რეალიზაცია გაუკეთეს საკრედიტო პორტფელს, გაყიდეს სესხები ფონდ "ქართუზე".

ზოგადად, ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები იდგმება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საბანკო სექტორი სესხს ყიდის ფონდ "ქართუზე", - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

საკითხთან დაკავშირებით კეთდება პოლიტიკური შეფასებებიც, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინიციატივა მასში წინააღმდეგობრივ განცდებს იწვევს.

"ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით გამოთქმულ ინიციატივასთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი განცდები მიჩნდება. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მორალური უფლება, რომ ამ ინიციატივის ავტორს და დამფინანსებელს მადლობა არ გადავუხადოთ ამის გამო. რაც შეეხება ეკონომიკურ და პოლიტიკურ ლოგიკას, აქ, რა თქმა უნდა, სევდიანი განცდები ჩნდება. ეკონომიკური ლოგიკით ამ ტიპის ნაბიჯები მხოლოდ დამაზიანებელია, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, ვინაიდან საზოგადოებაში გარკვეულ უპასუხისმგებლობის განცდას აჩენს და სტიმულს აძლევს ახალი "შავი სიების" ფორმირების პროცესს", - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, ხუხაშვილის თქმით, ფონდ „ქართუს“ ქვეყანაში მრავალი წლის განმავლობაში გაკეთებული აქვს ძალიან ბევრი კარგი საქმე.

"სამწუხაროდ, ამჯერად ყველაფერი დაუკავშირდა პოლიტიკურ კონიუნქტურას და ამან, გარკვეულწილად, გააუფასურა ფონდის ტრადიციული საქმიანობა. ეს გულდასაწყვეტია. როდესაც ქველმოქმედება პოლიტიკის ნაწილი ხდება, ეს საზოგადოებაში ჯანსაღ განცდას არ ტოვებს და ამახინჯებს საზოგადოებრივ ცნობიერებას, უპასუხისმგებლობის შეგრძნებას იწვევს. ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ შეუძლიათ აკრიფონ ახალი ვალები.

არ გამოვრიცხავ, რომ ეს ვალები იგივე 600 000-მა ადამიანმა აიღოს, ვინაიდან მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ძალიან მალე ახალ, არანაკლებ მასშტაბურ "შავ სიას" მივიღებთ", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

არჩევნების წინ ამ საკითხის წამოწევით, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს ხედავს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო". ორგანიზაციის წარმომადგენელის, ლევან ნატროშვილის შეფასებით, საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს:

"ცალსახად, წინასაარჩევნო ინიციატივაა, ვინაიდან ეს ინიციატივა არც ბიუჯეტში ყოფილა ჩადებული, რომელიც პარლამენტს ოქტომბერში წარედგინა და არც აქამდე ყოფილა საუბარი კონკრეტულ რიცხვებზე, რომ ვიღაცას რაღაც ჩამოეწერებოდა.

შესაბამისად, საარჩევნო მოტივები გასაგებია, თან ბევრ ადამიანზე, 600 000-ზე მეტ პირზეა საუბარი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საარჩევნო მოტივებს. ამ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ მოხდება ამ დავალიანების დაფარვა. ის, რომ ამისთვის ბიუჯეტის თანხა იქნას გამოყენებული, ამის ალბათობა არსებობს.

სოლიდურ თანხებზეა საუბარი და ეს ფული საიდან უნდა მოიტანონ, უბრალოდ, გაუგებარია. აქედან გამომდინარე, თუ ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება, სხვა წყაროებიდან უნდა მოხდეს ამის დაფინანსება, ან გამოდის, რომ უბრალოდ, ბანკებს უნდა წაართვან ეს ფული.

თუ სხვა წყაროებიდან მოხდება დაფინანსება, საუბარი იყო „ბანკ ქართუზე“ და ა.შ. ეს უკვე ამომრჩევლის მოსყიდვის აშკარა ნიშნებს შეიცავს. როდესაც კერძო პირი საკუთარი თანხებით ამხელა თანხებს ხარჯავს 600 000 ადამიანის გულის მოსაგებად, აშკარად ამ ადამიანს საარჩევნო მოტივაცია გაჩნია, თან არის პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი - მიზანი არის ნათელი, რომ ამ შემთხვევაში, არჩევნების მოგებისთვისაა ეს მიმართული" - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები