ავტორი:

გველის თუ არა "რევოლუცია" მეორე ტურის შემდეგ?

გველის თუ არა "რევოლუცია" მეორე ტურის შემდეგ?

ხელისუფლების წარმომადგენლები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში რევოლუციას თუ არა, სულ მცირე დესტაბილიზაციას ელიან. არეულობის მოლოდინში მმართველი ძალა სხვადასხვა ტრიბუნიდან სულ უფრო აქტიურად საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში რევოლუციურ სცენარებს განვითარება არ ექნება.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს პირველი არჩევნები არ არის, რომლის შემდეგაც ხელისუფლება ოპოზიციის დაგეგმილ არეულობას აანონებს. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მსგავსი შიშები 2014 წლიდან დღემდე ჩატარებული ყველა არჩევნების წინ არსებობდა. თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლების შიშებს თავად ოპოზიციური ძალის ლიდერების განცხადებები და პოლიტტექნოლოგ ვიტალი შკლიაროვის არჩევნებისადმი მიძღვნილი ბლოგიც კვებავს.

რუსი ბლოგერი და პიარტექნოლოგი ბლოგში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს აჯამებს და ამბობს, რომ ძალიან ცოტას სჯეროდა, რომ ოპოზიციური კანდიდატი პირველ ტურში ხმების თითქმის იმავე რაოდენობას დააგროვებდა, რამდენსაც მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი.

"არის შანსი, რომ დეკემბერში საქართველოში არსებული ვითარება რადიკალურად შეიცვალოს. არის შანსი, რომ მოხდება არა მორიგი "ვარდების რევოლუცია" ან ხელისუფლების ცვლა, არამედ მშვიდობიანი და ნამდვილი დემოკრატიული ცვლილებების "რევოლუცია". რევოლუცია, სადაც ქვედა ფენას, ისევე როგორც ზედა ფენას უკვე არ სურთ და აღარც შეუძლიათ ძველებურად ცხოვრება.

VIDEO: 2 სცენარი, რომლითაც ვაშაძემ და "ნაციონალებმა" შესაძლოა, არჩევნების შემდეგ იმოქმედონ

რევოლუცია, რომელშიც არ იქნებიან დამარცხებულები. საქართველო გახდება კიდევ უფრო ძლიერი დემოკრატიული ახალი ტიპისა და ახალი თაობის "ქვეყანა-სახელმწიფო", თანამედროვე მსოფლიოში კი - ეს განვითარებისა და მისი ყველა მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესების ერთადერთი გზაა" - ნათქვამია შკლიაროვის ბლოგში.

მოსალოდნელ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით საკუთარ ვარაუდებს, სწორედ ამ წყაროებით ამყარებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

"ეს იკვეთება ყველაფრიდან, ეს იკვეთება კონკრეტულად "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების და მათი რუსი პიარ ტექნოლოგების ფრაზებიდან. პირდაპირ საუბრობდა მაგალითად, რუსი შკლიაროვი იმაზე, რომ მზადდება რევოლუცია, ასევე საუბრობდა სააკაშვილი, რომ თუ ხელისუფლებას სურს რევოლუცია, ის მიიღებს რევოლუციას. პირდაპირ საუბრობენ ნაცმოძრაობის ლიდერები იმაზე, რომ მათ აქვთ დაგეგმილი რევოლუციური სცენარი, თუმცა ვიცით რომ მათ ჰქონდათ ასეთი სცენარები 2016 წელს, სხვა დროსაც, თუმცა ისინი ბუნებრივია საქართველოში დესტაბილიზაციას და რევოლუციას ვერ ეღირსებიან" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან საუბრისას.

მმართველი ძალა მუქარის შემცველ კონტექსტს ხედავს პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მიერ გამოცემა "დოიჩე ველესთვის" მიცემულ ინტერვიუში გაჟღერებულ ფრაზებშიც:

"ვერავინ ვერ შეძლებს ჩემს შეკავებას, რომ პოლიტიკურ პროცესებს ვუხელმძღვანელო. მსურს შევხედო ნებისმიერ ხელისუფლებას, როცა მე მოვუწოდებ 50 ან 100 000 თანამემამულეს ქუჩებში გამოსვლისა და ჩემს პროტესტთან შეერთებისკენ. ვინ დაუდგება ამას წინ? უბრალოდ წარმოიდგინეთ რა სახის დემონსტრაცია იქნება ეს. ამიტომ ე.წ ქართული ოცნება მართალია, როდესაც აწარმოებს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ამ პოსტისთვის, თუმცა ისინი ამ ბრძოლაში უკვე დამარცხდნენ" - განაცხადა ვაშაძემ "დოიჩე ველესთვის" მიცემულ ინტერვიუში.

თავად ოპოზიცის წარმომადგენლები რაიმე სახის დესტაბილიზაციურ სცენარს გამორიცხავენ. ნაწილი, ხელისუფლების ბრალდებებს ბოდვას უწოდებს და ამბობს, რომ "ოცნებამ" ამომრჩევლის დაშინება ამ გზით უკვე არაერთხელ სცადა. თუმცა, ოპოზიციური ძალის ნაწილი ამბობს, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს მშვიდობიანი პროტესტი.

"ხელისუფლება ყოველი არჩევნების წინ გვიანონსებს რაღაც გადატრიალებას. ჯერ იყო ჭიკაიძის საბურავების გადატრიალება, შემდეგ იყო "რუსთავი 2"-ის ეზოში როგორ იგეგმებოდა გადატრიალება და ა.შ. ამიტომ ამ ბოდვაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ისინი ცდილობენ ამომრჩევლის დაშინებას ამ ბოდვით, უკვე მერამდენედ" - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთო კახიძემ AMBEBI.GE-სთან საუბარში და განმარტა, რომ მშვიდობიანი პროტესტი არის პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და, რომ ამაში არაფერი რევოლუციური და დესტაბილიზაციის შემცველი არ არის.

იმას, რასაც ხელისუფლება დესტაბილიზაციას უწოდებს, არასტაბილურობის სახელით მოიხსენიებს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც პოლიტიკურად ცხელ 2019 წელს აანონსებს. თუმცა ამბობს, რომ ვითარება დუღილის ტემპერატურას არ მიაღწევს და მოვლენების განვითარების რევოლუციურ სცენარს გამორიცხავს.

"თუ "ნაციონალური მოძრაობა" საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ამ შემთხვევაში იქნება არასტაბილურობის ინიცირების ფაქტები, იქნება რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა, რაღაც ეტაპზე სავარაუდოდ სააკაშვილიც გამოჩნდება არენაზე და უფრო აქტიურად და ინტენსიურად იმოქმედებს. ხელისუფლება იქნება მუდმივი რყევისა და ტურბულენციის პირობებში...

არასტაბილურობაში ვგულისხმობ იმას, რომ მუდმივი პოლიტიკური პრესინგი იქნება. ასეთი დინამიკა გაგრძელდება და ხელისუფლებას მუდმივი პრესინგის პირობებში მოუწევს მუშაობა. ეს ცუდი სულაც არ არის - იმიტომ რომ სხვანაირად ხელისუფლებამ ვერ მოახერხა გამოფხიზლება და სისტემურ პრობლემებზე სისტემური პასუხის გაცემა. ასე კი, ხელისუფლება შესაძლოა იძულებული გახდეს, იმოქმედოს სახელმწიფო პრობლემების გადაწყვეტის კუთხით" - აღნიშნა ხუხაშვილმა.

იმაში, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებს, დარწმუნებულია კიდევ ერთი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

"თუ არჩევნებს ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მოიგებს, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ პირველ ეტაპზე შეეცდება არ გაამწვავოს სიტუაცია, რადგან ეს არ იქნება კარგად აღქმული დასავლეთის თვალში, რომლის მხარდაჭერაც ასე ძალიან სჭირდებათ. ჩვეულებრივად მოხდება მისი აღიარება გამარჯვებულად.

როდესაც დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს, მის ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიციური ძალები დაიწყებენ პოლიტიკური ტემპერატურის აწევას, დაიწყებს იმ დაპირებების შესრულებას, რა დაპირებებიც გასცა და რაზეც ძალიან ღიად ილაპარაკა "დოიჩე ველესთან" - რომ მოხდება საზოგადოების მობილიზება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით" - აღნიშნავს ანჯაფარიძე.

ექსპერტი თვლის, რომ პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში 700 ათასი ხმის მოპოვება შეძლო, არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ინიცირებისთვის საჭირო 200 ათასი ხმის მობილიზება გაუჭირდება.

საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის დამარცხების შემთხვევაში ექსპერტები საპროტესტო ტალღას ელიან, თუმცა ამბობენ, რომ ამჟამად საზოგადოებაში რევოლუციური მუხტი არ არსებობს და მოქალაქეები ამ სცენარის განხორციელებაში ოპოზიციურ ძალებს არ აყვებიან.

თუმცა, როგორც ხუხაშვილმა და ანჯაფარიძემ AMBEBI.GE-სთან საუბარში განაცხადეს, მოვლენების ნებისმიერი განვითარება კონკრეტულად არჩევნების დღეზე იქნება დამოკიდებული და იმაზე, თუ რა დასკვნას დადებენ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები პროცესის დემოკრატიულობასთან დაკავშირებით.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები