წლების შემდეგ ბერლინის პროკურატურამ ავსტრიაში მდებარე მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში ათასობით ადამიანის დახოცვაში ბრალდებული მამაკაცი დამნაშავედ სცნო. იგი ბერლინის მკვიდრი 95 წლის ჰანსია, რომლის გვარსაც ადგილობრივი მედია არ ასაჯაროებს.
bbc.com-ის ცნობით, მოქმედი კანონმდებლობით, მათ ბრალდებულის ვინაობის დასახლების უფლება არ აქვთ. გასამართლებულის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ "ესესელის" ოფიცერი იყო და 1944 წლის შუა პერიოდიდან 1945 წლის დასაწყისამდე მაუთჰაუზენში მსახურობდა.
ბერლინის პროკურატურის ოფიციალური განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰანსი ტყვეების მასობრივ ხოცვაში მონაწილეობდა. ის სიკვდილმისჯილთა ბანაკში მსახურობდა, სადაც იმ ტყვეების სიებს აკონტროლებდა, რომელთაც განაჩენი "მესამე რაიხმა" გამოუტანა და მათ დახვრეტაშიც მონაწილეობდა.
არსებული მონაცემებით, ბრალდებულის მხრიდან რაიმე სახის კომენტარი და აღიარებითი ჩვენება არ მოიპოვება. ადგილობრივი მედია პროკურატურას დაგვიანებული მოქმედებისთვის აკრიტიკებს.
ცნობილია, რომ ის ევროპის ტერიტორიაზე არსებული ერთ–ერთი ყველაზე დიდი საკონცენტრაციო ბანაკი მაუთჰაუზენი იყო, რომელიც ზემო ავსტრიაში, ქალაქ ლინციდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. იქ მყოფი 190 ათასი ტყვედან უმეტესობა დაიღუპა. ბერლინის პროკურატურის ცნობით, ჰანსს 36 223 ადამიანის სიკვდილში მიუძღვის ბრალი.
ბანაკი უამრავ შენობას აერთიანებდა, რომლებიც განლაგებული იყო მთელი ავსტრიის ტერიტორიაზე, სამხრეთ გერმანიამდე. მაუთჰაუზენის ბანაკი ყველაზე დაუნდობელი პირობებით გამოირჩეოდა. იქ ტყვეები სამი კლასით კლასიფიცირდებოდნენ. ძირითადად, ტყვედ რაიხის ყველაზე დიდ პოლიტიკურ მტრებს გზავნიდნენ.
მაუთჰაუზენის ბანაკს "ძვლის მსხვრეველსაც" ეძახდნენ, რადგან იქ ტყვეებს, ჰიტლერის ინიციატივით წამოწყებულ მშენებლობაზე, არაადიამურ პირობებში ამუშაობდნენ. იქ გამწესებული პატიმრები შიმშილით, სიცივითა და სასიკვდილო ინფექციებით იღუპებოდნენ... ასევე შეჰყავდათ გაზის კამერაში ან უბრალოდ, ხვრეტდნენ...
ბანაკი გრანიტის კარიერის ზღვარზე მდებარეობდა და პატიმრებს უზარმაზარი ლოდების ზიდვა 186 საფეხურის ავლით უწევდათ. მოგვანებით ამ გზას "სიკვდილის კიბე" უწოდეს, რადგან უმძიმესი პირობებისგან ძალაგამოცლილი ტყვეები ხშირად ქვებთან ერთად გორდებოდნენ შუა კიბიდან და ქვევიდან მიმავალ ტყვეებსაც თან იყოლებდნენ, რაც მათ მასობრივ "ჯაჭვურ დაღუპვას" იწვევდა.
ბერლინის პროკურატურა ირწმუნება, რომ მსჯავრდებულმა იცის ყველა მეთოდის შესახებ, რომლითაც საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეებს ხოცავდნენ. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს კითხვები იმის გარშემო, ის პირადად იღებდა ამაში მონაწილეობას თუ უბრალოდ, ფაქტების შემსწრე იყო.
უფრო ადრე ბერლინის პროკურატურამ კიდევ ერთი "ესესელი" გაასამართლა. 94 წლის ბრალდებული წარსულში ოსვენციმის აუშვიც-ბირკენაუსის საკონცენტრაციო ბანაკის ზედამხედველი იყო. მასთან ერთად გაიხსნა ყოფილი ნაცისტების ოსკარ გრეინინგისა და რაინჰოლდ ჰანინგის საქმეც, რომლებსაც ასევე ოსვენციმის ბანაკის ტყვეების მასობრივი დახოცვაში სდებდნენ ბრალს, თუმცა ისინი პატიმრობის ვადის დაწყებამდე გარდაიცვალნენ...