ავტორი:

თაკო ჩარკვიანს და მის ქმარს თავს დაესხნენ - კადრები ქუთაისის აეროპორტიდან

თაკო ჩარკვიანს და მის ქმარს თავს დაესხნენ - კადრები ქუთაისის აეროპორტიდან

ქუთაისის აეროპორტში პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს ჯონი გიგანს თავს დაესხნენ. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, მათ ფიზიკურად ხუთკაციანი დაჯგუფება გაუსწორდა.

ჩარკვიანის განცხადებით, მათზე ძალადობა პოლიციის თანდასწრებით მოხდა, თუმცა სამართალდამცველებმა ისინი არ დაიცვეს და მათ მხოლოდ აეროპორტში მყოფი ქალბატონები დაეხმარნენ.

იხილეთ ვიდეო

„ეს იყო ჩვეულებრივი ცემა–ტყეპა, ოთხი ადამიანი თავს დაესხა ერთ ადამიანს, ისინი არ იყვნენ ფხიზელ მდგომარეობაში. ხუთკაციანი დაჯგუფებიდან მხოლოდ ერთი ცდილობდა ადამიანობა შეენარჩუნებინა და ცემაში არ მონაწილეობდა. ორი პოლიციელი იდგა იქ და არც ერთი პოლიციელი არ გაინძრა, ჩვენ ახლა ვაპირებთ ამოვიღოთ ვიდეო კადრები, მერე რომ არ თქვან, ჩანაწერები არ ყოფილაო" - განაცხადა მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან საუბრისას.

ჩარკვიანის განცხადებით, მოძალადეებმა მათ განუცხადეს, რომ მათ პოლიტიკური პოზიციის გამო გაუსწორდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, თაკო ჩარკვიანსა და მის თანმხლებ პირზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო 3 პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მყოფ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს სავარაუდოდ, პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხნენ. თავდამსხმელებისგან ერთ-ერთმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

პოლიციამ აეროპორტში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო, რის შედეგადაც ოპერატიულად მოხდა ოთხივე თავდამსხმელის იდენტიფიცირება და დაკავება.

საპატრულო პოლიციამ მომხდარზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ასევე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო