ავტორი:

"მეკო შემთხვევის დროს ფხიზელი იყო" - მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატი ავარიის საქმის ახალ დეტალებზე

"მეკო შემთხვევის დროს ფხიზელი იყო" - მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატი ავარიის საქმის ახალ დეტალებზე

მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატის თქმით, 2016 წლის ივნისში მომხდარი ტრაგიკული ავარიის დროს, მორაგბე ნასვამი არ ყოფილა. ამის შესახებ ნუკრი კვინიკაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნამ.

"ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მერაბი ნასვამი რომ არ იყო, უდავოდ სცნო, როგორც ბრალდების მხარემ, ასევე დაცვის მხარემ. ეს დაადასტურა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნამ. მეკო შემთხვევის დროს, ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ასევე გამოიკვეთა, რომ მისი მხრიდან სიჩქარის გადაჭარბებას ადგილი არ ჰქონია" - განაცხადა კვინიკაძემ.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ბრალდების მხარე საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას ასრულებს და აღნიშნულ საქმეზე განაჩენიც უახლოეს დღეებში დადგება.

"გასულ სხდომაზე დაიკითხა ორი ექსპერტი, ისინი ბრალდების მხარის მოწმეები იყვნენ და დაადასტურეს, რომ მეკოს შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და ავტოსაგზაო შემთხვევა მეკოს ბრალეულობით არ მომხდარა. ამ საქმეში სულ 7 ექსპერტი მონაწილეობდა, რომელთაგან 2 დაკითხულია, 5 ექსპერტი კი, 3 დეკემბრის სხდომაზე დაიკითხება. ამის შემდეგ დასკვნით სიტყვებზე გადავალთ და უახლოეს პერიოდში განაჩენი გამოცხადდება“, - აცხადებს კვინიკაძე.

მისი განმატებით, მერაბ კვირიკაშვილს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. "მეკო მოლოდინშია, რომ საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდება და მის მიმართ გამოტანილი იქნება გამამართლებელი განაჩენი. მეკოს ჯერ არ მიუცია ჩვენება და აუცილებლად მისცემს", - აცხადებს ადვოკატი.

მორიგი სასამართლო სხდომა ქუთაისში, 3 დეკემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს, „იქს 5“ და „ჰონდას“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად, დაიღუპა მორაგბე მეკო კვირიკაშვილის მეუღლე, ანანო ბუაძე, „ჰონდას“ მგზავრები, გიორგი პაპასკირი, ნუცა კალანდია და ანი ჩხაიძე. მძიმედ დაშავდნენ, თავად მეკო კვირიკაშვილი, ასევე მორაგბე გიორგი ლომინაძე და ნუცა გუნცაძე.

მომხდართან დაკავშირებით, მერაბ კვირიკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით აქვს წარდგენილი.

გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, მერაბ კვირიკაშვილს სასჯელის სახით 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს