ავტორი:

სპეცოპერაცია თბილისში - დაკავებულია პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური

სპეცოპერაცია თბილისში - დაკავებულია პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური

პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს. სპეცოპერაცია ამაშუკელის ქუჩაზე წუხელ ჩატარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გოგოჭურთან ერთად აყვანილია კიდევ ერთი პირი.

„შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობაა“, - განაცხადეს შსს-ში.

ამაშუკელის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა, სადაც პრეზიდენტის სიძე დააკავეს, მინდია გოგოჭურს ნაქირავები ჰქონდა.

როგორც ჟურნალისტებს ბინის მეპატრონემ განუცხადა, მისი საცხოვრებელი ბინა ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა დაახლოებით ერთი თვის წინ იქირავა.

ნახეთ ვიდეო: პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური ისევ დააკავეს - შსს სპეცოპერაციის ამსახველ კადრებს ავრცელებს

„არაფერი საეჭვო წყვილს არ ეტყობოდა“, - განაცხადა ბინის მეპატრონემ. ამასთან, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები რამდენიმე პირის ინფორმაციით, გოგოჭურს ბინაში იარაღი ჰქონდა, რომელიც პოლიციის გამოჩენისას ბინიდან გადაყარა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ სპეცოპერაციის დროს, გოგოჭურმა და მასთან ერთად დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა, პოლიციის გამოჩენისას საცხოვრებელი ბინიდან იარაღი გადაყარეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინელობის ფაქტებზე, 1989 წელს დაბადებული მ.გ. და 1994 წელს დაბადებული, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი გ.რ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაყვანილ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი დროებითი მოთავსების იზოლატორში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს