ავტორი:

აფხაზეთი კვლავ სირიელი ლტოლვილების მოლოდინშია - "ერთმანეთის ხოცვა არ შეგვიწყვეტია და ახლა სირიელები დავიხმაროთ..."

აფხაზეთი კვლავ სირიელი ლტოლვილების მოლოდინშია - "ერთმანეთის ხოცვა არ შეგვიწყვეტია და ახლა სირიელები დავიხმაროთ..."

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა რუსულ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ აფხაზეთში დაახლოებით 700-800 სირიელი ლტოლვილი მიიღეს და ახლა მათი ადაპტაციის გზებზე მსჯელობენ.

"700-800 ადამიანის დაბინავება დაწყებულია... სირიელი ახალგაზრდების ნაწილი, ვინც ახლა აფხაზეთში ცხოვრობს, სწავლობს კიდეც. სხვები სხვადასხვა სფეროში დასაქმდნენ. ზოგი თვითდასაქმებულია, ზოგი მიწათმოქმედებით დაკავდა. ისინი ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრირებულები არიან" - ამბობს ხაჯიმბა.

ე.წ. პრეზიდენტის ria.ru-სთვის მიცემულმა ინტერვიუმ ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. მათი თქმით, მოსახლეობის თანხმობის გარეშე მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება არც უნდა ხდებოდეს.

"რომ არაფერი ვთქვათ სწავლასა და დასაქმებაზე, სადაც ჩვენი პრეზიდენტი ძალიან ამაზრზენად იტყუება და თვალში ნაცარს გვაყრის, არცერთ უწყებაში სირიელის დასაქმების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, რადგან მათ არც აფხაზური იციან და არც რუსული, შესაბამისად, სამსახური თავზე საყრელადაც რომ იყოს, ვერ დაასაქმებდნენ. მიწაზე მუშაობის მცდელობა შესაძლოა ჰქონდათ, თუმცა ჩვენი მენტალობის, კულტურისა და ცხოვრების წესის განსხვავებულობიდან გამომდინარე, ასე ადვილად ვერც ამ საქმეს გაართმევდნენ თავს. საინტერესოა, სად და როდის ნახა პრეზიდენტმა ხაჯიმბამ სირიელი ლტოლვილი მანდარინს კრეფდეს ან სიმინდი მოეყვანოს?..."- ამბობს ადგილობრივი ლამრა ვოუბა.

სხვების თქმით, რამდენიმე ათეული სირიელი "რუსმა და აფხაზმა ხელმძღვანელობამ პიარისთვის მართლაც ჩამოიყვანეს, თუმცა ენის ბარიერისა და წინაპირობების არქონის გამო, აფხაზეთში ცხოვრების გაგრძელება ვერ შეძლეს და რამდენიმე თვეში უკან წავიდნენ... ისეთი შემთხვევაც კი იყო, რომ ომგამოვლილმა სირიელმა მიღებული სტრესის შემდეგ, აფხაზეთის უმძიმესი რეალობა ვერ გადალახა და თავი მოიკლა," – წერენ აფხაზები.

ზაფხულში, როდესაც ეს თემა ძალიან აქტუალური იყო, ekhokavkaza.com-თან საუბარში, ე.წ. რეპატრიაციის მინისტრი ბესლან დბარი აცხადებდა, რომ მათ წინაპრების გზა უნდა გააგრძელონ და მუჰაჯირები აფხაზეთში უნდა დააბრუნონ, რათა "ქვეყანა" გაძლიერდეს, როგორც ეკონომიურად, ასევე უსაფრთხოების კუთხით. მათი ჩასახლება გალისა და ფსოუს მხარეს იგეგმებოდა, თუმცა ე.წ. აფხაზეთის პარლამენტის მიერ დიდი აჟიოტაჟით მიღებული გადაწყვეტილება, თანხების უქონლობის გამო ჩავარდა..

დბარი აცხადებდა, რომ სამი თვის განმავლობაში, აფხაზეთში ჩამოსვლის მსურველი 155 ადამიანი დარეგისტრირდა და მათი უმეტესობა იორდანიელი იყო.

"ისინი ქალაქ ამანიდან იყვნენ და ამბობდნენ, რომ ჩვენი დახმარების შემთხვევაში, თავად აიშენებდნენ სახლებს, რაც ძირითადად, დაცლილ რაიონებსა და სოფლებში მოხდებოდა. ეს კი ჩვენ საშუალებას მოგვცემდა ლტოლვილები კომპაქტურად ჩაგვესახლებინა, რაც მათთვისაც მისაღები იქნებოდა," – აცხადებდა დბარი.

ადგილობრივები ამბობდნენ, რომ მათი სირიელებთან ინტეგრაცია რადიკალურად განსხვავებული მენტალობის გამო ვერასდროს მოხდებოდა.

"გასაგებია, რომ მშვიდობიანი მოსახლეობაა, მაგრამ ევროპაში, დალაგებულ ქვეყანაში "ავერბოვკებენ" მათ, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოება უპირველესია, აქ კი თითო ოჯახში ლამის ერთი პატარა სახელმწიფოს საკმარისი იარაღის არსენალია და ვინმე გააკონტროლებს, ხვალ და ზეგ რა მოხდება? 90-იანი წლების შემდეგ ერთმანეთის ხოცვა არ შეგვიწყვეტია და ახლა სირიელები დავიხმაროთ," – წერს ვანდა ინალ-იფა.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, ოჩამჩირეში, ე.წ. მე-6 რაიონში ორი "სექციური სახლია", ერთ-ერთი მათგანი 20 ბინიანია, მეორე კი, გაცილებით დიდი, 78-იანი. რაიონული ადმინიტრაცია მზად არის ის შენობები "სამინისტროს" ბალანსზე გადაიყვანოს.

"ასევე, ოჩამჩირის სოფელ აჩგუარაში, არის საშუალება 5 ათასი ადამიანი ჩაასახლონ. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, იქ სკოლებისა და ბაღების მშენებლობა დაწყებულია და მისი დასრულების შემთხვევაში, 170 ბავშვი სასკოლო განათლებასაც მიიღებს. იქვე არსებულ შენობებში კი 100 ოჯახის ჩასახლებაც შეიძლება... ასეთი კომპაქტური საცხოვრებლები მათ, ინტეგრაციას გაადვილებს", - წერდა გამოცემა.

მთავარი ფოტო: ria.ru

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი