ავტორი:

"ჯობია ერთხელ ვიფეთქოთ, ვიდრე ასე გვხოცავდნენ" - ბოლო ოც წელში რუსმა სამხედროებმა სომხეთში 11 ადგილობრივი მოკლეს

"ჯობია ერთხელ ვიფეთქოთ, ვიდრე ასე გვხოცავდნენ" - ბოლო ოც წელში რუსმა სამხედროებმა სომხეთში 11 ადგილობრივი მოკლეს

სომხეთში 57 წლის ადგილობრივი ქალის, ჯულიეტა გუკასიანის მკვლელობის ფაქტმა ანტირუსული განწყობები გაამწვავა. გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზის მახლობლად მომუშავე მეეზოვე ქალი, სასტიკად ნაცემი იპოვეს. როგორც “რადიო თავისუფლების” ადგილობრივ სამსახურთან მოკლულის შვილმა განაცხადა, გუკასიანი სასტიკად ნაცემი, დასიებული და დასისხლიანებული იყო...

“როდესაც დედამ სატელოფონო ზარებს არ უპასუხა, მის საძებნელად წავედი. ის გიუმრის ბაზასთან ახლოს, “სლობოდკას” რაიონში მუშაობდა... გზაში მილიცია შემხვდა და მითხრა, რომ დედაჩემს სცემეს... ისეთი ნაცემი იყო, საკუთარ თავს არ ჰგავდა... როდესაც ექიმებმა მითხრეს, რომ დედა გონზე მოვიდა, მისი ნახვა მოვინდომე, მაგრამ გამომძიებლებმა უფლება არ მომცეს, - არ შეიძლებაო... არადა მას შეეძლო თუნდაც რამდენიმე სიტყვით აეხსნა, თუ რა მოხდა" - აცხადებს ანაიტ გუკასიანი.

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ ქალის მოკვლაში ეჭვმიტანილი რუსი სამხედრო დაკავებულია, Интерфакс-თან საუბარში სომხეთში რუსეთის საელჩო აცხადებს, რომ მომხდარში გიუმრის ბაზაზე მომსახურე რუსი სამხედრო არ არის ეჭვმიტანილი და ადგილობრივი მედიის ის ნაწილი, რომელიც “გარე ძალების მიერ არის დაფინანსებული, დეზინფორმაციას შეგნებულად ავრცელებს...”

მოკლული ჯულიეტა გუკასიანი

სომხეთის გენერალური პროკურატურა თავს იკავებს იმაზე კომენტარისგან, სად გაასამართლებენ რუს სამხედროს... მოკლული ქალის ოჯახი საქმის სამართლიან გამოძიებას ითხოვს. ადგილობრივი საზოგადოება, მედია და უფლებადამცველები კი ამბობენ, რომ ეს ქვეყანაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულების ჩამონათვალში, არც პირველია და არც უკანასკნელი იქნება - 1999 წლიდან გიუმრის ბაზის რუსმა სამხედრობმა უკვე 11 ადგილობრივი იმსხვერპლეს და არცერთი დამნაშავე სომხეთში არ გასამართლებულა.

Кавказский Узел-ს ცნობით, სომხეთში, ქალაქ გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზა მოსკოვსა და ერევანს შორის 1995 წლის საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზეა დისლოცირებული და ვადა 2010 წელს 2049 წლამდე გაუგრძელდა.

რუსი ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვი, რომელმაც 2015 წელს ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის შვიდი წევრი დახოცა

სომეხი უფლებადამცველების ცნობით, ბოლო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა უფრო არ დაიძაბოს. ორგანიზაცია “ჟურნალისტები ადამიანების უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ჟანა ალექსანიანი აცხადებს, რომ “თუკი ამას ხალხი ხმამაღლა გააპროტესტებს და არეულობა დაიწყება, ეს სომხეთის ხელისუფლების კი არა, რუსეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული”.

კიდევ ერთი უფლებადამცველის არტურ საკუნცის თქმით, რუსეთსა და სომხეთს არსებული შეთანხმების თანახმად, ასეთი ფაქტები სომხურმა მხარემ უნდა გამოიძიოს. მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლება გიუმრის სამხედრო ბაზაზე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით რეაგირებას არ ახდენს. რუსეთი ასევე არ აქცევს ყურადღებას იმას, რომ სომეხი ჯარისკაცები მზად არიან სხვაგან იმსახურონ მასთან, სომხეთის ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს რუსი სამხედროების კონტროლის მექანიზმი, რათა მსგავსი პრობლემები თავიდან ავიცილოთ. ვიდრე ეს არ მოხდება, მსგავსი ინციდენტები არ დასრულდება... “

ადგილობრივი მედიის ცნობით, გიუმრის მოსახლეობა რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობას სულ უფრო მწვავედ აპროტესტებს და ეს ტალღა ასე ადვილად არ ჩაცხრება... სლობოდკას რაიონის მცხოვრები არმენ მელკონიანი ამბობს, რომ რუსი სამხედროების მხრიდან ინცინდენტები ხშირია.

“რუსი სამხედროების ხშირად ჩხუბობენ, როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან, ასევე ერთმანეთში. შარშან წლის დასაწყისში იქ რუსეთის სამხედრო პოლიცია ამოქმედდა, რასაც პირველი თვეებში გარკვეული სიმშვიდე მოჰყვა, თუმცა, შემდეგ ვითარება ისევ მალევე გაუარესდა. ბაზა ქალაქის ცენტრიდან 10-15 წუთის სავალზეა და შესაბამისად, ქალაქის კაფე-ბარებსა და რესოტრნებში მათ ყოველდღიურად ვხედავთ. უმეტესწილად ნასვამები არიან და არც ჩხუბს ერიდებიან", - ამბობს გიუმრელი სომეხი.

სხვების თქმით, ადგილობრივები ცდილობენ რუს სამხედროებს მოერიდონ, თუმცა ეს ყოველთვის ვერ ხერხდება. ამ ყველაფრის პასუხად რუსეთის საელჩო და ხელისუფლება დუმს.

ასეთი განწყობების პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ირწმუნება, რომ ერევანი და მოსკოვი მუშაობენ დოკუმენტზე, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის სამხედროების ყოფნას კრძალავს. “ეს დოკუმენტი იქნება გარანტი, რომ სომხეთში უცხოელი სამხედროები ვერ იდგებიან..." - აცხადებს სერგეი ლავროვი Комсомо́льская пра́вда-ს რადიოგამოცემასთან, სადაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც საუბრობს.

“საქმე ის არის, რომ რუსეთი გრძნობს საფრთხეს, რომ სომხეთი მისგან დისტანცირებას აპირებს და პოზიციების დათმობას არ აპირებს. გასათვალისწინებელია ის, რომ პუტინს ჯერ კიდევ ბევრი კადრი და მხარდამჭერი ჰყავს სომხეთში, რომელთაც ჰგონიათ, რომ მის გარეშე, აზერბაიჯანი, ირანი ან თურქეთი ჩაყლაპავს... რა გასაკვირია, საქართველოს როგორც საგარეო, ასევე საშინაო კუთხით ბევრად უკეთესი პოზიცია უჭირავს, თუმცა, რუსეთის მომხრეები იქაც საკმაოდ ბევრია... ” - წერს ადგილობრივი მიხაილ გევორქიანი სოციალურ ქსელში.

“ბოლო დროს ცოტა გამოფხიზლება იგრძნობა, მაგრამ მაინც ცოტაა რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ. არადა, ახლა, ფაშინიანის გუნდის საშუალებით გვაქვს ცვლილებების შანსი და ეს თუ დავკარგეთ, კიდევ რამდენიმე ათეული წელი ამ ჭაობში ყოფნა მოგვიწევს...” - წერს სოციალურ ქსელში ელიზავეტა გრიგორიანი.

“ჩვენს მომავალ თაობაზე მაინც ვიზრუნოთ, იქნებ მათ მაინც შეძლონ კორუფციიდან ამოსვლა. რამდენი ადამიანი უნდა დაგვიხოცონ, რომ ხმა ამოვიღოთ? სტრატეგიული მოკავშირეები ხართო და დამნაშავე რუსეთში მიჰყავთ, ანუ სახელწიფო არ გაქვთო, გვეუბნებიან... ჯობია ერთხელ იფეთქოს, ვიდრე ასე გვხოცავდნენ”, - წერს სუსანა ვართანიანი.

“სომხები შესაძლებლობას არ უშვებენ, ასეთი შემთხვევები ანტირუსული განწყობებისთვის არ გამოიყენონ, თუმცა, იგივე სომხეთში ახლახანს ამნისტიით გამოუშვეს ადამიანი, რომელმაც რუსეთში თავისი “კამაზით” 18 მოქალაქე მოკლა - რუსეთს ეს გადაწყვეტილება არ გაუპროტესტებია... შევახსენებდი სომხებს, რომ რუსეთის მოქალაქეებიც ადამიანები არიან და მათაც პატივისცემით უნდა მოეპყრან...” - წერს რუსი ინტერნეტმომხმარებელი Кавказский Узел-ის სტატიის კომენტარში.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი