აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯიმ მეტისი თანამდებობას ტოვებს. როგორც დონალდ ტრამპმა “ტვიტერზე” დაწერა, თებერვლის ბოლოს მეტისი გადადგება. თეთრი სახლის ლიდერმა არ დაასახელა მეტისის შემცვლელი, თუმცა, აღნიშნა, რომ ამ თანამდებობაზე სხვა მალევე დაინიშნება.
აღსანიშნავია, რომ მეტისის გადადგომა ტრამპის გადაწყვეტილებას მოჰყვა სირიიდან ამერიკული შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ. როგორც თავად ჯიმ მეტისმა განაცხადა, მისი მოსაზრებაა, რომ მოკავშირეებს პატივისცემით უნდა მოეპყრო და ამერიკული ძალაუფლების ყველა ხერხი უნდა გამოიყენო საერთო თავდაცვის უზრუნველყოფისთვის.
„ვინაიდან თქვენ გაქვთ უფლება გყავდეთ ისეთი თავდაცვის მდივანი, ვისი მოსაზრებებიც უკეთ ესადაგება თქვენსას ამ და სხვა საკითხებზე, მიმაჩნია, რომ მართებული იქნება თუ გადავდგები“, - განაცხადა მეტისმა.
ჯიმ მეტისი თავდაცვის მდივნის პოსტს 2017 წლის იანვრიდან იკავებს.