ავტორი:

2019 წელს 1 კვ.მ-ის  ღირებულება 80-120 დოლარით მოიმატებს - რას შეცვლის ბინების ბაზარზე ახალი რეგულაციები?

2019 წელს 1 კვ.მ-ის  ღირებულება 80-120 დოლარით მოიმატებს - რას შეცვლის ბინების ბაზარზე ახალი რეგულაციები?

მომავალი წლიდან დეველოპერები თბილისში უძრავ ქონებაზე ფასების ზრდას პროგნოზირებენ. სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 2019 წელს ერთი კვადრატულის ღირებულება, საშუალოდ, 80-120 დოლარით მოიმატებს. ფასების ზრდის მიზეზი კი ის რეგულაციებია, რომლებიც სექტორში 2017 წლიდან ამოქმედდა და ამავე პერიოდიდან გაცემულ ყველა სამშენებლო ნებართვაზე გავრცელდა. ახალი რეგულაციებით, მენაშენეებს სახანძრო უსაფრთხოების დაცვა დაევალათ, რამაც მათი ხარჯი და შესაბამისად, პროდუქტის თვითღირებულება გაზარდა.

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი და კომპანია არსის ფინანსური მენეჯერი, თორნიკე აბულაძე აცხადებს, რომ ბოლო ხანებში თბილისში სამშენებლო ნებართვების გაცემა შემცირებულია. მისივე განმარტებით, მზარდი მოთხოვნის ფონზე ეს გარემოება, ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზიზი იქნება. აბულაძე ამბობს, რომ ახალაშენებული ბინების კვადრატული მეტრის ღირებულების მატებას მომხმარებლები უკვე მომავალი წლის პირველი კვარტლიდან იგრძნობენ.

"რაგულაციები, რა თქმა უნდა, მოქმდებს ფასზე. დღეს ბაზარზე ასე თუ ისე არის 2017 წლამდე გაცემული ნებართვით აშენებული ბინები. მაგრამ ეს მარაგი ამოიწურება, უმრავლესობა კი ახალი დადგენილების მიხედვით, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვით იქნება აშენებული, შესაბამისად, ფასების ზრდის კიდევ ერთი მიზეზიც ეს იქნება. თუმცა, აქვე აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ აღნიშნული სტანდარტები ადრე თუ გვიან დარგში აუცილებლად უნდა დანერგილიყო. ვფიქრობ, გრძელვადიან პერსპექტივაში ხარისხის კომპონენტი აიწევს და გაცილებით უკეთეს შედეგს მივიღებთ", - აცხადებს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

რეგულაციების გავლენაზე საუბრობენ სამშენებლო კომპანია "მეგობრობაშიც". როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას განაცხადა, კომპანიების მხრიდან მასალებზე გაწეული დანახარჯი გაიზარდა. ახალი რეგულაციების დაკმაყოფილებამ კი მშენებლობის ღირებულება ერთ კვადრაულ მეტრზე 90 დოლარით გაზარდა.

"სექტორის რეგულირებას მივესალმებით, თუმცა მიგვაჩნია, რომ აღნიშნული წესები ყველა სამშენებლო კომპანიას უნდა ეხებოდეს. მათ შორის მათაც, რომლებსაც პროექტზე ნებართვა 2017 წლამდე აქვთ აღებული და მშენებლობა ჯერ კიდევ არ დაუწყიათ. რადგან მათ, ვისაც ახალი რეგულაციებით უწევთ მუშაობა, რეალურად დიდ კონკურენციას უწევენ ისინი, რომლებსაც პროექტები რეგულაციების ამოქმედებამდე აქვთ აღებული", - განაცხადა სალომე სარიშვილმა.

მისივე განმარტებით, სამშენებლო ბაზარსა და მომხმარებლების მსყიდველთუნარიანობაზე საბანკო რეგულაციების ამოქმედებაც უარყოფითად აისახება.

"იმ შემთხვევაში თუ ბანკმა სესხი არ დაამტკიცა, ჩვენც შესაბამისად, ბინას ვერ გავყიდით - ასეთ შემთხვევაში შიდა განვადების ხანგრძლივობა უნდა გავზარდოთ, რაც დაგვაზარალებს", - განმარტა სარიშვილმა.

„ჯორჯიან დეველოპლენტ გრუპის“ დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე კი ამბობს, რომ ისტორიულ უბნებში ბინის ფასები რეგულციების გარეშეც გაიზრდებოდა. ამის მიზეზად დეველოპერი მზარდ მოთხოვნას და ნაკლებ მიწოდებას ასახელებს.

„რეგუილაციებიც რომ არა, ისტორიულ უბნებში ფასები მაინც აიწევდა რადგან მიწოდება მოთხოვნაზე გაცილებით ნაკლებია. რაც შეეხება რეგულაციების გავლენას ფასზე, რა თქმა უნდა, მომავალი წლიდან უფრო თვალშისაცემი იქნება. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ყველა მაღალსართულიან კორპუსს სჭირდება მეორე, ე.წ სახანძრო კიბე. ეს ბიზნესისთვის ორმაგი ხარჯია და ამავდროულად იწვევს სარეალიზაციო ფართის შემცირებას. სხვადასხვა პროექტში ფასის ზრდა განსხვავებულია. გააჩნია, სად ხდება მშენებლობა. დღეს ზედმეტი, ჭარბი მიწოდებაა გარეუბნებში. ისტორიულ ზონებში კი ბინების სერიოზული დეფიციტია. ვფიქრობ, ფასების ზრდა გარეუბნებში მიმდინარე მშენებლობებსაც მოუწევთ, თუმცა მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე, შედარებით ნაკლებად. ისტორიულ უბნებში, მაგალითად ჩვენს პროექტებში ფასები ისედაც საკმაოდ მაღალია და 2000 დოლარიდან იწყება. თვითღირებულების ზრდის გამო, დღეს არსებული ფასების შენარჩუნებას ვერ შევძლებთ", - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის 41-ე დადგენილება, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, შენობის უსაფრთხოების დაცვისთვის გარკვეულ მოთხოვნებს აწესებს. მაგალითად, მშენებლობისას გათვალისწინებული უნდა იყოს გასასვლელების სათანადოდ დაპროექტება, ხანძრისა თუ სხვა საფრთხეებისგან დაცვა, კიბეებისა თუ ლიფტების შესაბამისი წესებით მოწყობა და სხვა.

ამასთან, 2019 წლის 15 იანვრიდან „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ ამოქმედდება. დოკუმენტით გაწერილია ის მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებაც სამშენებლო პროდუქტების იმპორტიორებს მოუწევთ.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო