ავტორი:

გოგონა, რომელიც 2018 წელს ერთი ფრაზით გახდა პოპულარული - როგორ არის "როგორ ხართ?!"

გოგონა, რომელიც 2018 წელს ერთი ფრაზით გახდა პოპულარული - როგორ არის "როგორ ხართ?!"

ეს არის გოგონა, რომელიც 2018 წელს, თავისი ცნობილი ვიდეოთი - "როგორ ხართ?" ზუსტად 5 წუთში გახდა პოპულარული... ეს იყო ვიდეო, რომელიც ვირუსულად გავრცელდა და მთელი ინტერნეტი მოიცვა. შემდეგ კი ყველამ აიტაცა მისი ფრაზა - "როგორ ხაართ?"

იმისთვის, რომ მსახიობი მარი არღუთაშვილი უფრო ახლოს გაგაცნოთ, ან მოგიყვეთ რა მოუტანა ამ პოპულარობამ და რა სამომავლო გეგმები აქვს - მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

ნახეთ ვიდეო: რა შეიცვალა ახალგაზრდა მსახიობის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც ფრაზით - "როგორ ხართ?!" გაიცანით

- მარი, გადავავლოთ თვალი გასულ წელს და იმ ამბავს, რაც შენს ცხოვრებაში 2018 წელს მოხდა...

- თითქოს ვერც ვაფასებ, ის აჟიოტაჟი, რაც იყო და რაც გამოვიარე. არადა, არაერთხელ ვთქვი, რომ სრულიად შემთხვევით მოხვდა ვიდეო სოციალურ ქსელში. მაგრამ მგონი, ამ ყველაფერმა უკვე გადაიარა, ვფიქრობდი, უფრო ადრე გადაივლიდა, მაგრამ აჟიოტაჟი დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ველოდი.

- ვიდეოს რომ იღებდი მაშინ მსგავს რამეს თუ წარმოიდგენდი?

- არა, რას ამბობთ?.. ამ ყველაფერმა მომიტანა ის, რომ ჩემი მისამართით ბევრი პოზიტივი წამოვიდა და დღემდე მოდის. საინტერესო, საყვარელი, კარგი ადამიანები გავიცანი, რომლებიც უბრალოდ ჩემი პერსონით დაინტერესდნენ, შედგა გარკვეული ურთიერთობებიც. ამ ყველაფერს დადებითი მხარე ჰქონდა. უარყოფითიც იყო, მაგრამ არც მაშინ მიმიქცევია ამისთვის ყურადღება და არც ახლა.

- და რა იყო უარყოფითი და უსიამოვნო?

- არ მიყვარს ფამილარული დამოკიდებულება, მაგრამ ამ ვიდეოს შემდეგ ამას ხშირად წავაწყდი. მაგალითად, უეცრად მოდის ვიღაც და მეუბნება: "უი, შენ ის არ ხარ"? ამას რა უშავს, გამოხატვის ფორმებია ზოგჯერ უხეში, უცნაური: შორიდან რომ გამოიქცევა, დაგეჯახება და ამ ფრაზას ასე გეუბნება. ამიტომ ვამბობ, რომ ცოტა უხერხული სიტუაციები შეიქმნა, რასაც იუმორით ვუდგები. ყოფილა ასეთიც, თეატრში პრემიერაზე მაყურებლის ამპლუაში, დარბაზში ვმჯდარვარ და პირდაპირ დარბაზში, სპექტაკლის მსვლელობისას დაუყვირიათ...

- რა იყო ეს ყველაფერი შენთვის?

- დედას გეფიცებით, თუ ვიცოდე... კიდევ ვერ ვარქმევ სახელს, კიდევ ვერ გადავახარისხე და დავალაგე, რა მოხდა...

- გარდა იმისა, რომ საინტერესო ადამიანები გაიცანი, კიდევ რა მოგიტანა პოპულარობამ?

- არაფერი, თუმცა ვიღაცებს მოლოდინი ჰქონდათ, - უი, შენ ამას გამოიყენებ და საქმეში წარმატება გექნებაო. მე ამის მოლოდინი არ მქონია, რადგანაც ასე ჰაერზე არაფერი ხდება, ეს ამბავი მართლა ჰაერზე მოვიდა. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ზედმეტიც კი იყო, რითაც ცოტა დავკომპლექსდი.

- რატომ? შენ ხომ მსახიობი ხარ?

- კი, მაგრამ მსახიობის ამპლუით ხომ არ გამიცნეს?! ამ რაღაცით, რასაც, როგორც გითხარით, სახელს ვერც ვარქმევ. შემდეგ იყო შოუებიდან შემოთავაზებები და იმავე თემაზე ნომრების, სკეტჩების გადაღება უნდოდათ, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. თან, ოდესმე ხომ უნდა დამთავრებულიყო ის ყველაფერი. ყველას ისევ ამ მიმართულებით შოუს გაკეთება უნდოდა. ამიტომ, გულწრფელად ვურჩევდი, რომ ეს არ იქნებოდა მათთვის მომგებიანი და იაფფასიანი შოუ გამოვიდოდა, რაშიც მონაწილეობა არ მინდოდა.

მარი ამბობს, რომ მსახიობობა ბავშვობიდან, ბაღის ასაკიდან უნდოდა და 14 წლიდან გორის ერისთავის სახელობის თეატრის სტუდიაში მივიდა, სადაც მასობრივ სცენებში თამაშობდა. შემდეგ იყო თეატრალური უნივერსიტეტი, რეჟისორ სანდრო მრევლიშვილის ჯგუფი. მერე ბატონ სანდროსთან თეატრშიც დარჩა და ახლა "რუსთაველის 19"-ისა და გორის ერისთავის სახელობის თეატრის მსახიობია.

"გორის თეატრი პირველი პროფესიული თეატრია, რომელიც გიორგი ერისთავმა ჩამოაყალიბა - დიდი ისტორიის მქონე კულტურული სივრცეა. ამ თეატრში 2002 წლიდან ვარ, უკვე 16 წელი გავიდა. წელი ისე არ გაივლის, 9 პრემიერა არ გაიმართოს. სამხატვრო ხელმძღვანელია ახალგაზრდა რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი. თეატრს საკმაოდ კარგი მაყურებელი ჰყავს, ისეთები, რომლებიც მხოლოდ გორის თეატრს არ იცნობენ, სპექტაკლების სანახავად დედაქალაქის თეატრებს სტუმრობენ - გემოვნებიანი მაყურებელია. საერთოდ პროფესიული შეხება არ აქვთ ჩვენს საქმესთან, მაგრამ სპექტაკლის მშვენიერ გარჩევას დადებენ" - გვეუბნება მარი არღუთაშვილი, რომელსაც ყველანაირი ჟანრის სპექტაკლში უთამაშია, თუმცა სიამოვნებით ითამაშებდა მიუზიკლში, ამაზე ოცნებობს.

მსახიობი დასძენს, რომ მისი სურვილია, მიაღწიოს თავისუფლებას და ამისთვის მთელი ცხოვრება ისწრაფვის, თუმცა ჯერ არ იცის, როდის გამოუვა ეს. ხოლო ადამიანებს, ვინც ის ერთ მშვენიერ დღეს, შემთხვევით გაიცნო, ახალი წლის დღეებში სიკეთეს უსურვებს: "სიკეთის კეთების სურვილი მინდა, ყველა ადამიანს ჰქონდეს. ვინც მუდმივად სიკეთეს ემსახურება, მიხვდება, რამხელა დადებითი ემოციით ივსება. ასევე ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, რადგანაც ჩვენს ცხოვრებაში ეს ხშირად დეფიციტია და ამ კუთხით არც ისე კარგი მდგომარეობა გვაქვს... ბევრი პოზიტივი, სიხარული, სიყვარული და კეთილი სურვილები მინდა, ვუსურვო ყველას"

როგორ გამოიყურება კერძო სახლი ბათუმში, რომელიც 10 მლნ ლარამდე ღირს - ნახეთ ფოტოები

5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით

ბადრი ვადაჭკორიას ულამაზესი ფოტოები დენდროლოგიური პარკიდან, რომელიც 15 ივლისიდან იხსნება