ავტორი:

"გადარჩენის შანსი მცირე იყო, ექიმების დახმარებით გამოვძვერი..." - გაიცანით "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის 16 წლის აღმოჩენა

"გადარჩენის შანსი მცირე იყო, ექიმების დახმარებით გამოვძვერი..." - გაიცანით "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის 16 წლის აღმოჩენა

"გუშინ გავედი ქუჩაში და ადამიანებისგან დიდი სითბო, სიყვარული ვიგრძენი!" - გვეუბნება 16 წლის მარიამ ჟორდანია, რომელიც კმაყოფილია ოჯახით, სადაც დაიბადა და ცხოვრობს, მეგობრებით და სკოლით, სადაც სწავლობს. მარიამს უყვარს სიმღერა და სამომავლოდაც აპირებს ამ სფეროს გაჰყვეს. ის მაყურებელმა ჯერ კიდევ 13 წლისა "X ფაქტორის" საშუალებით გაიცნო, თუმცა ამჟამად მუსიკალურ პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტია, რომლის გამარჯვებულიც "ევროვიზიაზე" გაემგზავრება.

პროექტში მისმა გამოჩენამ ჟიურის წევრებსა და წამყვანებში სასიამოვნო განწყობა შეიტანა, როდესაც ნიჭიერი, ფერადი და ხალისიანი გოგონა იხილეს თავისი ცოტათი დრამატული ისტორიით. თუმცა, მან შეძლო სირთულეების დაძლევა და დღეს უკვე დასახული მიზნების მისაღწევად მზადაა იბრძოლოს. კიდევ ერთი დეტალი - მარიამი ძალიან ჰგავს 2018 წლის "ევროვიზიის" გამარჯვებულ მომღერალს, ისრაელელ Netta-ს.

- ვსწავლობ 52-ე სკოლაში, მეთერთმეტეკლასელი ვარ, ძალიან მაგარი კლასი მყავს. მასწავლებლებიც გვერდში მიდგანან, მაგ მხრივ ძალიან გამიმართლა და ეს ყველაფერი ძალიან მახარებს. სწავლის პარალელურად, გრიმის კეთება და ბოდიარტი ვისწავლე. ვიზაჟის ინსტიტუტში (ქრისტინა რეჯინის სასწავლებელი) პროფესიული განათლება მივიღე. უამრავი რამ მასწავლეს, მომცეს სერტიფიკატი და გავხდი სერტიფიცირებული გრიმიორი.

თუმცა, მინდა, როგორც მომღერალს ისე მიცნობდნენ და არა გრიმიორს და ბოდიარტისტს. უბრალოდ, ეს არის ის საქმიანობა, რომელშიც ვმშვიდდები და რაღაცნაირად ჩემი ჰობია. მთელი ცხოვრება, ბავშვობიდანვე რისი კეთებაც მინდა, ეს არის სიმღერა. ამიტომ, მზად ვარ, მუსიკისთვის უკანასკნელი ენერგიაც კი გავცე. ეს ჩემი უდიდესი ოცნებაა. ბერკლის სასწავლებელში ჩასაბარებლად ვემზადები, რაც 2 წელიწადში მომიწევს. ფორტეპიანოზეც შევედი და ნელ-ნელა ვიხვეწები. მაქსიმალურად ვცდილობ, მოვემზადო ამ ყველაფრისთვის. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც იტყვის, იურისტი-მომღერალი, ან ექიმი-მომღერალი ვარ-მეთქი. თუ ამ სფეროში ვიქნები, ბოლომდე უნდა ვიყო!" - გვეუბნება გოგონა, რომელშიც სიმღერის ნიჭი პირველად ბებიამ აღმოაჩინა.

"10 წლისა სტუდია "სახეში" შემიყვანეს. ეს დათო ფორჩხიძისა და დათო ხუჯაძის სტუდიაა, სადაც ჩემი ვოკალის მასწავლებელი ხათუნა ლეჟავაა. 6 წელია, ხათუნასთან დავდივარ, რომელიც ჩემი დედობილივით არის. ვოკალს პროფესიონალურად ვსწავლობ.

"X ფაქტორმა" ცხოვრება რადიკალურად შეცვალა - უდიდესი გამოცდილება მივიღე. პირველად გამოვედი მასშტაბურ სცენაზე, რამაც ყველანაირი კომპლექსი და დაძაბულობა მომიხსნა. დღეს უკვე სადაც უნდა დამაყენონ, ყველგან ვიმღერებ, არანაირი კომპლექსი არ მაქვს... თან, ხალხს რომ ვახსოვარ, მსიამოვნებს, მადლიერი ვარ იმ პერიოდის, მიუხედავად იმისა, რომ 4 სკამის ტურიდან წამოვედი. მიმაჩნია, რომ მაინც გამარჯვებული წამოვედი, მნიშვნელოვანია, რომ იქიდან გამოცდილება და ხალხის სიყვარული წამოვიღე," - ამბობს 16 წლის კონკურსანტი.

- რამ გამოიწვია ის, რომ შენი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ იდგა?

- რაღაც ეტაპზე ხმაზე პრობლემა დამეწყო, ჩემი ვოკალის პედაგოგმა ექიმთან მისვლა მირჩია, აღმოჩნდა, რომ საოპერაციო მქონდა გლანდები. ოპერაციის დროს ინფექცია შეიჭრა და ჰერპესული ჩუტყვავილა დამემართა, რომელიც მთელ ორგანიზმსა და კანზე გავრცელდა და 6 თვე საავადმყოფოებში გავატარე. დაავადება თავის ტვინში ადიოდა და ნეკროზი ვითარდებოდა, საბედნიეროდ, ამ სიტუაციიდან ექიმების დახმარებით გამოვძვერი. ძალიან რთული პროცესი იყო, გადარჩენის შანსი დაბალი იყო.

- და ბოდიარტით დაინტერესება ამას მოჰყვა? საინტერესოა, იქამდე თუ ხატავდი?

- კი, ავადმყოფობამ გამოიწვია, თუმცა მანამდე არ მიხატია. როგორც ყველა ბავშვი, მეც ისე ვხატავდი. უბრალოდ, ავად რომ ვიყავი, გამონაყარის დაფარვის მიზნით, მაკიაჟის კეთება დავიწყე. ინტერნეტით ვიდეოებსაც ვუყურებდი და როცა ამან უკვე სერიოზული ფორმა მიიღო, ჯერ გრიმით და შემდეგ უკვე ბოდიარტით დავიწყე, შთაგონება ასე მომივიდა. ოღონდ, არანაირი საღებავი, ფანქარი არ მქონდა და ხატვა კოსმეტიკური საშუალებებით დავიწყე. ნამუშევრები რეალისტური გამოდიოდა. დღემდე მსიამოვნებს კოსმეტიკით ხატვა. რაც შეეხება გრიმს და ბოდიარტს, ამას უფრო სერიოზულ დონეზე ვაკეთებ.

- მარიამ, დიდ სითბოს ასხივებ...

- ყოველთვის ასე არ იყო, უფრო პატარას კომპლექსები მაწუხებდა, შებოჭილი ბავშვი ვიყავი, მაგრამ როცა მივხვდი, რომ ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება სამყაროს მიმართ არაფერს იწვევდა, მერე უკვე საკუთარ თავში ძიება დავიწყე და მივხვდი - როგორც შენ გეყვარება საკუთარი თავი, ასე ეყვარები ყველას და ეს პოზიციაა, რომ დღეს მაბედნიერებს. უპირველესად ყველანი ადამიანები ვართ, გული, სული გვაქვს და შემდეგ არის ჩვენი სხეული, რომელიც ჩვენზე არაფერს ლაპარაკობს, რადგანაც ის არ არის ჩვენი არჩევანი. მე მიყვარს საკუთარი თავი, როგორიც ვარ და მგონია, რომ სხვაც ასეთად მიღებს.

- პროექტში რატომ მოხვედი, რას გინდა მიაღწიო?

- ამ პროექტის პერსპექტივა "ევროვიზიაა", რაც ჩემი ოცნებაა და მაქსიმუმს გავაკეთებ ამისთვის. თან, ამ კონკურსში იმისთვის მოვედი, ხალხს თავი შევახსენო. მიყვარს და მომწონს ქუჩაში რომ მცნობენ, როდესაც უცხო ადამიანებს ვეხუტები, ამაზე მაგარი არაფერია და მით უმეტეს, რომ ასეთ კარგ პერსპექტივას ეს პროექტი იძლევა. მოკლედ, მინდა, ჩემი თავი ცოტა გამოვაფხიზლო, არ მოვდუნდე.

სანამ "ბერკლის" კოლეჯში ჩავაბარებ, კარგია, თუ ერთ დიდ სასცენო გამოცდილებას კიდევ მივიღებ. ღმერთმა ქნას, ამ პროექტმა "ევროვიზიამდე" მიმიყვანოს - ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები!"

89 წლის მილიარდერს 44 წლის ცოლმა შვილი გაუჩინა

ანუკი არეშიძემ დაბადების დღე წყნეთის აგარაკზე ოჯახის და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა - ფოტოები წვეულებიდან

"ზურა რომ გაეშვათ, მე ჩემით წავიდოდი“ - როგორ აფასებს რამილია ალიევა "მასტერშეფში“ მონაწილეობას და აპირებს თუ არა კულინარიაში დარჩენას