ავტორი:

არის თუ არა გავრცელებული "ღორის გრიპი" საქართველოს მეზობელ ქვეყნებში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე

არის თუ არა გავრცელებული "ღორის გრიპი" საქართველოს მეზობელ ქვეყნებში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ე.წ ღორის გრიპით საქართველოში 13 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ საბედნიეროდ, ეპიდემიისკენ არ მივდივართ და პირიქით, ვირუსის გავრცელება იკლებს. ამასთან, 12 იანვრიდან, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებს, თუ ექიმის დანიშნულებით მივა აფთიაქში.

დავინტერესდით, რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოს სამეზობლოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. როგორც ჩანს, H1N1-ს ვერც საქართველოს მეზობელმა ქვეყნებმა აუარეს გვერდი - გუშინ სომხეთში ღორის ვირუსით ქალი გარდაიცვალა, კიდევ რამდენიმე ადამიანი კი რეანიმაციაში იმყოფება. ამის შესახებ ადგილობრივ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ართავაზად ვანიანმა განუცხადა.

"მიმდინარე წელს, სომხეთში გრიპის ერთი სასიკვდილო შემთხვევა დაფიქსირდა - გარდაიცვალა ქალი, რომელიც ქრონიკული დაავადების მატარებელი იყო. იგივე დიაგნოზით რამდენიმე ადამიანი რეანიმაციაში იმყოფება" - განაცხადა ვანიანმა.

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში ერევნელი ზარიად მკრტჩიანი აცხადებს, ქალაქში უკვე გამოჩდნენ ნიღბიანი ადამიანები, თუმცა, ნიღბის ან რომელიმე მედიკამენტის დეფიციტის შესახებ ჯერჯერობით არ სმენია.

“სამსახურში რამდენიმე ადამიანი გახდა ავად. იგივე სიმპტომებით, რაც ამ ვირუსს ახასიათებს - მაღალი სიცხე, ღებინება, თავის, ყელისა და სახსრების ტკივილი, ხველა... ერთ-ერთი, სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოშიც გადაიყვანა, თუმცა, გართულებები არ ჰქონია. თანამშრომლები საუბრობდნენ, მათ საახლობლოში ბავშვებზე აისახა მძიმედ. ჩემი ინფორმაციით, ბავშვთა საავადმყოფოებში ძალიან ბევრი პატარა პაციენტი ჰყავთ... გუშინ უკვე ერთი ქალის გარდაცვალების შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია.

სომხეთში პანიკა ჯერჯერობით არ არის, თუმცა, ხალხს მაინც ეშინია. სავალდებულო აცრების შესახებ არაფერი მსმენია, - შესაბამისი უწყებები ხელების ხშირად დაბანასა და ბევრი სითხის მიღებას გვირჩევენ,” - ამბობს ერევნელი მამაკაცი.

სომხური მედიის თქმით, ამ დროისთვის სტაციონარებში 700-მდე ადამიანი მკურნალობს, თუმცა, ეს იგივე მაჩვენებელია, რაც შარშან იყო. სკოლებსა და საბავშვო ბაღებში კარანტინი ჯერჯერობით არ გამოცხადებულა...

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის იბადულა აგაევის ცნობით, აზერბაიჯანში ღორის ვირუსი არ ფიქსირდება.

"ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესების გამო, განსაკუთრებულ ღონისძიებებს ვატარებთ დეზინფექციის კუთხით, თუმცა, ამ ეტაპზე ეს ვირუსი ქვეყანაში არ ფიქსირდება. კონტროლს განვაგრძობთ და ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, მზად ვართ შესაბამისი ზომები მივიღოთ,” - განაცხადა აგაევამ eadaily.com-თან საუბარში.

ჯერჯერობით H1N1-ის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თუმცა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ე.წ. ხელმძღვანელობებმა “თადარიგი” დაიჭირეს და ადმინისტრაციული საზღვრები დროებით ჩაკეტეს. ადგილობრივი მოსახლეობა შიშით ადევნებს თვალს მათი “მესვეურების” გადაწყვეტილებას - “გადაუდებელი შემთხვევების დროს რა უნდა ვქნათ, საით უნდა წავიდეთ?.. დავიცადოთ ვიდრე გზის გახსნის გადაწყვეტილებას მიიღებენ და სიკვდილს დაველოდოთ?!" - წერს აფხაზეთში მცხოვრები.

"ამ ვირუსის ჩვენთან გავრცელება გარდაუვალია და ხალხი უკვე ამაზე ნერვიულობს. რა ეშველებათ იმ ქვეყანაში, სადაც საავადმყოფოებს და აფთიაქებს სიმბოლური დანიშნულება აქვთ“, - ამბობს ცხინვალელი ნელი გუსაევი.

ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი “ჩინოვნიკების” გადაწყვეტილებით, კარანტინი დაახლოებით 20 დღე გაგრძელდება.

ოსი “ჩინოვნიკები” აფრთხილებენ მათ, ვისი შვილებიც სასკოლო არდადეგების დროს ქართულ მხარეს იყვნენ გადასული. მათივე თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ვირუსი გავრცელდება, თუმცა, “საზღვარზე” ექიმებს ვერ დააყენებენ, რათა ახალგორში შემოსული ადამიანები გასინჯონ.

primechaniya.ru-ს ინფორმაციით, როგორც ე.წ ღორის, ასევე ფრინველის გრიპი დაფიქსირდა უკრაიანის სევასტოპოლში. H1N1-ით ვირუსის მქონე პირველი ადამიანი გასული წლის დეკემბერში აღირიცხა. ადგილობრივი ეპიდემიოლოგის სერგეი გრიგის ცნობით, ამ დროისთვის ორივე სახეობის ვირუსით ჰყავთ დაავადებულები. მისივე თქმით, ვირუსის საწინააღმდეგო აცრა 200 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი