ავტორი:

"დარაზმავს ემიგრანტებს და თურქეთიდან შემოვა?!" - რისთვის ემზადება მიხეილ სააკაშვილი და რას გეგმავს ოპოზიცია გაზაფხულზე

"დარაზმავს ემიგრანტებს და თურქეთიდან შემოვა?!" - რისთვის ემზადება მიხეილ სააკაშვილი და რას გეგმავს ოპოზიცია გაზაფხულზე

"ნაციონალური მოძრაობა" ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბოლო დროს განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და ემიგრანტებთან ერთად საქართველოში დაბრუნების პირობას დებს.

ამისთვის, სააკაშვილმა და მუსიკალური ფესტივალის "ჯემ ფესტის" ყოფილმა ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ მოძრაობა "ერთად სახლში" ჩამოაყალიბეს, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ხვდებიან და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეცვლის გზებზე მსჯელობენ.

"ემიგრანტებო, არ აქვს მნიშვნელობა მსოფლიოს რომელ წერტილში იმყოფებით, ვიმოქმედოთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ნეგატიურ პროცესებზე, დავამარცხოთ ის ბოროტება, რომელიც დღითიდღე ანადგურებს ჩვენს მოსახლეობას, რომელიც კრიმინალური გზით ცდილობს მიითვისოს მოსახლეობის რესურსები და ქონება, რომელიც სუქდება და მდიდრდება ხალხის ხარჯზე" - ვკითხულობთ მათ მიერ ემიგრანტებისადმი გავრცელებულ მიმართვაში.

რამდენიმე დღის წინ, სააკაშვილი ნიუ იორკში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა და ვრცლად ისაუბრა ემიგრანტების პრობლემებზე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, უნდა დასრულდეს დრო, როდესაც ქუთაისის აეროპორტიდან მოქალაქეები ევროპაში წასასვლელად ცალმხრივ ბილეთს ყიდულობენ და უკან აღარ ბრუნდებიან.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საქართველოდან ემიგრაციაში წასულები საკუთარ ისტორიებს უყვებოდნენ მიხეილ სააკაშვილს. ექს-პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია საქართველოში სამუშაო ადგილები შეიქმნას, სწორედ ამის შემდეგ უნდა დაბრუნდნენ ემიგრანტები სამშობლოში.

10 თებერვალს "ერთად სახლში" თანამემამულეთა მსოფლიო კრებას გამართავს ბელგიაში, ლიეჟში და ამის შემდეგ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს.

"ლიეჟში ვისაუბრებთ საქართველოს ბედზე და მომავალზე, დავგეგმავთ საქართველოში ერთობლივი ჩასვლის თარიღს და პროცესს. შევარჩევთ ახალ ხალხს, რომ ამ გამოცდილებით გამდიდრებულებმა გავაძლიეროთ, გავამდიდროთ და ხელახლა ფეხზე დავაყენოთ საქართველო. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, ჩვენ ვერავინ დაგვამარცხებს. როგორც არასდროს, ვარ მონდომებული ამის გასაკეთებლად" - აღნიშნა ემიგრანტებისადმი მიმართვაში ექს-პრეზიდენტმა. თუმცა, მისი დაპირების მიუხედავად, ექს-პრეზიდენტს სამშობლოში არ ელიან...

თუ როდის დაბრუნდება მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ არ იცის. თუმცა ამბობს, რომ საზოგადოების თანადგომა სააკაშვილისადმი იზრდება, ამიტომ იმედოვნებს, რომ ამ თარიღს ექს-პრეზიდენტი თავად მალე დაასახელებს:

„სააკაშვილისთვის ემიგრანტებთან შეხვედრა უპირველეს ყოვლისა, არის ხალხთან კომუნიკაცია. ადამიანს, რომელსაც შეზღუდული აქვს ამ რეჟიმის გამო საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა, ბუნებრივია, როგორც ქართველ პოლიტიკოსს სურვილი აქვს ხალხთან ურთიერთობისა. საქართველოდან სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიდის ეკონომიკური მიზეზების გამო, თუმცა ასევე პოლიტიკური დევნის გამო. ეს ყველაფერი კი მას ძალიან კარგად ესმის ამიტომ სააკაშვილის მიზანია, რომ ემიგრანტებთან ერთად დაბრუნდეს საქართველოში.

იმისთვის, რომ მათ საქართველოზე იმუშაონ და არა იმ ქვეყნების ეკონომიკები გააძლიერონ, სადაც ამჟამად იმყოფებიან. ეს შეხვედრა შედეგიანი უკვე არის. ბრუკლინში ჩატარებულმა შეხვედრამ აჩვენა, რომ ინტერესი და თანადგომა მიხეილ სააკაშვილისადმი იზრდება. საზოგადოება უფრო და უფრო მეტად აცნობიერებს, რომ იყო სირთულეები, პრობლემები, მაგრამ ის პერიოდი, რაც საქართველომ გამოიარა და რომელსაც ეს რეჟიმი სისხლიან 9 წელიწადს ეძახის, იყო ქვეყნის წინსვლის და ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდი“, - გვითხრა ბარამიძემ.

სააკაშვილის თანაგუნდელი "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, გაერთიანებული ოპოზიციის წევრების შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ ქვეყნის და მოქალაქეების მძიმე პრობლემების მოსაგვარებლად, აუცილებელია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

"როდესაც სპორტული ფედერაციის თავმჯდომარეები, რომლებიც სინამდვილეში არიან ქურდული „ოცნების“ ზონდერები, ურტყამენ ევროპის ჩემპიონებს, როდესაც ცემა-ტყეპა გახდა საქართველოს მოქალაქისთვის ტელევიზიის ეკრანზე მთავარი ახალი ამბავი, როდესაც ცემა-ტყეპა გახდა ჩვენი ცხოვრების ნორმალური წესი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გრიგოლ ვაშაძემ.

"გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერის მამუკა გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ოპოზიციის გეგმებში არ შედის, თუმცა საპროტესტო აქციების დაწყებას არ გამორიცხავენ.

"მიხეილ სააკაშვილთან არანაირი კავშირი არ მაქვს და არც ვიცი რას აპირებს, მას თავისი პარტია და კონკრეტული მხარდამჭერები ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საერთო გაერთიანებაში ვართ, არ ნიშნავს იმას, რომ დაკავებულები ვართ მისი ჩამოყვანით ან გაყვანით. რევოლუცია კატეგორიულად მიუღებელია და ამ საკითხზე ჩვენი მხრიდან ლაპარაკი არ არის. ვადამდელი არჩევნები, საარჩევნო გარემოს ცვლილება და მაჟორიტარული სისტემის გაუქმება არის ჩვენი მთავარი მოთხოვნები.

ახლა მთავარი ისაა, რომ კონსულტაციები დავიწყოთ ხელისუფლებასთან, „ოცნება“ კი ცოცხალი თავით ამას არ აკეთებს. ამიტომ ვაპირებთ მთლიანად მთელი ოპოზიციური ველის გაერთიანებას ამ მოთხოვნების გარშემო, მოსახლეობაში გასვლას და ხელმოწერების შეგროვებას. ეს ძალიან სერიოზული პროცესი იქნება, სადაც უამრავი ადამიანი ჩაერთვება.

მოკლედ პოლიტიკური პროცესის გამოცოცხლებას ვაპირებთ. გვინდა, შევქმნათ ახალი პოლიტიკური გარემო და კულტურა. გვინდა ყოველგვარი რევოლუციების გარეშე მოვახდინოთ ზეწოლა ხელისუფლებაზე საზოგადოების მხრიდან. საპროტესტო გამოსვლები ალბათ საჭირო იქნება, იმიტომ, რომ ხელისუფლება თუ არ მოგვაქცევს ყურადღებას, სხვა ბერკეტი არ გვრჩება. ჩვენ გამოვიყენებთ კონსტიტუციით დაშვებულ მეთოდს, რომლითაც შესაძლებელია, მივაწვდინოთ ხმა ხელისულეფლებას" - განუცხადა AMBEBI.GE-ს გამყრელიძემ.

ოპოზიციის გააქტიურებას სკეპტიკურად უყურებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე და ხალხში სერიოზული მუხტის აგორებას ამ ეტაპისთვის არ ელის.

"სააკაშვილის აქტიურობა მოსალოდნელი იყო. მას ჩუმად ყოფნა არ შეუძლია, ასეთი ტიპის ადამიანია. ამიტომ აქტიურობის ეს საშუალება მოძებნა და ხვდება ემიგრანტებს. ორი შეხვედრა საკმარისი არ იქნება და შესაძლოა აშშ-შიც და ევროპაშიც კიდევ გამართოს სხვა შეხვედრებიც.

რაც შეეხება დაბრუნებას, რაც წავიდა, ბრუნდება, მაგრამ ჯერჯერობით ვერ დაბრუნდა და ვერც ვხვდები ემიგრანტებთან ერთად დაბრუნებას როგორ აპირებს - დარაზმავს ემიგრანტებს და საიდან შემოვა, თურქეთიდან?! სანამ აქ ხელისუფლება არ შეიცვლება ან გარანტიებს არ მიიღებს, იქამდე სააკაშვილი საქართველოში დამბრუნებელი არ არის" - გვითხრა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, სერიოზული პროტესტის გრძნობა მძაფრდება, თუმცა ეს საკმარისი იქნება თუ არა გაზაფხულზე ამოხეთქისთვის, უჭირს პროგნოზის გაკეთება.

"ჯერჯერობით რაღაც სერიოზული მუხტის აგორებას არ ველოდები, არ ჩანს ამის მიზეზი. რაღაც უნდა მოხდეს. მოსამართლეების თემაც არ გამოდგება. არც ამის განცდა და განწყობა არ არის მოსახლეობაში. მაგრამ ჩვენთან სიტუაციები ძალიან სწრაფად იცვლება და ვერ გეტყვით რა იქნება ორი, სამი თვის შემდეგ. ხელისუფლება რომ დუმს და არაფერს აკეთებს, გასაგებია, პროტესტის გრძნობა გაჩნდება და გამძაფრდება ხალხში, მაგრამ იქნება თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ სერიოზული პროტესტი გამოიწვიოს, არ ვიცი.

ყველაზე კონსოლიდირებული საზოგადოება იყო ამ მოსამართლეების თემაზე, მაგრამ ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ გაბედა ამ თემის მოწოდება, რომ ხალხი ქუჩაში გამოეყვანა და ვფიქრობ, სწორადაც მოიქცნენ“, - უთხრა AMBEBI.GE-ს ძაბირაძემ.

ანალოგიურად ფიქრობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილიც.

"სააკაშვილის აქტიურობა გასაკვირი არ უნდა იყოს - ის ყოველთვის ჰიპერაქტიურია, ამიტომ რაღაც განსაკუთრებულს და ახალს ვერ ვხედავ. რაც შეეხება აქტიურობის შესაძლო შედეგებს, ეს ყოველთვის დამოკიდებულია ხელისუფლებაზე - რამდენად ადეკვატური იქნება ხელისუფლება იმ პრობლემების მიმართ, რაც ქვეყანაში არსებობს.

თეორია, რომ სააკაშვილს ან ნებისმიერ სხვა პირს, შეუძლია ქვეყანაში კრიზისი გამოიწვიოს, მცდარია. კრიზისის მთავარი ინიციატორი ყოველთვის არის ხელისუფლება. თუ ის პრობლემებს წყვეტს, ოპოზიციამ რაც არ უნდა იფაფხუროს, შანსი არ ექნება კრიზისის შექმნის. ხოლო თუ ხელისუფლება არ არის ადეკვატური, შეიძლება პროტესტი მივიღოთ. სააკაშვილის ჩამოსვლა არაადეკვატურია, მისი დაპირება ბევრი გვინახავს, ამიტომ არ მგონია გამართლდეს.

ხალხმა ამ არჩევნებზე ხელისუფლებას ბოლოჯერ მისცა შანსი და აქვს მოლოდინი რომ მათ პრობლემებს მიხედავენ. ასე რომ, თუ ხალხში გაჩნდა განცდა, ხალხს შეპირდა და არ გააკეთა, ბუნებრივია საპროტესტო აქტიურობა გაჩნდება. ასე რომ, ცოტა დრო აქვს ხელისუფლებას დარჩენილი", - გვითხრა ხუხაშვილმა.

აკაკი ზოიძე პარლამენტს ტოვებს

მამუკა ხაზარაძე - კრიმინალ გახარიაზე საქმე უნდა აღიძრას

ბიძინა ივანიშვილს თბილისი-მოსკოვის მიმართულებაზე  ბიზნესკლასის ბილეთი ვუყიდე და შეუძლია ქვეყანა დატოვოს - მამუკა ხაზარაძე