"იაფი კრედიტის" დაბრუნების დრო მოვიდა

"იაფი კრედიტის" დაბრუნების დრო მოვიდა

სახელმწიფოს მევალეებმა ბიუჯეტში ვალის დაბრუნება დაიწყეს. საუბარია 2008-2009 წლებში განხორციელებულ "იაფი კრედიტის" პროგრამის ფარგლებში გაცემულ თანხებზე, რომელიც მთავრობამ 7 წლის ვადით, საკმაოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთით გასცა. თავად პროგრამა კი, მიმდინარე წელს უკვე აღარ განხორციელებულა. ერთადერთი, სადაც პროგრამა გაგრძელდა, თბილისი იყო. მიმდინარე წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 1 მილიონი ლარი გამოიყო.

"იაფი კრედიტის" პროგრამა 2008 წელს ამოქმედდა. დღეს კი მევალეებმა უკვე ვალის დაბრუნება დაიწყეს. 2008-09 წლებში კი სახელმწიფომ "იაფი კრედიტის" ფარგლებში სულ, დაახლოებით, 65 მლნ ლარი გასცა, მათ შორის 62,4 მლნ ლარი 2008 წელს, ხოლო 2,4 მლნ ლარი - 2009 წელს.

ფინანსური კრიზისის ფონზე "იაფი კრედიტის" პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებს თანხის გადახდის პრობლემა შეექმნათ, რაზეც მთავრობამ იმსჯელა და საშეღავათო პერიოდი ერთი წლით გაუხანგრძლივა. რიგი კომპანიებისათვის ამ დროისთვის საშეღავათო პერიოდი უკვე ამოწურულია და ბენეფიციარებმაც ვალის დაბრუნება დაიწყეს.

"იაფი კრედიტის" ფარგლებში კრედიტით სარგებლობის მაქსიმალური პერიოდი 7 წლით, ხოლო საშეღავათო პერიოდი 2 წლამდე განისაზღვრა.

ბენეფიციარებს მოეთხოვებოდათ სესხების უზრუნველყოფა, რომელიც უნდა იყოს სულ მცირე, სესხის (ტრანშის) მოცულობის ტოლი. პროგრამის ფარგლებში კრედიტები გაიცა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ხალხური რეწვისა და სხვა სექტორებში სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული, აგრეთვე აღნიშნულ სექტორებში ბიზნესის დაწყების მსურველი მეწარმე სუბიექტებისთვის.

პროექტების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები იყო: გამიზნულია თუ არა კრედიტით ძირითადი საშუალებების შეძენა, ფინანსური და მატერიალური თანამონაწილეობის ზომა, დასაქმების ეფექტი, ბენეფიციართა რაოდენობა, გამოყენებული ადგილობრივი ნედლეულის წილი (ტონებში, ლარებში), რეგიონისთვის პრიორიტეტული დარგი - ადეკვატურობა, სესხის ეფექტი დროის მოკლე პერიოდში, ახალი ტექნოლოგიები წარმოებაში, კრედიტის უზრუნველყოფა უძრავი ქონებით.

აღნიშნული კრიტერიუმებით შერჩეულ პროექტებს სამუშაო ჯგუფი განიხილავდა, რომლის წევრები სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ "იაფი კრედიტის" ფარგლებში ყველაზე მეტი პროექტი 2008 წელს დამტკიცდა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2008 წელს 117 პროექტი, ხოლო 2009 წელს 16 პროექტი დაფინანსდა.

საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" ცნობით, "იაფი კრედიტის" გადანაწილებისას პრიორიტეტი ექსპორტის წახალისებაზე ორიენტირებულ პროექტებზე გაკეთდა, რაზეც 2008 წელს პროექტის ფარგლებში გაცემული სესხების 31%-ი მოდის.

წისქვილკომბინატებისა და ფქვილის წარმოების გაფართოებაზე 2008 წელს მთავრობამ 19 მლნ ლარის დაბალ პროცენტიანი სესხი გასცა, რაც მთლიანად გაცემული სესხების 30%-ია. 12 მლნ 900 ათასი ლარის კრედიტით კი ღვინის მწარმოებელი კომპანიები დაფინანსდნენ, რითაც ხელისუფლებამ რთველის კარგად ჩატარების გარანტია მიიღო.

2008 წელს "იაფი კრედიტის" მოთხოვნით ეკონომიკის სამინისტროს 1431 ბენეფიციარმა მიმართა, რომლებიც 380 მლნ 500 ათასი ლარის პროექტების დაფინანსებას ითხოვდნენ. საერთო ჯამში კი, მთავრობამ გასულ წელს 117 პროექტი დააფინანსა, რომელთა საერთო ბიუჯეტიც 62 ათას 400 ათასი ლარია.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავდაპირველად აღნიშნული პროგრამის ფარგლებში "იაფ კრედიტებს" პროგრამაში მონაწილე კომერციული ბანკები - "სახალხო ბანკი", "ვითიბი ბანკი ჯორჯია" და "ბაზისბანკი" გასცემდნენ. მოგვიანებით, ანუ გასული წლის სექტემბრის ბოლოს გაირკვა, რომ სახელმწიფო პროგრამას თავად სახელმწიფო განახორციელებდა, პროექტებიც მასთან შევიდოდა და თანხების გამოყოფაზეც ის იზრუნებდა. სესხებს კი ეკონომიკის სამინისტრო გასცემდა.

ეს გადაწყვეტილება მთავრობამ 2009 წლის 18 სექტემბრის #171 დადგენილებით მიიღო. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ 2010 წლიდან "იაფი კრედიტის" პროგრამა მინიმუმ ერთი, მაქსიმუმ კი სამუდამოდ დაიხურებოდა.

თავიდანვე, როდესაც აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა, ექსპერტთა წრეებში გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, პროექტი ჩავარდნილიყო, თუმცა მთავრობაში ამაზე არავინ საუბრობს მოგვიანებით ეს ეჭვი უფრო იმ ფაქტმა გაამყარა, როდესაც გაჟღერდა, რომ "იაფი სესხისთვის" ბიუჯეტიდან გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან 13 მილიონზე მეტი "რთველი 2009"-ის პროგრამისკენ გადამისამართდებოდა.

უფრო მოგვიანებით კი გაირკვა, რომ "იაფი კრედიტის" ხანა დასრულდა და ის მხოლოდ თბილისელებისთვის დარჩა, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ