ავტორი:

აფხაზეთში "საქართველოს ჯაშუში" დააკავეს - "მიწას ამუშავებდა, მანდარინს ყიდდა და ხელყუმბარა აღმოუჩინესო..."

აფხაზეთში "საქართველოს ჯაშუში" დააკავეს - "მიწას ამუშავებდა, მანდარინს ყიდდა და ხელყუმბარა აღმოუჩინესო..."

აფხაზური მედიის ცნობით, ადგილობრივმა ე.წ. უშიშროების სამსახურმა 25 იანვარს, ტყვარჩელის რაიონის სოფელი წარჩეს მკვიდრი, 57 წლის გია ფარულავა "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის" ბრალდებით დააკავა. Абхаз Авто-ს ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე, დაკავების შემდეგ გაჩხრიკეს და ასაფეთქებელი მოწყობილობა და სხვა ტიპის საბრძოლო იარაღები უპოვეს.

აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების ინფორმაციით, დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე სხვა ქვეყნისთვის ჯაშუშობის მუხლით აღიძრა, რაც სხვა სახელმწიფოსთვის და მისი წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას, ასევე, საბრძოლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ბრალდებულს ორი თვით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ის ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება.

აფხაზების თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ფარულავას დაკავებას სხვა საფუძველი აქვს, რადგან იარაღის ქონა-შენახვა რეგიონში არავის უკვირს, მით უფრო, რომ არიან ადამიანები, რომელთაც სახლში, სარდაფსა და ავტოფარეხში გაცილებით მძიმე ტექნიკა აქვთ. ამასთან, იარაღის ქონა შპოინაჟთან არავითარ კავშირში არ არის.

"შპიონს იარაღის ტარება-შენახვა ევალება, თუ ინფორმაციის მოგროვება? მე ქართველების ადვოკატობას არ ვაპირებ, მით უფრო არ სჭირდებათ, მაგრამ რაც მინახავს და გამიგია - ასეთ საქმეში ეჭვმიტანილს მტკიცებულებად ინფორმაციას უქვეყნებენ და არა - იარაღს... იქნებ სხვა მეთოდები გამოიყენონ რუსეთის ნდობის მოსაპოვებლად და გულის მოსაგებად. ან პირდაპირ გაყარონ ეს ქართველები, გარშემო რას უვლიან. სირცხვილია ბატონებო!.." - წერს სოციალურ ქსელში ვარლამ ბაღაფში.

"მე ვიცი, რომ წესიერი, პატიოსანი და მშრომელი კაცია. სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული, მიწას ამუშავებდა, მანდარინს ყიდდა, თხილს აგროვებდა... სამხედრო-საინჟინრო დანიშნულების ელექტროდეტონატორი, ხელყუმბარა და 5,45 მმ კალიბრის ტყვიები აღმოუჩინესო...

ანუ ლოგიკის თანახმად - შპიონი კი არა, დივერსანტი ყოფილა და ხომ არ ჯობია, ჯერ ჩამოყალიბდნენ? შპიონი სადაზვერვო ინფორმაციებს მოიპოვებს, იარაღს კი არა და ცნობისთვის, აფეთქებებს კი არ აწყობს, ჩუმად მუშაობს.. რაც უფრო მეტს "შპიონს" დაიჭერთ, მით მეტ პრემიას მიიღებთ, არა?" - წერენ Абхаз Авто-ს კომენტარებში.

"რად უნდა საქართველოს აქ შპიონის შემოშვება, რა მონაცემები გვაქვს ისეთი, რაც მიუწვდომელია?! აფხაზეთის მოქალაქეები საქართველოში დადიან, პასპორტებსა და კრედიტებს იღებენ, უფასოდ მკურნალობენ და დარწმუნებული ვარ, უფრო მეტს მოუყვებიან აქაურობაზე, ვიდრე ვიღაც წარჩელი გლეხი ფარულავა," - წერს ერთ-ერთი აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი