ავტორი:

"ნანახით ყველა შოკშია..." - აფხაზეთში 25 წლის ქალმა ბავშვი ბაზრის საპირფარეშოში გააჩინა და ცელოფნის პარკში გახვეული დატოვა

"ნანახით ყველა შოკშია..." - აფხაზეთში 25 წლის ქალმა ბავშვი ბაზრის საპირფარეშოში გააჩინა და ცელოფნის პარკში გახვეული დატოვა

რამდენიმე დღის წინ, სოხუმში ადგილობრივმა 25 წლის გოგონამ ბაზრის საპირფარეშოს კაბინაში იმშობიარა და ახალშობილის ცხედარი ცელოფანში გახვეული დატოვა... შემთხვევა 1 თებერვალს მოხდა. თვითმხილველების თქმით, ქალი საპირფარეშოში შევიდა და დიდხანს არ გამოვიდა...

"შემეშინდა და დავუკაკუნე, რამე პრობლემა ხომ არ ჰქონდა, გამომძახა, რომ ყველაფერი კარგად იყო, უბრალოდ, რაღაცამ აწყინა და კუჭი აწუხებდა... ერთი საათის განმავლობაში, სამჯერ შევედი თუმცა, სამივეჯერ საეჭვო და დაბნეული პასუხი გამცა... ბოლოს როგორც იქნა გამოვიდა, სახეს ხელებით იფარავდა, თუმცა იმდენად ცუდად იყო, არსად წასვლის თავი არ ჰქონდა... ჩვენ მაშინვე სასწრაფო გამოვიძახეთ. მან ექიმების კითხვებს არ უპასუხა, თუმცა მედიკოსებმა ის თან წაიყვანეს" – ამბობს ერთი თვითმხილველი და სოხუმის ბაზრის მოვაჭრე.

მას შემდეგ, რაც ქალი სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა, საპირფარეშოში სისხლის კვალი შენიშნეს, თუმცა რა შეიძლებოდა ყოფილიყო, ვერ მიხვდნენ. ამის შემდეგ, ე.წ. სამართალდამცველები გამოიძახეს.

"მილიცია იმ დროს მოვიდა, როდესაც ჩვენ საპირფარეშოს კაბინიდან ნაგავს ვყრიდით, რაც სამართალდაცავებმა დაათვალიერეს და ცელოფნის პარკებში გახვეული მკვდარი ახალშობილი იპოვეს... ცენტრალური ბაზრის თანამშრომლები ამბობენ, რომ ნანახით შოკში არიან..." – წერს აფხაზური ინტერნეტგამოცემა abkhaz-auto.ru.

აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 25 წლის გოგონა ტყვარჩელის რაიონის მკვიდრია. ქმარს გაცილებულია და ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს... ის მეხუთე თვეში იყო. ბაზარში ყოფნისას იგრძნო, რომ ცუდად იყო და სისხლდენა დაეწყო. ამის შემდეგ შევიდა ბაზრის საპირფარეშოში, სადაც მკვდარი ბავშვი გააჩინა, ის პარკებში ჩააწვინა და წამოსვლა სცადა, თუმცა ძლიერი სისხლდენის გამო ცუდად გახდა, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო...

ე.წ. გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, ჩვილს ექსპერტიზა უტარდება, რომლის პასუხიც 4 თებერვალს იქნება. თუ გაირკვა, რომ ბავშვი ცოცხალი დაიბადა, დედის წინააღმდეგ "სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება".

მომხდარმა აფხაზურ საზოგადოებაში ძალიან დიდი მღელვარება გამოიწვია. მათი ერთი ნაწილის თქმით, შეცდომებისგან არავინ არის დაზღვეული და ბავშვთა სახლების არარსებობა რეგიონის მოსახლეობას ყოველდღიურად სულ უფრო მწვავე პრობლემების წინაშე აყენებს.

სხვები მიიჩნევენ, რომ აბორტი უნდა დაუშვან, რადგან ამ მხრივ დანაშაულების რიცხვმა საშიში მასშტაბები მიიღო. კიდევ ერთი ნაწილის თქმით, მშობიარე ქალი ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი ვერ იქნებოდა და თუ ეს სრულ ჭკუაზე მყოფმა გააკეთა, კი არ უნდა უმკურნალო, პირდაპირ უნდა დახვრიტო.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი