ავტორი:

"ბიძა ფსიქიატრიულში არ დაიტოვეს, ნარკოლოგიურში კი 3000 ლარი მოსთხოვეს" - რას ჰყვება რუსთავში მოკლული 13 წლის ბავშვის ნათლია

"ბიძა ფსიქიატრიულში არ დაიტოვეს, ნარკოლოგიურში კი 3000 ლარი მოსთხოვეს" - რას ჰყვება რუსთავში მოკლული 13 წლის ბავშვის ნათლია

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს, რომელმაც 13 წლის ძმის შვილი დანით მოკლა, ფსიქიკური პრობლემები აქვს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ნარკომომხმარებელიც არის.

თუმცა ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე ნარკომომხმარებელი არ არის, არამედ მას ბოლო პერიოდში გარკვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მათივე თქმით, 13 წლის ძმის შვილი ირემაძის ოჯახში ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა და იზრდებოდა და მას ბავშვი უზომოდ უყვარდა.

"ბავშვი ჩემი ნათლული იყო. უზომოდ უყვარდა ბიძას. ბავშვის მშობლები გაშორებულები არიან. დედა ცალკე ცხოვრობს. მამა პოლონეთშია სამუშაოდ წასული. საშინელი ამბავი მოხდა. ჩემმა მეგობრებმა ფსიქიატრიულში წაიყვანეს გუშინ. იქ ადგილი არ ჰქონდათ და არ დაიტოვეს, ამიტომ იმავე კლინიკის ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობისთვის 3000 ლარი მოსთხოვეს. ამხელა თანხა არ ჰქონდათ და უკან წამოიყვანეს. ნარკოდამოკიდებული არ იყო. როგორც ირკვევა რაღაც ფსიქიკური აშლილობის ნიშნები ჰქონდა. სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. იმედია ერი უფრო მეტ სიყვარულს ისწავლის ერთმანეთის. ბოლო დროს ბევრი აგრესიაა დაგროვილი", - განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის ნათლიამ ამირან ჯანჯღავამ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

მოკლული გოგიტა ირემაძე რუსთავის N15-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე იყო.

მკვლელობის დროს ოჯახში მოზარდის ბაბუაც იმყოფებოდა, რომელიც მეზობლების თქმით, სასტიკად იყო ნაცემი. მეზობლების განცხადებით, 12 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. როგორც ერთ-ერთი მეზობელი ჰყვება: "ხმაური იყო, ბიძა ბინაში იმყოფებოდა და იქიდან ყვიროდა, ბავშვი "დავბრიდეო". ცოცხალ-მკვდარი ბავშვი სასწრაფოს მანქანით წაიყვანეს, მაგრამ, როგორც ამბობენ, გზაში გარდაიცვალა".

რუსთავში მკვლელობა დღეს დილით მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა. დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს