რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოში ჩავდივართ - უახლოეს კვირებსა და თვეებში ჩვენ ამისთვის სიტუაცია უნდა მოვამზადოთ, - აღნიშნული განცხადება დღეს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.
“რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოში ჩავდივართ, მაგრამ მინდა გკითხოთ: ახლა დღეს რომ წავიდეთ ყველა ერთად, არის მომზადებული სიტუაცია?! დღეს სიტუაცია არ არის მზად, მაგრამ თუ სიტუაცია დღეს არ არის მზად, უახლოეს კვირებსა და თვეებში ჩვენ ეს უნდა მოვამზადოთ. არ შეიძლება აქედან უყურო შენი ქვეყნის განადგურებას. არ შეიძლება წყნარად უყურო იმ ბავშვის მოკვლას, რომელიც შობე და გაზარდე. ამიტომ არჩევანი ძალიან მარტივია - ჩვენ ყოველდღიურად გვართმევენ საქართველოს ნაწილს“, - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ლიეჟის კონგრესის სასახლის დარბაზში შეკრებულ ემიგრანტებს.
სააკაშვილი კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე მოხდარ ინციდენტსაც გამოხმაურა.
სუს-ის ჯგუფმა ევროპის ცენტრში იაფფასიანი შოუ მოგვიწყო, - განაცხადა ექსპრეზიდენტმა. მან იმედი გამოთქვა, რომ მომხდარით ბელგიის პოლიცია დაინტერესდება.
“ხალხი ჩამოვიდა ძალიან შორიდან თვითმფინავებით, ავტობუსებით, რათა შევხვდეთ და ჩვენი სამშობლოს ბედზე ვიმსჯელოთ. თქვენ ნახეთ, ევროპის ცენტრში ჩვენ იაფფასიანი შოუ მოგვიწყეს. აქ ჩამოსულია სუს-ის ჯგუფი, რაც არის დიპლომატიური წესების დარღვევა. თვალთვალი სანქციის გარეშე საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეიძლება, მით უმეტეს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, რაც არის ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა. იმედია, ბელგიის პოლიცია ამ ხალხს გაესაუბრება და ევროპაში მეორედ აღარ შემოუშვებენ. აქ ჩამოსულია მათი ფეიკ-ნიუსების ტელევიზიები“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მან აქვე აღნიშნა, რომ “იქეთა მხარეს არის ბოღმა და ტყუილი, ხოლო აქეთ - ნათელი სახეები ინტელექტუალური ადამიანების“.
ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ხვდება, დაპირისპირება მოხდა. ლიეჟის კონგრესის სასახლის წინ გაშლილი იყო მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო პლაკატები.