ავტორი:

27 წლის წინ დაწყებული ისტორია - როგორია მამუკა ხაზარაძის ბიზნეს პერსონა

27 წლის წინ დაწყებული ისტორია - როგორია მამუკა ხაზარაძის ბიზნეს პერსონა

ყველაფერი 27-28 წლის წინ დაიწყო რამდენიმე წარუმატებელი მცდელობითა და ბევრი წარმატებული ნაბიჯით.

დღეს მის სახელს ისეთი მსხვილი კომპანიები უკავშირდება, როგორიც თუნდაც ”თიბისი ბანკია”.

მამუკა ხაზარაძე bpn.ge-ს საკუთარ ბიზნესგამოცდილებაზე, სამომავლო გეგმებსა და ქვეყანაში მიმდინარე ბიზნესპროცესებზე 2015 წელს ესაუბრა. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:

მამუკა ხაზარაძე, ბიზნესმენი, ”თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:

თავის დროზე ბანკი გავაკეთეთ იმიტომ, რომ გვქონდა მაღაზია და გვინდოდა შემოსული ფული სადმე შეგვენახა. საბანკო სექტორი იმ დროს გაჩერებული იყო, რადგან საბჭოთა კავშირი დაიშალა და ყველა გადარიცხვა გაჩერდა. სწორედ იმ დროს საქართველოში 250-300 ბანკი მაინც დარეგისტრირდა ძალიან მცირე კაპიტალით, მათ შორის ჩვენც. მახსოვს, ჭავჭავაძეზე მდებარე სხვა მაღაზიების მეპატრონეებმაც მოგვმართეს თხოვნით: მაღაზიაში ფულის დატოვებას ან სახლში წაღებას იქნებ თქვენთან შევინახოთო. შემდეგ მივხვდით, რომ მხოლოდ ჩვენი ფინანსების მიმართ კი არ გვქონდა პასუხისმგებლობა აღებული, არამედ სხვისი ფულიც გვებარა.

- მიგაჩნიათ, რომ თქვენი პირველი წარმატება ბიზნესში ”თიბისი ბანკია”?

- ბევრი წარმატება გვქონდა ბიზნესში. ფრაგმენტულად ვიზრდებოდით, ისე როგორც ქვეყანა გვაძლევდა ამის საშუალებას. ყველაზე დიდი წარმატება, საბჭოთა პერიოდის შემდეგ ”ბორჯომის” ბაზარზე დაბრუნება იყო. წარმატება იყო ისიც, რომ საქართველოში ჩვენ დავიწყეთ ბოთლში ჩამოსხმული წყლის წარმოება და ეს კულტურა ჩვენ დავამკვიდრეთ საქართველოში. ”ბორჯომი” გავხადეთ მულტინაციონალური კომპანია და 40-ზე მეტ ქვეყანაში ხდება მისი ექსპორტი. წარმატებაა ”თიბისი ბანკიც”, სადაც ყველაზე დიდი წარმატება ის ხალხია, ვინც ამ ბანკში მუშაობს. ყველაზე დიდი წარმატება ჩემთვის ამ გუნდის შექმნაა. ალბათ სწორად მივუდექით ამ ადამიანების ძებნას. საბოლოო ჯამში ცხოვრებაც და ბიზნესიც, ირგვლივ მართალი და ერთგული პროფესიონალების შემოკრებაა. ერთგულებაში კი საქმის, იდეის და დასახული მიზნის მიმართ ერთგულებას ვგულისხმობ. როცა ამ კრიტერიუმებით ირჩევ ხალხს, ყველაფერი გამოდის.

- იმ დროს ბიზნესში თეორიული ცოდნა არ გქონდათ და რა იყო თქვენი მამოძრავებელი ძალა - რისკი, აზარტი თუ ალღო?…

- სიახლისკენ სწრაფვა სულ მაქვს. სკოლაშიც ასეთი ვიყავი და ინსტიტუტშიც. აქტიური ვიყავი ყოველთვის და თუ რამე სტუდენტური ღონისძიება ტარდებოდა, სულ ჩართული ვიყავი. როცა ეს ყველაფერი დაინგრა, მივხვდი, რომ ყველა ადამიანს თავისი თავისთვის უნდა ეშველა. ზრდასრული ადამიანი ვიყავი უკვე, დედაჩემის 130 მანეთით და მამაჩემის 180 მანეთით წარმოუდგენელი იყო იმ პერიოდში რამე გაგეკეთებინა, თან ჰიპერინფლაციაც დაიწყო. მივხვდი, რომ ბიზნესი იყო ადგილი, სადაც მე უფროსი არ მეყოლებოდა და საკუთარი თავის რეალიზაციას შევძლებდი - ჩემი თავის პატრონი ვიქნებოდი და ეს მომწონდა ყველაზე მეტად. თანაც ბიზნესი ისეთი ”ხილი” იყო, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცოდა. ასე გავხსენით პირველი საკომისიო მაღაზია, სამხატვრო სალონი... არადა, როცა პეტერბურგში ჩავედით და ნახატები ჩავიტანეთ, ეგონათ, რომ ბიზნესში უკვე ისეთი წარმატებულები ვიყავით, რომ მხატვრობით დავკავდით. არადა 15 ნამუშევარი ჩავიტანეთ სასტუმრო ”ასტორიაში” და უკან დასაბრუნებელი ფული აღარ გვქონდა. ჩემთვის ბიზნესი მშენებლობის პროცესია და არა შედეგი. არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ მე ასე მომწონს. ვიცი, რომ თუ პროცესს კარგად გავაკეთებ, შედეგთან აუცილებლად მივალ. ბიზნესი ჩემთვის არასდროს ყოფილა კონკრეტული ციფრი, ალბათ ამიტომაც აღმოვჩნდი ასეთ გრძელვადიან ბიზნესებში და ლუდის ოპერაციას თუ არ ჩავთვლით, სწრაფი მოგება არასდროს მიმიღია. ჩვენთან ყველაფერი წლებზეა გათვლილი. როცა შედეგს ვაღწევ, სიცარიელე დგება და ვგრძნობ, რომ იქ ჩემი ადგილი აღარ არის. ვხვდები, რომ ამ კონკრეტულმა საქმემ შემოქმედებითი თვალსაზრისით ჩემთვის თავი ამოწურა და გადავდივარ სხვა თემაზე. ამიტომაც არის, რომ ძალიან ბევრი საინტერესო ბიზნესის ავტორები ვართ, მათ შორის არის მაღაზიათა ქსელი ”ვულე-ვუ”, ”ბაბილონი”, ”ჩაი გურიელი” და სხვა. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო