ავტორი:

რას გიმზადებთ მზე თევზების ზოდიაქოში და რას გულისხმობს "აფრის" კონფიგურაცია ცაზე, რომელიც ამაღამ მოსალოდნელი სავსემთვარეობისას შეიქმნება

რას გიმზადებთ მზე თევზების ზოდიაქოში და რას გულისხმობს "აფრის" კონფიგურაცია ცაზე, რომელიც ამაღამ მოსალოდნელი სავსემთვარეობისას შეიქმნება

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოესი თვისა და მოსალოდნელი სავსემთვარეობის ანალიზს გვიზიარებს:

"19 თებერვალს, ღამით, როდესაც საათი 3-ს სამი წუთით გადასცდება, მზე ტოვებს მერწყულის ზოდიაქოს და თევზების ნიშანში გადაინაცვლებს, აქ მას მერკური და ნეპტუნი უხვდება, რომლებიც 16 თებერვლიდან მოყოლებული ერთმანეთთან შესაერთებლად გადაადგილდებიან. მათი ზუსტი შეერთებაც 19 თებერვალს ემთხვევა. თუმცაღა ზეგავლენას შაბათის ჩათვლით შეინარჩუნებენ.

თევზების ნიშნის წარმომადგენელთათვის ასეთი პლანეტარული თავმოყრა ძალზე მნიშვნელოვანია და მათ ცხოვრებაში შესაძლოა ძალზე საინტერესო მოვლენებს სწორედ ახლა ჰქონდეთ ადგილი. თუმცა, 19-ში სულ ეს არ არის. მას მერე, რაც მზე თევზების პირველ გრადუსზე აღმოჩნდება, საღამოს 8 საათისკენ მთვარე ჩაუდგება ქალწულის ნიშნიდან ზუსტ ოპოზიციაში და გვექნება სავსემთვარეობა. მისი ზეგავლენა მხოლოდ ამ დღეს არ იქნება შესამჩნევი, წინა დღესაც და მომდევნო დღისითაც ვიგრძნობთ შესაბამის იმპულსებს. როგორც წესი, სავსემთვარეობის დროს ასტროლოგები ვაფრთხილებთ ადამიანებს ყურადღება მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას. გაუფრთხილდნენ და პროფილაქტიკური პროცედურები ჩაიტარონ ქრონიკული დაავადებების მიმართულებით. ეს დღეები განსაკუთრებით საყურადღებოა მათთვის, ვისაც მომნელებელი სისტემის ქრონიკული პრობლემები აწუხებთ.

ამ სავსემთვარეობის დროს ცაზე მთვარისაგან მრავლობითი ასპექტები იქმნება, რომლებიც მთლიანობაში ძალზე საინტერესო კონფიგურაციას - აფრას აკეთებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამყაროსაგან მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ზურგის ქარი და ხელისშეწყობა გვექნება, თუკი ნებისყოფას, თვითკონტროლს და დისციპლინას გამოვიჩენთ, ანუ რასაც გეგმაზომიერი ქალწული ითხოვს ჩვენგან. ვის რა სფეროში ექნება კოსმოსისაგან მხარდაჭერა, უკვე პირად რუკაში უნდა ინახოს. მოიძიეთ რომელ სახლშიც ხვდება თქვენს ჰოროსკოპში ქალწულის 1-ლი გრადუსი, იმ თემებში იქნება ეს ხელშეწყობაც.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ სავსემთვარეობას გააჩნია ძალიან მძლავრი ენერგეტიკა, რომლის მუშაობასაც შესაძლოა ჰქონდეს როგორც ნეგატიური, ისე ჰარმონიული გამოვლინება. მთავარია, როგორ კალაპოტში მოვაქცევთ ამ ენერგეტიკას ჩვენი ქმედებებით, აზრებით, სიტყვებით. ანუ თუ გვსურს, რომ ჩვენი სურვილები ახდეს, უნდა შევეცადოთ, სწორ თანხვედრაში მოვიდეთ იმ იმპულსებთან, რომელსაც კოსმოსი ასხივებს. და რადგან ამჯერად ქალწულის ნიშანში ხდება სავსემთვარეობა, უნდა გავითვალისწინოთ ქალწულის ზოდიაქოს ტენდენციები.

ეს პერიოდი ხელს უწყობს არა ნებისნიერი ნატვრის ასრულებას, არამედ იმ სურვილებს, რომლებიც თვითგანწმენდასთან, ნეგატივისაგან გათავისუფლებასთან არის დაკავშირებული. ამაში შედის ნებისმიერი მავნე ჩვევა, დაწყებული სხვების გამუდმებული კრიტიკით, დამთავრებული თამბაქოს მოწევით ან თუნდაც ფრჩხილების კვნეტით... ასევე ქალწულში სავსემთვარეობის დროს შეგიძლიათ ჩაუთქვათ სამსახურში არსებული პრობლემების გამოსწორებაც, და რასაკვირველია ჯანმრთელობის საკითხები.

სხვა სავსემთვარეობებისაგან განსხვავებით, ქალწულში სავსემთვარეობის დროს არ გირჩევთ არც ლოცვებს, არც მედიტირებას. პირიქით, ეს პერიოდი უნდა პრაქტიკულ საქმეებს დაუთმოთ. პირველი რაც უნდა გააკეთოთ - აირჩიოთ თქვენი ცხოვრების რომელიმე სფერო, მაგალითად კარიერა, ჯანმრთელობა და ასე შემდეგ... და გააანალიზოთ, თქვენი ხასიათის რომელი თვისებები გეხმარებათ ამ მიმართულებით წარმატებების მიღწევაში, ან რა გიშლით. ამის შემდგომ აუცილებელია, რომ დაალაგოთ ის სივრცე, რომელშიც თქვენ გიწევთ მუდმივად ყოფნა. ეს შესაძლოა იყოს როგორც თქვენი ბინა, თქვენი ოთახი, ისე სამუშაო კუთხე ოფისში. მაგალითად გადაარჩიეთ თქვენი გარდერობი და გამოათავისუფლეთ დაპატარავებული ან უბრალოდ მოძველებული ტანსაცმლისაგან. გადაყარეთ სამუშაო მაგიდის უჯრებში დაგროვილი უსარგებლო, ზედმეტი ქაღალდები. ჩათვალეთ, რომ ეს არის აუცილებელი წინაპირობა, ძირითადი რიტუალი კი წყლით განბანვაა. ანუ აბაზანის მიღება. ცხადია, თუ აბაზანა არ გაქვთ, შესაძლებელია შხაპქვეშ დადგომაც. მაგრამ თუ აბაზანის შემთხვევაში 15 წუთიც საკმარისი იქნება, შხაპისათვის, უმჯობესია ამ დროის გაორმაგება. ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ არომატები პიტნის ან ლავანდას სურნელით. რადგან ეს მცენარეები შეესაბამებიან ქალწულის მმართველ პლანეტა მერკურის. ასევე მისაღებია ცისფერი შეფერილობის სანთლების დანთებაც უშუალოდ რიტუალის ჩატარების ადგილას. და რაც ყველაზე მთავარია - ქალწული არის მსახურების ნიშანი, ამიტომ აბაზანის მიღების პროცესში გაიხსენეთ, თქვენი რომელი ქმედებები შეიძლება რომ ჩაითვალოს ქვეყნის, ან თუგინდაც სამყაროს წინაშე მსახურებად? უნდა გახსოვდეთ, თუ თავად არაფერს გასცემთ, უკანაც ვერაფერს მიიღებთ....

რამდენ ხანში არის ამ ყველაფრის შედეგები მოსალოდნელი? ითვლება, რომ სავსემთვარეობის დროს წამოწყებული საქმეების სრული რეზულტატური სურათი თვალსაჩინო ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც დაახლოებით 6 თვის მერე იგივე ნიშნებში ხდება სავსემთვარეობა. ანუ შედეგები არ იქნება დაუყონებლივი. სამაგიეროდ ახლა შესაძლებელია ნაყოფი მოგცენ იმ საქმეებმა, რომლებსაც საფუძველი ქალწულის ნიშანში წინა სავსემთვარეობისას ჩაუყარეთ. ეს იყო შარშან, 26 აგვისტოს. ასე რომ შეგიძლიათ გაიხსენოთ, რა მიზნები და სურვილები გამოძრავებდათ იმ პერიოდში და თუ თქვენ არა მხოლოდ ოცნებობდით, არამედ პრაქტიკულ ნაბიჯებსაც დგავდით მათ განსახორციელებლად, აი უკვე ახლა შესაძლებელი იქნება, რომ თქვენი შრომის შედეგები მოიმკათ.

და ბოლოს, ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ეს სავსემთვარეობა უფრო მნიშვნელოვანი: ვინაიდან სავსემთვარეობის ღერძი გადის ქალწულისა და თევზების ზოდიაქოებზე, ყველაზე მეტ ზეგავლენას სწორედ ამ ნიშნების წარმომადგენლები იგრძნობენ. განსაკუთრებით კი მარტისა და სექტემბრის შუა რიცხვებში დაბადებულები. აგრეთვე ისინიც, ვისაც პირადი პლანეტები ან რუკის ისეთი მნიშვნელოვანი წერტილები, როგორიცაა asc და mc ჰყავთ ქალწულის ან თევზების 1 გრადუსებში. ამ ადამიანებს მოვუწოდებ იყვნენ კიდევ უფრო მეტად მობილიზირებულები, დისციპლინირებულები, კონტროლი გაუწიონ საკუთარ სიტყვებს, ქმედებებს".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს