ავტორი:

შილა ნა გიგ - რა დატვირთვა ჰქონდა შიშველი ქალის ეროტიკულ გამოსახულებას დიდი ბრიტანეთის ტაძრებზე შუა საუკუნეებში

შილა ნა გიგ - რა დატვირთვა ჰქონდა შიშველი ქალის ეროტიკულ გამოსახულებას დიდი ბრიტანეთის ტაძრებზე შუა საუკუნეებში

უკვე რამდენიმე ასწლეულია, რაც ინგლისის ეკლესიების მრევლს შიშველი ქალების გროტესკული გამოსახულება თრგუნავს, მაგრამ ვის მიერ და, რაც მთავარია, რატომ შეიქმნა აღნიშნული სკულპტურები, რომელთა არსებობა ქრისტიანული ტაძრების კედლებზე, მსუბუქად რომ ვთქვათ, გაუგებარია. 1992 წელს ბრიტანელმა მომღერალმა პი ჯეი ჰარვიმ გამოუშვა ალბომი სახელწოდებით Dry, რომელშიც ერთ-ერთი სიმღერის სიტყვები დახლოებით ასე ჟღერდა:

"შეხედე ჩემს განიერ თეძოებს, რომლებიც შექმნილია შვილის გაჩენისთვის, შეხედე ჩემს ტუჩებს, წითელს, როგორც ლალიშილა ნა გიგ, შილა ნა გიგ, შენ უბრალოდ ექსგიბიციონისტი ხარ!"

მაგრამ თუ მეოცე საუკუნის მიწურულის როკ მუსიკის მხურვალე ფანი არ ხართ და არც ნორმანული საეკლესიო არქიტექტურის მცოდნედ მიიჩნევთ თავს, მაშინ თამამად შეიძლება ითქვას, რომ შილა ნა გიგ-ის შესახებ არც კი გსმენიათ. ირლანდიური "ენიდან შილა ნა გიგ-ის" ზუსტი თარგმანი ასე ჟღერს: "ის შილა, რომელსაც მკერდი აქვს". იმის გათვალისწინებით, რომ სახელი შილას ინგლისური ვერსია ჯულია ან იულიაა, მაშინ უფრო თავისუფალ თარგმანში ამ სკულპტურების კრებითი სახელი შეიძლება იყოს "ჯულია მკერდით".

ქალის გამოსახულება, რომელიც სასქესო ორგანოს ხელით აფართოვებს, უკვე ათასწლეულზე მეტია, რაც მნახველში კითხვებს აჩენს, ის სირცხვილსა და, რიგ შემთხვევებში, მრისხანებასაც კი იწვევს. მრევლი და სასულიერო პირები ან ნამდვილად ვერ ამჩნევენ ამ გამოსახულებებს, ან მთელი ძალით ცდილობენ მათ იგნორირებას.

20 წლის წინ, პირველად შიშველი ქალის სკულპტურები თვალში მოხვდა უელსელ მკვლევარს, ჯონ ჰარდინგს და მას შემდეგ ის ყოველდღიურად ეძებს გაშიშვლებული ნატურის სულ უფრო მეტ წარმომადგენელს. პირველი შილა ნა გიგი მან 1998 წელს შროპშირის საგრაფოს ერთ-ერთ ეკლესიაში ნახა. დაინტერესებულმა მკვლევარმა ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის დახმარებით სცადა, თუმცა მცდელობამ წარუმატებლად ჩაიარა, ამის შემდეგ მან გადაწყვიტა ინტერნეტ-სივრცეში თავად განეთავსებინა გარკვეული ინფორმაცია შილა ნა გიგზე და უკვე დღის ბოლოსთვის მისი საფოსტო ყუთი სავსე იყო შეტყობინებებით იმის შესახებ, თუ სად იყო შესაძლებელი ქვის ქალბატონების ნახვა.

"ეს სკულპტურები ისეთი იშვიათი მოვლენა არ არის, როგორც იეტი, მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ ისინი ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. ისინი ჯგუფებად არის განთავსებული. შროპშირში მაგალითად ყველა შილა ნა გიგი ერთმანეთისგან დაახლოებით 16 კილომეტრის დაშორებით არის განთავსებული, ამასთანავე არც ერთი მათგანი არ ჰგავს დანარჩენს. ერთადერთი, რაც მათ აერთიანებს, უხეშად რომ ვთქვათ, არის ის, რომ ყველა მათგანი შიშველი ქალის გამოსახულებაა", - ამბობს ჯონ ჰარდინგი.

ყველაზე დიდი რაოდენობით შინა ნა გიგი ირლანდიაში შეგხვდებათ, ბრიტანეთის სხვა ნაწილში მათი რაოდენობა 60-ს შეადგენს, თუმცა მკვლევარის თქმით, ჯერ კიდევ შესაძლებელია ახალი გამოსახულების პოვნა. კითხვაზე - რატომ გახდა ქვის ეს გამოსახულება მაინც და მაინც ეკლესიის მორთულობა - ბრიტანეთში, ირლანდიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში ცალსახა პასუხი არ არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, ეს სკულპტურები, რომელიღაც წარმართულ ღვთაებას გამოხატავენ, სხვა ვერსიით - ნაყოფიერების თავისებურ სიმბოლოს წარმოადგენენ, მესამე ვერსიით კი, ისინი როგორც გარგულიები, მოწოდებულნი იყვნენ ბოროტების განსადევნად.

ბრაზილიელი სპეციალისტი ბარბარა ფრეიტაგი მიიჩნევს, რომ ეს სკულპტურები ადგილობრივი ქვის მთლელების შემოქმედება იყო, რომლებსაც სურდათ ამ გზით ადგილობრივი ქალებისთვის მშობიარობის პროცესი გაემარტივებინათ.

"როგორც წესი, შილა ნა გიგი გამოსახულია, ასე რომ ვთქვათ, მშობიარობის პროცეში და მათი ვულვა ისეთ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაშია, როგორშიც არის მშობიარობამდე, მშობიარობისას ან მას შემდეგ", - ამბობს სპეციალისტი.

არის სხვა ვერსიებიც, მაგალითად, ჯორჯია როუდსი, რომელმაც დაწერა სტატია "შილა ნა გიგ-ის გაშიფვრა", ვარაუდობს, რომ ეს "შიშველი და მელოტი" ქალები მიწის ქალღმერთს გამოსახავენ. ჯონ ჰარდინგი კი მიიჩნევს, რომ ტაძრებზე გამოსახული ეს სკულპტურები ადამიანს ვნების ცოდვისგან დაცვაში უნდა დახმარებოდა.

"შილები ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ კარიკატურულია და, საერთო ჯამში რომ ვთქვათ, არამიმზიდველი. მაგრამ ირლანდიაში ზოგიერთი მათგანი საზარელიც კი არის და თავისუფლად შეუძლია ადამიანის შეშინება, - ჯონ ჰარდინგის განმარტებით, ერთ-ერთი მსგავსი ფიგურა პემბრუკშირში მონასტრის კედელზე არის ამოტვიფრული, მისი ერთადერთი მაყურებლები ბერები შეიძლება ყოფილიყვნენ ამიტომ გასაგებია, რომ საუბარი იყო ცოდვაზე და არა ნაყოფიერების კულტზე", - ამბობს მკვლევარი.

მკვლევარის თქმით, ზოგიერთ ტაძარში შილების თავზე წვიმისგან დამცავებიც კი არის დამაგრებული, თუმცა მათდამი ყველგან ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არის. მაგალითად, ესექსში, სოფელ ისტორპში შილა ზედმეტად უხამსად მიიჩნიეს საეკლესიო ინტერიერისთვის და ის მუზეუმს გადასცეს. ქვის ზოგიერთი ქალბატონი მდინარეებშიც არის ნაპოვნი, მათ ცეცხლის კვალი აღენიშნებათ, მაშინ, როდესაც სხვები უბრალოდ მოხსნეს, დამალეს ან გაანადგურეს.

უნდა ითქვას, რომ მხოლოდ შილები არ თრგუნავდნენ მორწმუნეთა გრძნობებს საკუთარი გროტესკული სიშიშვლით. ისეც ხდება, რომ შილების სიახლოვეს სექსუალური აღგზნების მდგომარეობაში გამოსახული მამაკაცის ფიგურებიც არის წარმოდგენილი.

"უილტშირში, ქალაქ დავაიზიზში წმინდა იოანის ეკლესიაში ისინი საერთოდ ერთ ქვაზე სხედან. ქალის ფიგურა თავისი სასქესო ორგანოს დემონსტრირებას ახდენს, მაშინ, როდესაც მამაკაცის ფიგურას ხელი პენისზე უდევს", - ამბობს მკვლევარი ჯონ ჰარდინგი.

მსგავს ფიგურებს შორის მკვლევარი კიდევ ერთს გამოარჩევს, რომელიც აკრობატულ ილეთს ასრულებს ისე, რომ საბოლოოდ საკუთარ პენისს ტუჩებით ეხება. მკვლევარის განმარტებით, მსგავს თამამ გამოსახულებებს ქვეყნის მასშტაბით არაერთ ტაძარში შეხვდებით.

წყარო

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე