საფეხბურთო კლუბი „ცხინვალი“ თურქეთიდან სამშობლოში იმ ხუთი ფეხბურთელის გარეშე დაბრუნდა, რომლებიც, თურქული მედიის ინფორმაციით, ქურდობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლუბის დირექტორმა ქართლოს რუხაიამ განუცხადა, ფეხბურთელები, რომლებსაც თურქეთის სამართალდმცავებთან პრობლემები შეექმნათ, თურქეთში 1-ელ მარტამდე დარჩებიან.
„ჩვენ არ დავარღვიეთ ის 7- დღიანი ვადა, რომელიც მისცეს ფეხბურთელებს. პარასკევამდე დარჩება ხუთი ფეხბურთელი თურქეთში, რადგან ჩვენ ინტერესებში შედის, რომ ყველა საკითხი გაირკვეს, რათა შემდეგში თურქეთის ტერიტორიაზე პრობლემები არ შეექმნათ“, -აცხადებს ქართლოს რუხაია.
რუხაია კვლავ უარყოფს ფეხბურთელების დაკავების ფაქტს და ირწმუნება, რომ ხუთივე ფეხბურთელი ამ დროისთვის თურქეთში სასტუმროში იმყოფება.
შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელების დაკავების თაობაზე ინფორმაცია თურქულ მედიაში 22 თებერვალს გავრცელდა. მათივე ცნობით, ფეხბურთელებს ერთ-ერთ მაღაზიაში ტანსაცმლისა და ბოტასების ქურდობა ედებათ ბრალად.
საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ მენეჯმენტი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს. კლუბის ინფორმაციით, თურქეთის სავაჭრო ცენტრში გაუგებრობა მოხდა და სალარო აპარატმა შეძენილი ნივთები არ დააფიქსირა.