ავტორი:

რას ამბობდა წლების წინ უცხოურ მედიასთან ივანიშვილი ბიზნესის რეკეტზე - ფრაგმენტები იშვიათი ინტერვიუებიდან

რას ამბობდა წლების წინ უცხოურ მედიასთან ივანიშვილი ბიზნესის რეკეტზე - ფრაგმენტები იშვიათი ინტერვიუებიდან

ქართული ბიზნესსექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშის წინააღმდეგ სახელმწიფო მანქანა ჩაირთო. პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება, ეროვნული ბანკისგან უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნა და მუქარის წერილი ქვეყნის შს მინისტრისგან - ექსპერტების შეფასებით, "თიბისი ბანკის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენები და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აგორებული კამპანია გამოიწვევს იმას, რომ ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელება არც ადგილობრივ და მით უმეტეს არც უცხოელ ინვესტორებს არ მოუნდებათ, ეს კი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას მკვეთრად გააუარესებს.

ამავეს ამბობდა ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ახლა უკვე კრიტიკისა და ბრალდებების მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი 7 წლის წინ, თუმცა მაშინდელი მისი შეფასება მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალების" მხრიდან ბიზნესზე ზეწოლის პრაქტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული.

AMBEBI.GE-მ მოიძია ის იშვიათი ინტერვიუები მსოფლიო მედიის წარმომადგენლებთან, სადაც ბიძინა ივანიშვილი ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით საუბრობდა:

"ერთი რამ ცხადია: როდესაც ხელისუფლება ბიზნესს სრულად აკონტროლებს, ერთი ინვესტიციაც კი არ განხორციელდება ქვეყანაში" - აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის აგვისტოში, ამერიკული გამოცემა The Atlantic-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა ("მილიარდერი საქართველოს მმართველად - ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან", ავტორი: არმინ როსენი).

7 წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ბიზნესის მხურვალე დამცველს დღეს იმაში ადანაშაულებენ, რომ ანაკლიის პორტის წარმატებული პროექტის ხელში ჩაგდება სურს და ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიაც ამას უკავშირდება. ყველაფერი მართლაც შეიცვალა, რადგან ჯერ კიდევ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ თამამი იყო ბრალდებებში, როდესაც იმავე დანაშაულს მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირებდა.

"სააკაშვილი პროფესიონალი მატყუარაა. მან შეისწავლა როგორ დგინდება მსოფლიო ბანკის რეიტინგები. თუ საქართველოში ჩამოხვალთ, კომპანიის გახსნას ერთ დღეში შეძლებთ. მაგრამ, თუ მხოლოდ დოკუმენტების გაფორმებასთან დაკავშირებულ პროცესებს დავაკვირდებით, ეს ნამდვილად არის მიღწევა ევროპისა და მსოფლიო ბანკის თვალში. კი, ეს აძლევს მათ საშუალებას თქვან, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება შეიძლება.

მაგრამ, როგორც კი კომპანია მოგების მიღებას იწყებს, ისინი მოდიან და გართმევენ. აქედან გამომდინარე, ის რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება ერთ დღეში შეიძლება, ბევრს არაფერს ნიშნავს და არანაირი რეალური ბიზნესი აქ არ კეთდება" - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი The Atlantic-თან ინტერვიუში.

მილიარდერი ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის რეკეტზე სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემასთან ხშირად საუბრობდა. მაგალითად, Forbes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან პირდაპირ დაასახელა ის მაღალჩინოსნები, რომლებიც აღნიშნულ პროცესებს აკონტროლებდნენ.

"მთელი ბიზნესი კონტროლდებოდა. ამის სათავეში კი ძირითადად ოთხი ადამიანი იყო (სააკაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ადეიშვილი და თბილისის ყოფილი მერი უგულავა), მათ მთელი ფული თავისთვის მიჰქონდათ. მათი შემოსავლები, როგორც ამბობდნენ, 40-50 მილიონ დოლარს შეადგენდა თვეში. ეს არანორმალური შემოსავალია, განსაკუთრებით საქართველოსთვის.

კონტროლდებოდა არა მხოლოდ თითოეული ბიზნესმენი, არამედ ყოველი გამყიდველი ბაზრობაზე, რომელიც დღეში 10 დოლარის საქონელს ვაჭრობდა. მათი მიზანი იყო არა იმდენად ქონება, რამდენადაც კონტროლი, თუმცა ქონებასაც ითვისებდნენ. ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ბიზნესი ჰქონდათ, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე თავს შედარებით თავისუფლად გრძნობდნენ. შემდეგ მათ ეუბნებოდნენ: ან მოგვცემ ყველაფერს, ან ციხეში წახვალ, იქ იჯდები და შემდეგ მოგვცემ ყველაფერს. ნახევარი აძლევდა. მათ წინააღმდეგ, ვინც ქონების დათმობაზე უარს ამბობდა, დევნა იწყებოდა, ვიღაც ასწრებდა საზღვარგარეთ წასვლას, ვიღაც კი ვერა" - ამბობდა ივანიშვილი 2013 წელს Forbes-ის ჟურნალისტ ელენა ბერეზენსკაიასთვის მიცემულ ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ხდებოდა ბიზნესის კონტროლი სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ივანიშვილმა უპასუხა:

"მთავარ პროკურორს ჰყავდა ჯგუფი, რომელიც 5 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადარიცხვებს აკონტროლებდა. ამის შესახებ ყველამ იცოდა, შესაბამისად თითქმის მთელი ფულადი ნაკადი კონტროლდებოდა და ყველაფერი ისე იყო ორგანიზებული, რომ ეს ნაკადი მათთან მისულიყო.

როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, სოფლის მეურნეობის მინისტრს ბიზნესმენების შეკრება ვთხოვე, რომლებიც ამ სფეროში მუშაობდნენ, მინდოდა მესაუბრა მათან, თუ როგორ შეიძლებოდა განგვევითარებინა სოფლის მეურნეობა, რითი შემეძლო დავხმარებოდი. მან დამირეკა და მითხრა: "შოკში ვარ, ეს ბიზნესმენები არ არიან, ეს მონები არიან". მიმწყვდეულები, თვალებში მუდარით ელოდნენ, რომ ჩვენ მათგან რამის მოთხოვნას დავიწყებდით" - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუში.

იმისთვის, რომ მილიარდერი ბიზნესის შევიწროვებაში დაედანაშაულებინათ, სულ რამდენიმე წელი აღმოჩნდა საკმარისი, არადა ივანიშვილმა ყველაზე უკეთ უნდა იცოდეს, რას ნიშნავს ტელეფონზე განხორციელებული მუქარის ზარი აქციების დათმობის მოთხოვნით. როგორც Forbes-ისთვის 2005 წელს მიცემულ ვრცელ ინტერვიუში იხსენებს, 1996 წელს სან-ტროპეში კერძო ვილაზე ყოფნისას, მას დაურეკეს და КраМЗа-ს (კრასნოიარსკის მეტალურგიული ქარხანა) აქციების გაყიდვა მოსთხოვეს.

"ისეთი ხმით ლაპარაკობდა რომ შიგნით ყველაფერი გამეყინა. საფრანგეთში ვიყავი, თუმცა ღამით ყოველი შემთხვევისთვის ყველა კარი ჩავკეტე" - იხსენებდა ბიძინა ივანიშვილი Forbes-თან საუბარში ("ადამიანი ფულით", 2005 წლის მაისი. ავტორი: ელენა ბერეზენსკაია).

ქართულ მედიას ჯერ არ მისცემია შესაძლებლობა, მოესმინა ბიძინა ივანიშვილის კომენტარი "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ახლა პარტიაში სიტუაციის დალაგებით არის დაკავებული....

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმიდან"

იტალიასთან ფრენების შეჩერების საკითხი განიხილება

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმიდან"