ავტორი:

დედა-შვილის ბურუსით მოცული მკვლელობა ტახტისძირში - "საშინელი სურათი დაგვხვდა... დედა იატაკზე მარცხენა მხარეს იწვა, მის გვერდით იწვა მერიც"

დედა-შვილის ბურუსით მოცული მკვლელობა ტახტისძირში - "საშინელი სურათი დაგვხვდა... დედა იატაკზე მარცხენა მხარეს იწვა, მის გვერდით იწვა მერიც"

2017 წლის ივნისში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში დედა-შვილი ნაზი ჯალაბაძე და მერი ჯაფიაშვილი მოკლეს. სასტიკი შემთხვევიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვინ და რატომ სცემა სასტიკად და საკონტროლო გასროლებით მოკლა დედა-შვილი.

აღნიშნული შემთხვევის შესახებ ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის პროექტი "ფემიციდი" წერს. გთავაზობთ ჟურნალისტ გვანცა სუთიძის მიერ მომზადებულ სტატიას.

***

ნაზი ჯაფიაშვილი, რომელსაც მეზობლები მანანას ეძახდნენ, სოფელ ტახტისძირში ცხოვრობდა. სამი ქალიშვილიდან ერთი, 31 წლის მერი დედასთან ხშირად ჩადიოდა და რჩებოდა. 2017 წლის ივნისშიც ტახტისძირში იყო. ბოლოს მეზობლებმა დედაშვილი 11 ივნისს ნახეს. გვიანობამდე კარის მეზობელთან იყო, რომლებიც ასევე ოჯახის ნათესავები არიან.

დაახლოებით 23 საათისთვის მერი სახლში შევიდა. მეორე დღეს 12 ივნისს აღარ გამოჩენილან. მეზობელი თინა კობერიძე იხსენებს, რომ 12 ივნისს ჯაფიაშვილების სახლის ფანჯრებიდან შუქი მთელი დღის განმავლობაში გამოდიოდა, მაგრამ ყურადღება არ გაუმახვილებიათ.

12 ივნისს მათ სახლში არც მეზობლები შესულან. როცა დედა-შვილი აღარც 13 ივნისს გამოჩნდა, ორმა მეზობელმა სახლი შესვლა გადაწყვიტა.

თინა კობერიძე გვიყვება: "მეზობელს ვკითხე, სტუმრები ხომ არ ჰყავთ სახლში თქო, მაგრამ ხმაური არ გამოდიოდა. დილითაც დავურეკე, მაგრამ ყურმილი არ აიღო. ამის შემდეგ სახლში შესვლა გადავწყვიტეთ. ჯერ გარედან ვუძახდით, სახლის კარიბჭე ჩაკეტილი იყო, ამიტომ მეზობლის ბიჭი გადავსვით ეზოში და შიგნიდან გაგვიღო. ეზო გავიარეთ და სახლთან მივედით, თან მათ სახელს ვყვიროდით. ვერავინ იფიქრებდა თუ აქ ასეთი რამ მოხდებოდა.

სახლის შესასვლელში ორი ჩუსტი წაღმა-უკუღმა ეყარა და შუაში სისხლის წვეები იყო. ოთახის კარი ღია იყო და კარის ზღურბლზე მანანას პატარა ძაღლი იჯდა. ოთახში რომ შევიხედეთ, საშინელი სურათი დაგვხვდა. დედა იწვა იატაკზე მარცხენა მხარეს, თითქოს ხალათი თავზე წამოიფარაო, ფეხზე ჩუსტები არ ეცვა. მის გვერდით მარჯვენა მხარეს იწვა მერი, რომელსაც თავით ჰქონდა გატეხილი გაზქურის შუშა და ნამსხვევები ეყარა. სისხლის გუბეც იყო.

სახლი, სადაც მკვლელობა მოხდა

მეზობლების ყვირილზე პოლიციის მისვლამდე სხვა თანასოფლელებმაც მოიყარეს თავი.

სახლიდან არაფერი იყო წაღებული. მეზობლები იხსენებენ, რომ პატარა ოთახი, სადაც ორი ადამიანი მოკლული იპოვეს, განგებ დალაგებულს ჰგავდა.

სამართალდამცავების ცნობით, 66 წლის ნაზი ჯალაბაძისა და 31 წლის მერი ჯაფიაშვილს თავში ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდათ ნასროლი. სხეულზე აღენიშნებოდათ ფიზიკური დაზიანების, ცემის კვალი. არცერთს არ აღენიშნებოდა სექსუალური ძალადობის ნიშნები.

წესრიგში იყო თაროები, გაზქურაზე ყავის მადუღარაც კი სწორად იდგა. ზაფხულში, როდესაც ყველას ღია აქვს ფანჯრები და სადაც მჭირდოდ დასახლებული სოფელია, მეზობლები ამბობენ რომ არც ქალების კივლის ხმა და არც სროლა არ გაუგიათ. ერთადერთი ქალი ამბობს, რომ ყრუ ხმა მოესმა, მაგრამ ტახტისძირი ოკუპირებული ტერიტორიის მომიჯნავე სოფელია და ყურადღება ამ ხმისთვის არ მიუქცევია.

მზია კოპალიანი: "ხმა გავიგე, მაგრამ, თითქოს, შორიდან მოდიდა და ყრუდ ისმოდა. რას წარმოვიდგენდი... მაშინ დავწექი და დავიძინე. ცამეტში აქ რომ შემოვედი ეზოში მახსოვს, ღობეზე იყო ფეხის კვალი. მიწაზე, ხრეშშიც იყო ნაფეხური. როგორც ჩანს, მკვლელი რკინის ღობიდან გადმოვიდა და შემდეგ ისევ აქედან გადახტა".

დადგინდა მკვლელობის თარიღი -- 11 ივნისი.

ღამის 11:30-დან 12 საათამდე მერი ჯაფიაშივლი, სავარაუდოდ, ფსალმუნებს კითხულობდა, რადგან მეორე სართულზე ლოცვების წიგნი დასაწყისშივე გადაშლილი იპოვნეს.

ვარაუდობენ, რომ მკვლელი ამ დროს შევიდა პირველ სართულზე, ხმაურზე კი შვილი მერი ჯაფიაშვილი ქვემოთ ჩავიდა. ერთმანეთს ემთხვევა ორივეს გარდაცვალიების დროც.

მეზობლებს კარგად ახსოვთ, რომ ოთახში, როცა ცხედრები აღმოაჩინეს, ტელევიზორი ჩართული იყო, მაგრამ ხმა ბოლომდე ჩაწეული ჰქონდა. წინა დღეს, 12 ივნისს კი, როგორც ახსოვთ, ჯაფიაშვილების სახლიდან ტელევიზორის ხმა ჯერ საკმაოდ ხმამაღლა ისმოდა და შემდეგ გაჩუმდა. აქედან გამომდინარე, მეზობლები ვარაუდობენ რომ:

- მკვლელი სახლში მეორე დღეს დაბრუნდა

- ტელევიზორს ხმა ჩაუწია

- ოთახი დაალაგა

- კარი შეღებული დატოვა, რომ სუნი არ დარჩენილიყო.

13 ივნისს, ცხედრების აღმოჩენიდან რამდენიმე საათში, ჩხრეკა მეზობლის, ომარ ბაციკაძის, სახლში ჩატარდა. მის სახლში ერთი მასრა აღმოაჩინეს. ბალისტიკური ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ მასრა იმავე იარაღიდან იყო გასროლილი, რითაც ორმაგი მკვლელობა მოხდა.

20 ივნისს სამართალდამცავებმა ძებნა ბაციკაძის სახლიდან მოშორებით, მის კუთვნილ მიწის ნაკვეთში დაიწყეს. სადაც დამარხულ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს, 3 მჭიდს და 85 ვაზნას მიაკვლიეს. ავტომატთან ერთად იპოვეს ქურთუკი, რის ჯიბეშიც ქაღალდის ნაგლეჯზე ტელეფონის ნომრები იყო. დაზარალებულების ადვოკატის ინფორმაციით, ტელეფონის ნომერი იმ ადამიანს ეკუთვნოდა, ვისთანაც ნაცნობობა სოფელში მხოლოდ ბაციკაძის მამას ჰქონდა.

ექსპერტიზით დადგინდა რომ სწორეთ ამ კალაშნიკოვიდან გასროლით მოკლეს დედა-შვილი. გამოძიების ინფორმაციით ბაციკაძის სახლში რამდენჯერმე ჩატარდა ჩხრეკა, განმეორებითი ჩხრეკის დროს სახლის პერიმეტრზე 7 ძველი მასრა აღმოაჩინეს. ომარ ბაციკაძე იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

გორის საქალაქო სასამართლომ ის გაამართლა, მოგვიანებით სააპელაციო სასამართლმ დამნაშავედ სცნო და წელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაზარალებულების ადვოკატი რევაზ რევაზიშვილი ამბობს, რომ მისთვის მხოლოდ ამ მუხლით ბრალის წაყენება თავიდანვე პროკურატურის შეცდომა იყო:

"პროკურატურას ბრალი უნდა წაეყენებინა არა შეძენა-შენახვსითვის, არამედ განზრახ მკვლელობისთვს. ამის საკმარისი საფუძველი არსებობდა მაშინაც, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ჩვენ არ ვამტკიცებთ რომ ომარ ბაციკაძე დამნაშვაეა, თუმცა ბრალის წარსადგენად რომ საკამრისი მტკიცებულებები არსებობს, ამასზე ვსაუბრობთ."

შემთხვევის ადგილზე არც ომარ ბაციკაძის გენეტიკური მასალაა აღმოჩენილი და არც თითის ანაბეჭდები. ასევე არ არსებობს მოწმე, რომელმაც ის იმ სახლში შესული ან გამოსული დაინახა. არც ნაპოვნ იარაღთან და მასრებთან მისი შემხებლობა დადასტურდა.

ბაციკაძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. მისი თქმით, სახლისგან მოშორებულ ნაკვეთში ნებისიერს შეეძლო იარაღის მიწაში დამალვა: "არ არსებობს არანაირ მტკიცებულება, რომ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა არსებული დანაშაული, პირიქით არსებობს მტიცებულებები, რაც ამას გამორიცხავს".

სოფლის მოსახლეობიდან დაახლოებით ოც მამაკაცს აუღეს დნმ-ის ნიმუში. ცხედრების აღმოჩენის დროს, პოლიციის მისვლამდე შემთხვევის ადგლიზე თითქმის მთელი სოფელი მივიდა და რაც არ გამორიცხავს, რომ შემთხვევის ადგილი დაბინძურდა.

თანასოფლელები და ოჯახის წევრები მკვლელობის მოტივზე მხოლოდ ვერსიების და ვარაუდების დონეზე საუბრობენ. ერთადერთი, რაზეც მოკლული ნაზი ჯაფიაშვილის ქალიშვილი ჯუნა ეჭვობს ის არის, რომ ის მაშინ ახალი გათხოვილი იყო და შესაძლოა ვინმემ იფიქრა, რომ სოფელში მან ოქრო ან ფული საქორწინო მოგზაურობაში წასვლამდე დედას დაუტოვა, მაგრამ ის ამბობს, რომ დედას და დას არც ფული ჰქოდნათ და არც ძვირფასეულობა. თუ მკვლელი დასაყაჩაღებლად მივიდა, თანხას ვერ მიიღებდა, ამიტომ, შეიძლება, მსხვერპლებს ფიზიკურად გაუსწორდა. დედამ და დამ შეიძლება ის იცნეს და ამიტომ მან ცოცხალი არც ერთი აღარ დატოვა.

ავტორი: გვანცა სუთიძე

წაიკითხეთ ვრცლად: femicide.ge-ზე

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო