ავტორი:

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ შენობაში ჩვენს თვალწინ ვინმე სიგარეტს ეწევა

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ შენობაში ჩვენს თვალწინ ვინმე სიგარეტს ეწევა

როგორც ცნობილია, საქართველოს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში - შენობა-ნაგებობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კაფე-ბარებში, გარდა დადგენილი გამონაკლისებისა, აიკრძალა. სავალდებულო გახდა შენობის ტერიტორიაზე - ყველა შესასვლელსა და სხვა თვალსაჩინო ადგილზე თამბაქოს მოწევის აკრძალვა-შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების განთავსება, შესაბამისი წარწერა და ნიშანი თამბაქოს მოწევის აკრძალვის თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ხელს უწყობს კანონის აღსრულებას და ყველა წესს იცავს, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, უხეშად არღვევენ კანონს და სხვა ადამიანების უფლებებს.

როგორ უნდა მოვიქცეთ მოქალაქეები, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტზე კანონდარღვევის ფაქტს შევესწარით, - თუკი კაფეში ჩვენს თვალწინ ვიღაც დაუდევრად ეწევა? საინტერესოა, ასეთ დროს რას მოიცავს რეკომენდებული მოქმედების სქემა? როგორია დღეისათვის სტატისტიკა - ბევრი ადამიანი არღვევს კანონს? რა მდგომარეობაა რეგიონებში ამ მიმართულებით და როგორია მოსახლეობის დამოკიდებულება ამ თემის მიმართ, ამაზე არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი (დაავადებათა კონტროლის ცენტრი) ლელა სტურუა გვესაუბრება:

  • თუკი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, კანონდარღვევა თქვენს თავლწინ ხდება, პირველ რიგში, უნდა მიმართოთ იმ ადამიანს, რომელიც კანონს არღვევს და მოუწოდოთ, არ დაარღვიოს კანონი, სიგარეტი ჩააქროს. თუ არ მოგვისმენს და გაგვიძალიანდება, მაშინ უნდა მიმართოთ დაწესებულების მენეჯერს.
  • თუკი მსგავსი ფაქტი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხდება, მძღოლს უნდა მოსთხოვოთ, მასზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულოს, კანონი აღასრულოს და მის ტერიტორიაზე კანონდარღვევა აღკვეთოს.
  • თუკი მენეჯერი, მძღოლი არ დაგემორჩილათ, მაშინ უნდა შეატყობინოთ სამართალდამცავ ორგანოებს, ვინც ამა თუ იმ საკითხზე პასუხისმგებელია.

ამასთან, ყველას მოვუწოდებ, გამოიყენოს 112-ის მობილური აპლიკაცია, რომელიც ჩამოტვირთული უნდა ჰქონდეს ტელეფონში. მობილური აპლიკაციის საშუალებით ამა თუ იმ კანონდარღვევის შესახებ 112-ში უნდა გაიგზავნოს ინფორმაცია, სადაც დაფიქსირდება, სად მოხდა კანონდარღვევა. შემდეგ ინფორმაცია პატრულს გადეცემა და უკვე პატროლი აღსრულებს კანონს.

- პირი, რომელიც კანონის დარღვევის შესახებ შესაბამის სამსახურს მიაწვდის ინფორმაციას, არის თუ არა მისი ანონიმურობა დაცული?

- თუ პირს უნდა, ანონიმურად დარჩეს, მისი ანონიმურობა დაცული იქნება. ზოგ შემთხვევაში, ადამიანს არ სურს ანონიმურობა და მისი სახელი და გვარი გაჟღერდება.

- როგორია ამ ეტაპზე სტატისტიკა?

- საქართველოს მასშტაბით მუდმივად ვახორციელებთ მონიტორინგს და სხვადასხვა წყაროდან მოსულ ინფორმაციას უყურადრებოდ არ ვტოვებთ. კანონის აღსრულება 90%-ზე მაღლაა. ინფორმაცია როგორც ჩვენთან, ცხელ ხაზზე, ისე 112-შიც მიდის, მაგრამ ჯერ კიდევ ბვერმა არც იცის, რომ 112-ით საკუთარი უფლებების დაცვა შესაძლებელია.

დარღვევის შესახებ ინფორმაციას პირად ტელეფონზეც ვიღებ და უყურადრებოდ არც ერთ ზარს არ ვტოვებთ - ვრეკავთ იმ დაწესებულებაში, ხელმძღვანელს ვესაუბრებით, საიდანაც დარღვევაზე ინფორმაცია შემოვიდა. გარდა ამისა, დარღვევებზე გვატყობინებს სხვადასხვა არსამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც კანონის აღსრულების მონიტორინგში გვეხმარებიან.

სამწუხაროა, რომ დღემდე შემოდის ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებში დარღვევებთან დაკავშირებით. იქ გარკვეული სუბორდინაცია არსებობს და ქვემდგომი ზემდგომთან თავისი ძალებით გამკლავებას ვერ ახერხებს, ამასთან, თანამშრომელი საკუთარ უფლებებს ვერ იცავს. ამ შემთხვევაშიც, ადამიანების ანონიმურობის დაცვით, სიტუაციის დარეგულირებას ვცდილობთ.

- როგორი მდგომარეობაა რეგიონებში ამ კუთხით?

- რეგიონებში თითო მონიტორი დაავადებათა კონტროლის ცენტრს ჰყავს. გარდა ამისა, სამართალდამცავი ორგანოები რეგიონებშიც მკაცრად მუშაობენ... შარშან ამ მიმართულებით საგანმანათლებლო-საინფორმაციო გასვლები გვქონდა. თუმცა წელს უფრო აქტიურები გავხდებით და მხოლოდ ინფორმაციის გადაცემით არ შემოვიფარგლებით, უკვე მოვთხოვთ. გამოვიძახებთ პატრულს - უკიდურესი ზომებს მივმართავთ და მონიტორებსაც ამას მოვუწოდებთ.

- როგორია თვითონ მოსახლეობის დამოკიდებულება?

- რასაც ვუყურებთ, დადებითია, იმიტომ, რომ ყველას ძალიან მოსწონს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში - რესტორნებში, კაფეებში და ა.შ. აღარ არის თამბაქოს კვამლი, შეუძლიათ შვილების მიყვანა, მათ თმას, ტანსაცმელს აღარ ასდის თამბაქოს სუნი. შენობიდან გასვლაზე და გარეთ მოწევაზეც ზოგადად ადამიანების დამოკიდებულება პოზიტიურია. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ იგივე საჯარო მოხელეები, გარკვეულ შემთხვევაში, რაზეც უკვე მოგახსენთ, გარეთ არ გადიან და საკუთარ ოთახებში ეწევიან. დაუმორჩილებლობას უმეტესად ამ კუთხით ვაწყდებით...

ყოველ წელს, წელიწადში ორჯერაც, თამბაქოს მსოფლიო დღეს, საქართველო თამბაქოს გარეშე და ასეთ დღეებში, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც კანონს იცავენ და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას იჩენენ, ვაჯილდოებთ, რასაც წელსაც გავაგრძელებთ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ