ავტორი:

ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შევიდნენ? - რას წერენ ადგილობრივები

ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შევიდნენ? - რას წერენ ადგილობრივები

ხურვალეთის თავშესაფარის ხელმძღვანელი ლუდა სალია "ფეისბუქზე" ავრცელებს ფოტოს და ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შევიდნენ.

"SOS ვითხოვთ შველას! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს. მოგვხედეთ, გვიშველეთ! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები დგანან, მოსახლეობის ეზოებში" - წერს ლუდა სალია და ავრცელებს ფოტოს, რომელზეც შეიარაღებული ნიღბიანი პირები ჩანან.

ნახეთ ვიდეო: ხურვალეთში შეიარაღებული ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ - პირველადი ინფორმაცია და ვიდეომასალა ადგილიდან

შემთხვევა ხდება სოფელ ხურვალეთის განაპირას, იმ ტერიტორიაზე, სადაც 7 თებერვალს დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა სამეთვალყურეო კოშკურა დაამონტაჟეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განუცხადა, ჯერჯერობით მათი გამოჩენის მიზეზი უცნობია.

“სამი ნიღბიანი პირი ამ კოშკურიდან დაახლოებით 10 მეტრით აქით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, მათი გამოჩენის მოტივი. ადგილზე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცავები, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის წარმომადგენლები და ვითარებას აკონტროლებენ. ამ წუთებში დაძაბული ვითარება არ არის“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა განუცხადა, რუსების რამდენიმე ათეული სამხედრო მანქანაა შესული სოფლის იმ ნაწილში, რომელიც ქართული მხარის კონტროლის ქვეშაა.

"იქიდან გვირეკავს ქალბატონი და სრულ პანიკაშია. იქ მცხოვრებლებს ერთი და ორი რუსი ჯარისკაცის დანახვა არ უკვირთ, მაგრამ ახლა ძალიან ბევრია შესული. ჩვენი სამართალდამცველები ცენტრალურ მაგისტრალზე არიან მობილიზებული. ძალიან ბევრი პოლიციელია და ისინი ჩვენ არ გვიშვებენ სოფელში, არადა ხურვალეთში ჩვენი შესვლა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩამოვიდეს და პრინციპულად არ უნდა დავთმოთ ეს ტერიტორია. სამ წუთში ერთხელ ქართული მხრიდან ჯიპები შერბიან დიდი სიჩქარით და გამოდიან, სადამკვირვებლო მისიის მანქანებიც დავინახეთ რომ შევიდნენ, მობილიზება იგრძნობა“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

ინფორმაციას, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან არ ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან. საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - განუცხადეს სუს-ში "ინტერპრესნიუსს".

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი