ავტორი:

"ვიდრე მართლმადიდებლები ერთმანეთს ებრძვიან, მუსლიმები გავლენებს იძლიერებენ..." - რატომ აშინებთ აფხაზებს მუსლიმების გააქტიურება

"ვიდრე მართლმადიდებლები ერთმანეთს ებრძვიან, მუსლიმები გავლენებს იძლიერებენ..." - რატომ აშინებთ აფხაზებს მუსლიმების გააქტიურება

ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ადიღესა და კრასნოდარის მხარის მუსლიმური დიასპორა, სოხუმში მდებარე მეჩეთის გაფართოებას იწყებს. ამის შესახებ, რეგიონში ადიღეს რესპუბლიკისა და კრასნოდარის მხარის მუფტი ასკარბია კარდანოვი აცხადებს.

Апсныпресс-ის ინფორმაციით, სასულიერო პირების დელეგაცია აფხაზეთში იმყოფებოდა და ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას წარმომადგენლობას შეხვდა. ჩრდილოეთ კავკასიელი სტუმრების ინიციატივით, გეგმაში აქვთ გუდაუთის მეჩეთის გაფართოვებაც.

"ჩვენი ვიზიტის მიზანია ჩვენს ძმებთან, მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობის გამყარება და კავშირების გაფართოება. ჩვენ ადგილობრივებს ასევე ინფორმაცია მივაწოდეთ რეპატრიაციის შესახებ. ვისაუბრეთ შემდეგ გეგმებსა და თანამშრომლობის საკითხებზე, როგორც სასულიერო ასევე, სოციალურ სფეროებში" - განაცხადა კარდანოვმა სოხუმში ყოფნისას.

მასთან საუბრის შემდეგ, აფხაზურ მედიასთან კომენტარი გააკეთა აფხაზეთის მუფტმა თემურ ძიბამ და აღნიშნა, რომ "მუჰაჯირობის წლებში აფხაზ და ადიღეველ ძმებს შორის ხანგრძლივი პაუზა იყო, რამაც აფხაზეთში ქართული ჰეგემონიის წლებში უფრო ფართო მასშტაბები მიიღო... ამ ვიზიტის შემდეგ, ჩვენი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში უფრო მჭიდრო გახდება" - განაცხადა მან.

ადიღეველი მუფტის ცნობით, სოხუმის მეჩეთის გასაფართოებელი თანხა და გეგმა აფხაზ მუფტს გადაეცა...

ამ ინიციატივას ადგილობრივი მოსახლეობა არაერთგვაროვნად შეხვდა. საკითხის Абхаз Авто-ზე განხილვისას, ერთი ნაწილი წერს, რომ ღმერთი ყველასთვის ერთია და ლოცვის უფლება ყველას აქვს; სხვები ამბობენ, რომ აფხაზეთი ყოველთვის ქრისტიანული ქვეყანა იყო” და ბოლო დროს მუსლიმების მომრავლება და მათი გავლენების გაძლიერება, არა მხოლოდ სოხუმში, მთლიანად რეგიონში, ქრისტიანების სისუსტეს უსვამს ხაზს...

“საქმე ის არის, რომ საუკუნეების განმავლობაში აფხაზები ქრისტიანები იყვნენ. ამას ჩვენს მომავალ თაობას უნდა ასწავლიდნენ, თუკი ჩვენ თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და სამშობლოს სიყვარულზე გვაქვს პრეტენზია. თუმცა, ამაზე არავინ ფიქრობს,“ - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი.

“მეჩეთების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ დღეს ერთს გააფართოვებენ, ხვალ კიდევ მეორის აშენება მოუნდებათ და ასე შემდეგ... მათ ძალიან ბევრი ფული აქვთ. კი ბატონო, ააშენონ, მაგრამ ფული ბევრ რამეს წყვეტს, მით უფრო ჩვენს რეალობაში და შემდეგ იტყვიან, აი, ერთი არ არის საკმარისი, კიდევ გვჭირდებაო," - წერს ერიკ არჩბა.

“ვინც წერს, რომ აფხაზეთში არც ისე ცოტა მუსლიმია, მათ საყურადღებოდ - ვფიქრობ, აჭარბებთ... რაც შეეხება აფხაზეთში ისლამის გავრცელებას, აქ ნამდვილად გვჭირდება სერიოზული დაფიქრება. ისლამთან და ზოგადად, სხვა რელიგიებთან ურთიერთობებზე “სიყვარულით არასდროს იწერებოდა” და წარსულის გათვალისწინება აუცილებელია,” - წერს ინტერნეტმომხმარებელი “ვოვა პუტინის” ზედმეტსახელით.

“ვიდრე მართლმადიდებლები ერთმანეთს ებრძვიან, მუსლიმები რეგიონში გავლენებს იძლიერებენ” - წერს ნიკოს კსენაკისი.

“ეს ჩვენს ხელისუფლებაში მყოფი უტვინოების მართვისა და მათზე ზეწოლის კიდევ ერთი მექანიზმი იქნება. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც რელიგიური უთანხმოება ხალხებს შორის სისხლიანი ომების მიზეზი გამხდარა...” - მიაჩნია “იასონ აფხაზს.”

“გაიხედეთ სოფლებსა და რაიონებში როგორ ცხოვრობს ხალხი, მათ პურის ფულისა და გადარჩენისთვის ყოველდღიური ბრძოლა უწევთ. “იეჰოვას მოწმეებმა” უამრავი ადამიანი მხოლოდ იმიტომ გადაიბირეს, რომ მათ შემოსავალი მისცეს. განათლების მხრივ რაც ქვეყანაში ხდება, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ასე რომ, - იგივე მოხდება ახლაც... მათი გავლენების გაძლიერება უკვე თვალში საცემია” - ამბობს მარინა ძიაპშბა.

“ვიღაცეებმა ვითომ პატრიოტული მოტივით ირბინეს ჩრდილოეთ კავკასიაში, - რაღაც საეჭვო ფულებით ასევე საეჭვო ორგანიზაციები შექმნეს. ამის შედეგია ეს ყველაფერი, ხვალ კადიროვის წესები რომ დაამკვიდრონ, არც გამიკვირდება. მიდით, ასე გააგრძელეთ და ტურისტები თანდათან დაივიწყეთ!” - წერს ინტერნეტმომხმარებელი ირაკლი კიუტი.

ფოტო: apsnypress.info

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი