ავტორი:

"ერთი ოჯახიდან "აივ ვირუსს" სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ჩვილი" - აფხაზეთში შიდსსა და C ჰეპატიტს ვერ უმკლავდებიან

"ერთი ოჯახიდან "აივ ვირუსს" სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ჩვილი" - აფხაზეთში შიდსსა და C ჰეპატიტს ვერ უმკლავდებიან

“არა დამოკიდებულებას” - ასე ჰქვია ინტერნეტგამოცემა Apsny LIFE-ის გადაცემას, რომელიც ახალი ათონის მონასტერთან და აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიასთან ერთად აკეთებს პროექტს შიდსის და C ჰეპატიტის საკითხებზე.

პროექტის ავტორების თქმით, აფხაზეთში ეს პრობლემა მაქსიმალურად გასაიდუმლოებულია, დუმილის ფონზე კი, როგორც “აივ ვირუსი” ასევე, C ჰეპატიტი ძალიან სწრაფად ვრცელდება, მისი გავრცელების ძირითადი წყარო კი ინტრავენური ნარკომანიაა. ამ მხრივ რეგიონში უმძიმესი ვითარებაა. საქმე ის არის, რომ ადგილობრივ საზოგადოებაში ვირუსის მატარებლების მიმართ დამოკიდებულება არც ისე ლოიალურია და ეს ეხება, როგორც დაინფიცირებულ ზრდასრულებს, ასევე ბავშვებს...

Apsny LIFE მორიგ გადაცემაში ჰყვება ორი ახალგაზრდის ისტორიას, რომლებიც შიდსითა და C ჰეპატიტით არიან დაავადებულნი. გადაცემის წამყვანის ნაალა მუკბას თქმით, მათ დიდი ძალისხმევის შედეგად იპოვნეს ნარკოდამოკიდებული გოგონა, რომელსაც C ჰეპატიტი აქვს და ამას ოჯახის წევრებს უმალავს.

27 წლის გოგონა ჰყვება, რომ დაახლოებით 10 წლის წინ ასაკით უფროსი მამაკაცი გაიცნო, რომელიც ნარკოდამოკიდებული იყო. სწორედ მისი გავლენით, ინტერესის გამო რამდენჯერმე გასინჯა ნარკოტიკი და შემდეგ კარგა ხნის განმავლობაში მოიხმარდა ნარკოტიკს, კონკრეტულად ჰეროინს. შედეგად ღვიძლი დაუავადდა, ქრონიკული სიგამხდრე დაეწყო და ვერც ნარკოდამოკიდებულებას უხერხებს რამეს...

ადგილობრივი ექიმი, რეგიონის მთავარი თერაპევტი, ექიმი-ჰემატოლოგი, ანჟელა არჩელია გადაცემაში ამბობს, რომ საავადმყოფოში ათეულობით ადამიანი დადის სამკურნალოდ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რეგიონში არსებულ სურათს სრულად ასახავს. მისივე თქმით, “დაავადებული ადამიანების ასაკი 50-წლამდეა, რაც მხოლოდ მათი ოჯახების კი არა, მთლიანად აფხაზეთის ტრაგედიაა”.

ამჟამად რეგიონის ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში, აღრიცხვაზე მყოფი C ჰეპატიტის ვირუსის მქონე ადამიანთა ოფიციალური რაოდენობა, დაახლოებით 2 000, თუმცა ექიმების თქმით, მათი რაოდენობა 5 ათასია. შარშან კი, ე.წ. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მხოლოდ 5 ადამიანს დაეხმარნენ. მკურნალობის ხარჯები დაახლოებით, 1 350 000 რუბლია. ექიმი არჩელიას თქმით, ესეც ბევრს ნიშნავს, თუმცა, საკმარისი არ არის.

პროექტში ჩართული არიან ათონის მონასტრის სასულიერო პირებიც. ერთ-ერთი მათგანი, დავით სარსანია ამბობს: "იმისათვის, რომ ვირუსით დაინფიცირებულებმა სრულფასოვნად იმკურნალონ, საქართველოში მიდიან და იქაურ მოქალაქეობას იღებენ. ეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად სჭირდებათ, რადგან მათ იქ უფასოდ მკურნალობენ...”

სოხუმში არსებული შიდსის ცენტრის მთავარი ექიმი, ნათელა თოფურია ამბობს, რომ მათ ცენტრში ამ დროისთვის აღიცხვაზე “აივ ვირუსის” მქონე 700-მდე პაციენტია და მათი უმეტესობა ქალი და არასრულწლოვანია. მათ შორის, არიან ფეხმძიმე ქალებიც... ამასთან, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც, “აივ ვირუსის” მატარებელ პაციენტებზე ოჯახმა უარი თქვა და ეს ბავშვებსაც ეხება.

ექიმი იხსენებს შემთხვევას - მრავალშვილიანი დედა, რომელიც "აივ ვირუსის" გამო დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა:

"სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეების მშობლები მისი შვილების სკოლიდან გაყვანას მოითხოვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ჯანმრთელები იყვნენ... დედამ სტრესს ვერ გაუძლო, მკურნალობა შეწყვიტა და მალევე გარდაიცვალა კიდეც...” - იხსენებს თოფურია, რომლის თქმითაც, ქალს ვირუსი ნარკოდამოკიდებული ქმრისგან გადაედო. ამის შესახებ ფეხმძიმობისას შეიტყო. ვირუსი აღმოაჩნდა ჩვილსაც, რომელიც 10 თვისა გარდაიცვალა... “ასეთი რეალობა გვაქვს - ერთი ოჯახიდან “აივ ვირუსს” სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ჩვილი, ეს რა თქმა უნდა, ტრაგედიაა” - ამბობს თოფურია.

გადაცემიდან ირკვევა, რომ ადგილობრივ მოსახლოებას არც ერთი ვირუსის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია არ აქვს. ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, ის კარგად არ არის ამ თემაში გარკვეული თუ გაიგებს, რომ მისი შვილის სკოლაში ვირუსის მქონე ბავშვია, აუცილებლად მოითხოვს მის გაყვანას, “რადგან ზედმეტი პრობლემები არ სჭირდება..."

რეგიონში რამდენიმე ახალგაზრდა ჯანსაღი ცხოვრების წესსაც უწევს პროპაგანდას, თუმცა, ეს არსებულ რეალობაში ზღვაში წვეთიც აღარ არის...

ოკუპირებული აფხაზეთის მთავარი ნარკოლოგის ირმა ანუას თქმით, - “ ამ მხრივ ქვეყანაში ვითარება უკონტროლოა, - 2016 წლის მონაცემებით, რეგისტრირებულია 2 440 ადამიანი, მათ შორის ნარკოდამოკიდებულია 949, ალკოჰოლდამოკიდებული კი 1 491...”

მისივე თქმით, ნარკოტიკებზე დამოკიდებულება მომატებულია არასრულწლოვანებში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნარკოლოგიური მკურნალობა შესაბამის კლინიკაში 12-დან 18 წლამდე ასაკის მქონე 45-მა არასრულწლოვანმა გაიარა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი