ავტორი:

როგორ იპოვეს მაშველებმა ნახანძრალ სხვენში 10 000 ლარი - "ზარდახშა გავხსენით და შიგნით ფული იყო..."

როგორ იპოვეს მაშველებმა ნახანძრალ სხვენში 10 000 ლარი - "ზარდახშა გავხსენით და შიგნით ფული იყო..."

თბილისში, ინანიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძრის ქრობისას, მეხანძრე-მაშველებმა ზარდახშაში შენახული დიდი ოდენობით ფული აღმოაჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა აღნიშნულის შესახებ ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს შეატყობინეს.

მეხანძრეების ინფორმაციით, სხვენში ნაპოვნი თანხა დაახლოებით 10 ათასი ლარია და ის მეპატრონეს დაუბრუნდა.

გიორგი ხუციშვილი, მეხანძრე-მაშველი:

"ინანიშვილის ქუჩაზე შემთხვევის ადგილზე მისულებს დამწვარი სახლი დაგვხვდა. დილით გაჩენილა ხანძარი და ადგილობრივებს ჩაუქრიათ. ჩვენ რომ მივედით, მთელი უბანი იქ იყო. იტალიური სახლი იყო და დაწვის ადგილას კვამლი შეუნიშნავთ, შეშინდნენ და სახანძროში ხელმეორედ დარეკეს. როგორც გაირკვა, სახლში მარტოხელა კაცი ცხოვრობდა...

ხანძარს ვამუშავებდით, რაც ნიშნავს ხანძრის კერა არ იყოს დარჩერნილი, ნაკვერჩხალი ან რამე კვალი, რისგანაც შემდეგ შეიძლება ცეცხლი გაჩნდეს. ლეიბებს და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს კვამლი ასდიოდა. იქვე შევნიშნეთ წიგნების ღია კარადა, რომელსაც ცეცხლის კვალი ეტყობოდა, ნახევრად დამწვარი წიგნებით. ვამოწმებდი, სადმე ნაპერწკალი ხომ არ იყო დარჩენილი და ამ დროს შევნიშნე ზარდახშა, რომელსაც სპილენძის მავთული ჰქონდა შემოხვეული, მაშინვე ჩემს ათმეთაურს გადავაწოდე. გადავწყვიტეთ, გაგვეხსნა, რომ გვენახა რა იყო შიგნით და თუ რამე მნიშვნელოვანი იქნებოდა, მეპატრონისთვის გადაგვეცა.

როდესაც ზარდახშა გავხსენით, დავინახეთ, რომ შიგნით ფული იყო, 50-იანი და 20 ლარიანის კუპიურები. ერთი შეხედვით ათი ათას ლარამდე იქნებოდა. დავრეკეთ შესაბამის უწყებებში, მოვიდა ექსპერტიზა და მათ დაამუშავეს.

- სახლის მეპატრონე არ იყო?

- მეპატრონის ნათესავი იყო, რომელთანაც ეს კაცი ცხოვრობდა და შესაბამისმა უწყებებმა მას გადასცეს. დანარჩენი ჩვენი კომპეტენცია არ არის, თუმცა, შევნიშნე, რომ ძალიან გაუხარდათ და გაუკვირდათ კიდეც...

მეხანძრე-მაშველების თქმით, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც თითქმის დამწვარ, ან აფეთქებისგან დაზიანებულ სახლში სასწაულებრივად გადარჩენილი ნივთები უპოვნიათ.

AMBEBI.GE-სთან საუბარში მეხანძრე-მაშველი ლევან ჟამერაშვილი, თავისი გამოცდილებიდან რამდენიმე ასეთ შემთხვევას იხსენებს.

- ყოფილა შემთხვევა, როცა აფეთქებისგან დაზიანებულ სახლში გვიპოვნია უვნებლად გადარჩენილი ხატების კუთხე და მღვდელი მოგვიყვანია, რომ ხატები გამოებრძანებინა... ასევე, გაზის აფეთქებისგან დალეწილ სახლში, ხანძრის კვალის ძებნისას, მინახავს გადარჩენილი ტელევიზორი და დღემდე არ ვიცი, როგორ არ დაზიანდა. ეკრანზე ნაკაწრიც კი არ იყო...

არაერთხელ გვიპოვია თითქმის დაუმწვარი ნივთები, ოქროს ან უბრალოდ სამკაულები, ან სულაც ძველი ფოტოალბომი, ასევე წიგნები, რომელიც ბეტონის ფილების ან რაღაც სხვა საგნების ქვეშ არის ხოლმე მოყოლილი. ძალიან მძიმე რეალობაში მყოფი ოჯახისთვის (არ ვსაუბრობ, იმ სიტუაციაზე, როდესაც დაღუპულია ვინმე), ასე სასწაულით გადარჩენილი თუნდაც მცირედი ნივთის პოვნაც კი, ძალიან დიდი სიხარულია.

ამ დროს პირველ რიგში, ჩვენს ხელმძღვანელობას ვუკავშირდებით, შემდეგ კი ის პოლიციელს ატყობინებს, რომელიც ექსპერტიზას იძახებს. ასე ვიღაც მოვიდეს და გვითხრას, ჩვენიაო - ვერ მივცემთ, უფლება არ გვაქვს.

"ჩემმა დაცვამ შეამჩნია, რომ თვალთვალი მიმდინარეობდა... მოდიოდა ჩემამდე ხმები - ფრთხილად იყავი" - გიორგი გაბუნიას პირველი კომენტარი მის შესაძლო ლიკვიდაციაზე

"ვიცი რომ გაინტერესებთ, ამიტომ, აქვე ვიტყვი - მე არსად ვაპირებ აქედან წასვლას" - რას ამბობს ინგა გრიგოლია "ტვ პირველიდან" წასულ კოლეგებზე

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"