ავტორი:

"ბუნტი" სომხეთის ჯარში - "დიდი ალბათობით, სამხედროებს ფულის მიტანას აიძულებდნენ..."

"ბუნტი" სომხეთის ჯარში - "დიდი ალბათობით, სამხედროებს ფულის მიტანას აიძულებდნენ..."

სომხეთის არმიაში ჯარისკაცების მიერ დაწყებული ბუნტი ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებში "დისციპლინის მოშლად შეაფასეს". ჯარისკაცების უკმაყოფილება ერთი სამხედრო ნაწილიდან მეორეში გადაყვანას მოჰყვა - შედეგად, ასეული გაიფიცა და სამხედრო ნაწილი დატოვა.

სომხური მედიის ცნობით, ვითარების გამწვავების თავიდან ასარიდებლად, "დათმობაზე" მეთაურობა წავიდა და ქალაქ მეგრთან ახლოს მდებარე სამხედრო ნაწილში აბუნტებული ჯარისკაცები მთიან ყარაბაღში გადაიყვანეს. უფლებადამცელებისა და ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ვითარების დაძაბვას ცდილობენ შეიარაღებულ ძალებში დარჩენილი წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა კორუფციული წარსულის გამო მათი ჯარიდან გაშვება გარდაუვალია...

YerevanToday-ს ცნობით, რამდენიმე დღის წინ, მეგრის სამხედრო ნაწილში ერთ-ერთი ოფიცრის, გვარად გასპარიანის მიერ ჯარისკაცებისადმი დამოკიდებულებას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რის გამოც ასეულობით ჯარისკაცმა ნაწილი დატოვა. შემდეგ მათ ასეულის მეთაური დაუკავშირდა და დაბრუნება სთხოვა.

"იმავე ღამეს, ჯარისკაცებს მოწყობა უბრძანეს, ბუნტში მონაწილე 20 ჯარისკაცი აარჩიეს, მათ სამხედრო ფორმა შემოახიეს, ტელეფონები წაართვეს, ავტობუსში შეყარეს და კაპანის სამხედრო პოლიციაში წაიყვანეს, იქიდან კი სტეფანაკერტისკენ გადაისროლეს. არადა, 3 თვეა რაც ჯარში არიან, არავინ იცის რამდენად მზად არიან იქაურობისთვის" - ამბობს ერთი-ერთი ჯარისკაცის დედა Кавказский Узел-თან საუბარში, რომლის თქმითაც, მან შვილის ადგილსამყოფელი მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ის ყარაბაღიდან დაუკავშირდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ჯარისკაცების პროტესტი ადგილობრივი ოფიცრის დამოკიდებულებამ გამოიწვია, თუმცა, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივნის არირუნ ოვანესიანის თქმით, “ინციდენტი, რამდენიმე ჯარისკაცის ქმედებამ გამოიწვია, რომლებიც ცდილობდნენ, 90-იანი წლების დროინდელი პრინციპები გაეტარებინათ”.

ადგილობრივების თქმით, ეს არ არის სწორი ვერსია, რადგან სინამდვილეში, ოფიცერ გასპარიანის წინააღმდეგ საქმეა აღძრული:

“საქმე ის არის, რომ რევოლუციის შემდეგ ჩატარებული საკადრო ცვლილებების მიუხედავად, ძალოვან უწყებებსა და შეიარაღებულ ძალებში ჯერ კიდევ ინარჩუნებენ პოსტებს სარგსიანის დროინდელი კადრები. ისინი კი, ძველი სტილით მუშაობენ - კორუფცია, ქრთამის მიტანა... სამხედრო ფორმა შემოახია თურმე ოფიცერმა. ისინი შეჩვეული არიან 90-იანი წლების სტილით მართონ ჯარი. გავლენებს ვერ თმობენ. ამ შემთხვევაშიც, ისინი, დიდი ალბათობით, სამხედროებს ფულის მიტანას აიძულებდნენ..." - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ადგილობრივი რობერტ კოჩარიანი.

ორგანიზაცია “ჟურნალისტები ადამიანის უფლებების სახელით” ხელმძვანელი ჟანა ალექსიანი სოციალურ ქსელში წერს რომ, ოფიცრები ჯარისკაცების დამცირებას ცდილობდნენ. სხვების თქმით, ჯარისკაცებმა ოფიცრების ცემა გადაწყვიტეს, რასაც მათი მხრიდან, შესაბამისი რეაქცია მოჰყვა.

“ეს ფაქტი დაუსჯელი რომ დარჩეს, ნიშნავს, რომ იგივე მოხდება სხვა სამხედრო ნაწილებშიც. ოფიცრებისა და მეთაურობის თემა სომხეთის შეიარაღებულ ძალებში შესასწავლია...” - ამბობს უფლებადამცველი არტურ საკუნცი.

ყარაბაღში გადაყვანილი სამხედროების დედებმა 24 მარტს აქცია გამართეს და გამოძიების ობიექტურად წარმართვა მოითხოვეს. ისინი ხელისუფლებას სთხოვენ, მათი შვილების წინააღმდეგ საჩივარი არ შეიტანონ, რადგან ყარაბაღში, სადაც რისკები ისედაც არსებობს, მათ დამატებითი სტრესის ქვეშ მოუწევთ მსახურება. “რაც შეეხება ფორმას, რომელიც მათ ოფიცერმა დაუხია, ასე არ უნდა მოქცეულიყო, მაგრამ არაუშავს, ახალს ვიყიდით. ჩვენი თხოვნაა, - ისინი არ გასამართლდნენ” - ამბობს ერთ-ერთი სამხედრო დედა.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია, “მშვიდობიანი დიალოგის” წარმომადგენლის მანე გრიგორიანის თქმით, 1994 წლიდან მეგრიში მდებარე სამხედრო ნაწილში 8 გახმაურებული ინციდენტი მოხდა, რომელიც მკვლელობებით დასრულდა.

ერთ-ერთი უფლებადამცველის მარგარიტა ხაჩატურიანის თქმით, სამხედრო სამსახურის ყარაბაღში გაგრძელება, ერთგვარი დასჯის მექანიზმია. “მეგრი ეს არის ირანის საზღვარი, სადაც სიმშვიდეა, ყარაბაღი კი, აზერბაიჯანის მოსაზღვრეა და ამიტომაც შფოთავენ მშობლები” - აცხადებს ის.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე