ავტორი:

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზვიად გამსახურდიას საფლავი გვირგვინით შეამკეს

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზვიად გამსახურდიას საფლავი გვირგვინით შეამკეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში საქართველოს პირველი პრეზიდენტის საფლავი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილის აღსანიშნავად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ფოსტამ საიუბილეო მარკა გამოსცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფოსტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მარკის ვიზუალში გამოყენებულია საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველი დროშა და პირველი პრეზიდენტის პორტრეტი, რომელიც ზვიად გამსახურდიას პირველი საავტორო წიგნის „საქართველოს სულიერი მისსია“ ყდაზე იყო დაბეჭდილი.

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, ამ მნიშვნელოვანი თარიღის შესახებ დანარჩენ მსოფლიოს მარკის საშუალებით ეცნობება.

„მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა საქართველოს ფოსტის სახელით მიგვეღო მონაწილეობა ასეთი მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნაში. ზვიად გამსახურდია იყო დიდი ქართველი პოლიტიკოსი, დისიდენტი, მეცნიერი და მწერალი, რომელიც პოსტსაბჭოთა ეპოქაში საქართველოს პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი გახდა. ამ მარკის საშუალებით დანარჩენ მსოფლიოს ვამცნობთ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვან თარიღს“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

საქართველოს ფოსტის ინფორმაციით, საიუბილეო მარკა საფრანგეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალპოლიგრაფიულ სტამბა „Cartor Security Printing”-ში დაიბეჭდა. მარკის დიზაინი შექმნა გიორგი ქართველიშვილმა, მისი ნომინალური ღირებულება შეადგენს 2 ლარს და პირველ ეტაპზე გამოიცემა 20 000-იანი ტირაჟით.

საფოსტო მარკა, ისევე როგორც დროშა და გერბი, ქვეყნის სიმბოლოდ არის აღიარებული.მარკის მეშვეობით ქვეყნებს შორის ინფორმაცია გაიცვლება, რადგან ამ პატარა ზომის ფურცელზე ქვეყნის ღირშესანიშნაობები, გამოჩენილი პიროვნებები და მნიშვნელოვანი ფაქტებია ასახული.

ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა. ის იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას თავმჯდომარეობით, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 1991 წელს ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში დაიღუპა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი