ავტორი:

ბრუნეის სულთნის მდიდრული სასტუმროები სოცქსელებიდან გაქრა - მომხმარებლებმა გვერდები "ააფეთქეს"

ბრუნეის სულთნის მდიდრული სასტუმროები სოცქსელებიდან გაქრა - მომხმარებლებმა გვერდები "ააფეთქეს"

ბრუნეის სულთნის კუთვნილი მდიდრული სასტუმროების სოციალური მედიის გვერდები აღარ ფუნქციონირებს, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქვეყანაში ძალაში შევიდა კანონების ახალი პაკეტი, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალ მამაკაცებს შორის სექსი ქვებით ჩაქოლვით, ქალებს შორის კი - გაროზგვით ისჯება. კანონებს მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, ცნობილი ადამიანები მოუწოდებენ საზოგადოებას, ბოიკოტი გამოუცხადონ სასტუმროებს, რომელთაც ბრუნეის სულთანი ფლობს.

საუბარია ცხრა სასტუმროზე - „ბელ ეარი“ (ლოს-ანჯელესი, აშშ), „ბევერლი ჰილზ ჰოტელი“ (ბევერლი ჰილზი, აშშ), „დორჩესტერი“ (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი), „45 პარკ ლეინი“ (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი), „კოვორტ პარკი“ (ასკოტი, დიდი ბრიტანეთი), Le Meurice (პარიზი, საფრანგეთი), Hotel Plaza Athenee (პარიზი, საფრანგეთი), „ედენი“ (რომი, იტალია), „პრინციპე დი სავოია“ (მილანი, იტალია).

Hôtel Plaza Athénée, პარიზი

სოციალურ ქსელებში ბრუნეის სულთნის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ტელეწამყვანმა ელენ დეჯენერესმა მოუწოდა საზოგადოებას, აღნიშნული სასტუმროებისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ.

მომხმარებლების „შესევის“ გამო 8 სასტუმროს ანგარიშები სოციალურ ქსელებში წაშლილია, ფუნქციონირებს მხოლოდ მილანში მდებარე სასტუმროს გვერდი, თუმცა გააქტიურებული შეზღუდვების გამო ტვიტების დანახვა შეუძლებელია.

ბელ ეარი, ლოს ანჯელესი

კომპანიამ Dorchester Collection, რომელიც ცხრავე სასტუმროს მართავს, მანამდე გაავრცელა განცხადება, რომ დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმა მათთვის მიუღებელია, თუმცა განცხადება საკმარისი არ აღმოჩნდა, სასტუმროების ბოიკოტირება და სოციალურ ქსელებში მათ წინააღმდეგ აგორებული ტალღა არ ჩერდება.

უფრო მეტიც, პროტესტი სასტუმროებსაც გასცდა - ავიაკომპანიამ Virgin Australia ჩაშალა გარიგება ბრუნეის სამეფო ავიახაზებთან.

სოციალური ქსელების მომხმარებლები სასტუმროების გვერდებზე უარყოფით შეფასებებთან ერთად ინტერესდებოდნენ, რა ბედი ელით გეი თანამშრომლებს და არის თუ არა მათი ქვებით ჩაქოლვა უკვე დაგეგმილი.

Le Meurice, პარიზი

გვერდების წაშლას კომპანიაში Dorchester Collection ეხმიანებიან და ამბობენ, რომ აგრესიას სოცქსელებში კომპანიაში დასაქმებულების მისამართით გამოხატავენ, ამიტომ გადაწყვიტეს, გვერდები გააუქმონ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე