ავტორი:

"ერთხელაც გიამ მითხრა: თუ გინდა, ცოლად მოგიყვანო და ეს ნათქვამი ვერ ვაპატიე..." - ლია კაპანაძე პირადსა და კარიერაზე

"ერთხელაც გიამ მითხრა: თუ გინდა, ცოლად მოგიყვანო და ეს ნათქვამი ვერ ვაპატიე..." - ლია კაპანაძე პირადსა და კარიერაზე

ის საქმეს დღესაც ბევრ ახალგაზრდაზე უფრო დიდი ენთუზიაზმით ეკიდება. ყოველგვარი პლასტიკური ოპერაციის გარეშეც გარეგნულად მშვენივრად გამოიყურება. ამ ყველაფრის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ ძალიან უყვარს ფეხით სიარული... გთავაზობთ ინტერვიუს მსახიობ ლია კაპანაძესთან:

- პროფესიული არჩევანი რა ასაკში გააკეთეთ?

- ჩემზე დიდი შთაბეჭდილება პატრიოტული სულისკვეთების ფილმებმა - "არსენამ", "დარიკომ", "გიორგი სააკაძემ" მოახდინა... მაგრამ დიდი გავლენა მაინც ფილმმა - "ბურატინოს თავგადასავალმა" იქონია. ბურატინოსავით თხელი და გამხდარი ვიყავი.

სახლში ამ პერსონაჟის იმიტაციას ვაკეთებდი ხოლმე, რაც ყველას მოსწონდა. დაახლოებით 6 წლის ვიქნებოდი, კინოსტუდიის პავილიონთან რომ მოვხვდი. რაღაც ფილმს იღებდნენ. მაშინ ჩავიფიქრე, ფილმში, ამ ადგილას მეც აუცილებლად გადამიღებენ-მეთქი. მართლაც, გავიდა წლები და ზუსტად იმ პავილიონში ფილმის სინჯებზე დამიბარეს. ძალიან ბედნიერი ვიყავი.

- სკოლის ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდით?

- სკოლაში ხშირად აწყობდნენ ღონისძიებებს, მაგრამ იქ არასდროს ვმონაწილეობდი. საოცრად მორიდებული ვიყავი. სცენაზე მსახიობებს რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, მე ამას ვერ შევძლებ-მეთქი, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემში არტისტული მონაცემები იყო... და საბოლოოდ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე კიდეც. ალბათ სხვაგან ვერც შევძლებდი სწავლას. მამა და დეიდა ექიმები იყვნენ, მაგრამ ექიმობაზე არასდროს მიფიქრია. ერთადერთი სპეციალობა, რასაც მსახიობობის პარალელურად დავეუფლებოდი, ფსიქოლოგობა გახლავთ. ისე, მსახიობი ფსიქოლოგიც უნდა იყოს. ჩვენ ხომ ადამიანის სულის სიღრმეებს ვწვდებით...

- ახლა იქნებ, ის პერიოდი გაიხსენოთ, როდესაც შეგიყვარდათ... იმ ადამიანისგან შვილი გყავთ. როგორ ფიქრობთ, ეს ურთიერთობა რატომ დასრულდა? ხომ არ გგონიათ, რომ ეს თქვენი ბრალია?

- რეჟისორ გია მატარაძეს ჩემი ინიციატივით დავშორდი. საკუთარი ბედი თვითონ გადავწყვიტე... ერთხელაც გიამ მითხრა: თუ გინდა, ცოლად მოგიყვანო და ეს ნათქვამი ვერ ვაპატიე... ალბათ, ბევრ ქალს ცხოვრებაში ბევრი რამ ჩაუყლაპავს. მაპატიეთ, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებდი. ფეხმძიმედ ვიყავი, მას რომ დავშორდი. იმ რთული პერიოდის გადატანა გვერდით მყოფმა ადამიანებმა, მეგობრებმა გამიადვილეს... რაკი გიას ცოლობაზე უარი ვუთხარი, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ არ მიყვარდა. მიყვარდა, მაგრამ ასეთ ლაფსუსს სწორედ საყვარელ ადამიანს ვერ ვაპატიებდი! თუმცა ცხოვრებაში ბევრი რამის პატიება შემიძლია და მიპატიებია კიდეც... თუ დამიჯერებთ, არასდროს არავისთან მიჩხუბია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის გული არაერთხელ უტკენიათ. თუმცა გვერდით მაინც ყოველთვის ისეთი ადამიანები მყავდნენ, რომლებიც ძალიან მიფრთხილდებოდნენ - ისე, რომ ზოგიერთი მათგანი ოჯახის წევრიც კი მეგონა... იოლი ნამდვილად არ იყო ბავშვთან და მოხუც დედასთან ერთად მარტო დარჩენა. თან, ხელფასი მხოლოდ 35 მანეთი მქონდა... მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი.

- ბატონი გია შვილთან თუ ურთიერთობდა?

- ის სიცოცხლის ბოლომდე პატივს მცემდა. ჩემს შვილსაც ძალიან უყვარდა. გიამ თავისი ცხოვრების ბოლო წუთები მეუღლესთან - მარინა კახიანთან და ჩემს ქეთისთან ერთად გაატარა. მარინა ჩემს შვილს დიდ პატივს სცემს. ქეთისაც თავისი ძმა - ვატო ძალიან უყვარს. ჩვენი დაშორების მიზეზი მარინა არ ყოფილა...

- ცნობილი ფაქტია, რომ თქვენ და მსახიობ დოდო აბაშიძეს რომანი გქონდათ. ხშირად გითქვამთ, რომ ის ძალიან გიყვარდათ. თუ გაიხსენებთ მასთან შეხვედრის პირველ დღეს?

- პირველად რომ ვნახე, მისთვის, ისე, როგორც მამაკაცისთვის არც კი შემიხედავს... ის პირველი შეხვედრა "მაცი ხვიტიას" გადაღებებზე მოხდა. მაშინ არც კი დავლაპარაკებივართ ერთმანეთს... დოდო ისეთი საინტერესო ადამიანი იყო, ისეთი მოუბარი, რომ გარშემო მუდმივად აუდიტორიას იკრებდა ხოლმე... მახსოვს, გადაღების შემდეგ, სამეგრელოში დაგვპატიჟეს, იმ სუფრაზე თამადა სწორედ დოდო იყო.

სტუმრად გადასაღები მოედნიდან წავედით, დაღლილი ვიყავი. თავიდან ვიფიქრე, სუფრიდან მალე გამოვიპარები-მეთქი, მაგრამ დოდოს თამადობა რომ ვნახე, წამოსვლა აღარ მომინდა... ჩვენ შორის ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიყავით... ჩვენი ურთიერთობა არავის უკვირდა. მისი მეგობრები ამჩნევდნენ, რომ დოდო ჩემთან ურთიერთობის შემდეგ ბედნიერი და მხიარული გახდა, მაგრამ შეცდომა არც მას ვაპატიე! სიყვარულში შეიძლება პატარა რამ მოიტყუო, მაგრამ თამაშს ვერ ვიტან! წაიკითხეთ სრულად

"ჩემი უფრო ერიდებოდათ, საწყალი რეზო კი შეკლული ჰყავდათ" -  ნინიკოსა და კოკას სიყვარულის ისტორია წლების მერე, როცა ისევ "დარაბებს მიღმა გაზაფხულია"

"არ მინდოდა, ჩქარა გავთხოვილიყავი, წლების მერე მითხრა, რატომ მაწვალე ამდენ ხანსო?!" - მწერალ ედიშერ ყიფიანის ლეგენდარული სიყვარულის ამბავი

"რა სწრაფად გადის დრო, ჩემი შვილები უკვე დიდები არიან...რაღაც მაინც გამიკეთებია სწორად" - ბრიტნი სპირსის იშვიათი ფოტო ვაჟებთან ერთად