ავტორი:

საქართველოს მოქალაქეს ირანში გაროზგვა ემუქრება - რა საქმეს განიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო?

საქართველოს მოქალაქეს ირანში გაროზგვა ემუქრება - რა საქმეს განიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო?

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესულია საქმე, რომელშიც საქართველოს მოქალაქე ინიციალებით გ.ს, ბულგარეთს უჩივის და მოითხოვს, არ მოხდეს მისი ექსტრადირება ირანში.

საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ 4 აპრილს გამოიტანა გადაწყვეტილება და ინფორმაციის დამადასტურებელი განცხადება უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზეც გამოაქვეყნა, სადაც ბულგარეთის მხარეს მოუწოდა, რომ ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე ირანს არ გადასცეს, რადგან მას იქ წამება და არაადამიანური მოპყრობა, კერძოდ გაროზგვა ემუქრება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრესრელიზის მიხედვით, გ.ს ბრალდებულია ქურდობაში, რაც ირანში გამათრახებით ისჯება და სავარაუდოდ ბრალდებულს 74 როზგი ემუქრება ირანული კანონების მიხედვით. ასე რომ, უწყების ინფორმაციით, მოსარჩელის ირანისთვის გადაცემით, დაირღვევა ევროპული კონვენციის მესამე მუხლი, რომელიც კრძალავს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.

ამონარიდი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრესრელიზიდან

რაც შეეხება საქმეს, არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე გ.ს 68 წლისაა (დაბადებულია 1951 წელს). ის ამჟამად სოფიაშია დაკავებული, სადაც 2016 წლის დეკემბერში საქართველოდან ჩავიდა და აეროპორტშივე დააკავეს, რადგან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

მას ბრალად ედება 50 000 ევროს მოპარვა თეირანში მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან, დანაშაული გ.ს-მ 2016 წელს ჩაიდინა. 2017 წლის აპრილში სოფიის სასამართლომ ექსტრადირების საკითხი განიხილა და გადაწყვიტა განეხორციელებინა ექსტრადიცია, რადგან ირანული მხარისგან მიიღო დაპირება, რომ ბრალდებულის მიმართ არ იქნებოდა გამოყენებული არაადამიანური მოპყრობა და ის ირანში ციხეში მოიხდიდა სასჯელს.

სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელებას ქართველი ინტერნეტმომხმარებლების მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მოქალაქე საქართველოს უნდა გადასცეს ბულგარეთმა და არა ირანს.

ქართველი ბრალდებულის უფლებებს ადვოკატი ნიკოლოზ ბიბილაშვილი იცავს. ის მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ არსებული ბრალდება დაუსაბუთებელი:

"თითქოსდა ირანში, ერთ-ერთ ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში გ.ს.-მ და ერთმა ირანელმა პირმა მოატყუეს მოლარე და გამოსძალეს ფული. საქმის მასალებში ნათქვამია, რომ დაყაჩაღება არ ყოფილა, არც შეიარაღებული თავდასხმა, ძალადობა და ა.შ. ანუ აბსურდია ხომ? როგორ უნდა მოატყუო ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის მოლარე, რომ მან თავისი ნებით მოგცეს 50 000 ევრო?!

ერთადერთი მტკიცებულება საქმეში არის ამ მოლარის ჩვენება - ის ამბობს, თითქოს მას მოპარეს ფული ამ პირებმა. იქაური მოქალაქე ახლა ირანში იხდის სასჯელს. თავიდან ამტკიცებდნენ, რომ თითქოს არსებობს ვიდეოთვალის ჩანაწერები, რომელზეც ქურდობის ფაქტია ასახული, მაგრამ ეს მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, არავის უნახავს და არავინ იცის სინამდვილეში არსებობს თუ არა ეს ვიდეო.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დღემდე არ აღიარებს ბრალს. რაც შეეხება მის შესაძლო შემხებლობას დანაშაულთან, თუ იგი სინამდვილეში მოხდა, იგი ეწეოდა გარკვეულ კომერციულ საქმიანობას, რის გამოც უწევდა ირანში და ბულგარეთში ჩასვლა. თუმცა, მიზანმიმარულად მოხდა ეს თუ ცრუ ბრალდებას ჰქონდა ადგილი, ეს დეტალები ჩვენთვის უცნობია. ჩვენ მოვიკვლიეთ იქაური კანონმდებლობა და ამ დანაშაულისთვის ირანში მას ემუქრებოდა პატიმრობა 3-დან 15 წლამდე და ასევე გაროზგვა. თუმცა, რამდენს მიუსჯიდნენ ეს არავინ იცის.

ირანის სახელმწიფო იძლეოდა გარანტიებს, რომ მას არ გაროზგავდნენ და მხოლოდ პატიმრობას მიუჯიდნენ, მაგრამ ამის გარანტია, რომ არ არსებობს სწორედ ეს დავასაბუთეთ სტრასბურგში და ეს არის ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება" - ამბობს ადვოკატი.

ნიკოლოზ ბიბილაშვილის თქმით, მათ სამართლებრივი მხარადჭერის მოთხოვნით არართხელ მიმართეს საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, თუმცა ამბობს რომ, ერთადერთი უწყება, რომელმაც საქმისადმი მხარდაჭერა და ყურადღება გამოხატა, საგარეო საქმეთა სამინისტრო აღმოჩნდა.

ბულგარეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა ვაჟა გვარამიამ AMBEBI.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ საელჩო აქტიურადაა ჩართული საქმეში და მსჯავრდებულიც არაერთხელ მოინახულეს ციხეში:

"ეს ადამიანი გახლავთ 1951 წელს დაბადებული გ. ს., რომლის დაკავებაც აეროპორტში მოხდა 2016 წელს. ბრალად ედება ქურდობა, რომელიც ირანში ჩაიდინა. ჩვენ თავიდანვე აქტიურად ვიყავით ჩართული ამ საქმეში, ვესწრებოდით სასამართლო პროცესებს, სადაც მისი ირანში ექსტრადირების საკითხი განიხილებოდა. არაერთხელ მოვინახულეთ მსჯავრდებული სოფიის ციხეშიც.

როდესაც ბულგარეთმა გადაწყვიტა, ამ პირის ირანში ექსტრადირება, მსჯავრდებულის ქართველმა ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრეს ეს გადაწყვეტილება. სტრასბურგის სასამართლომ, მოსარჩელეების მოთხოვნა დააკმაყოფილა და მიმდინარე წლის 4 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბულგარეთს დაევალა, უარი თქვას გერონტი სალიას ირანში ექსტრადირებაზე, რადგან იქ მას ემუქრება ფიზიკური ზეწოლა, რაც არ არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებების საერთაშორისო, დემოკრატიულ სტანდარტთან.

მოგეხსენებათ, ეს გადაწყვეტილება სავალდებულოდ შესასრულებელ ხასიათს ატარებს. თუმცა, მხარეებს აქვთ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც იმავე სტრასბურგის სასამართლოში. ასეთ შემთხვევაში პროცესები კიდევ უფრო გაჭიანურდება. თუ სამთვიან ვადაში მხარეები ამ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებენ, მსჯავრდებული გათავისუფლდება. სამთვიანი ვადა მიმდინარე წლის 4 ივლისს იწურება.

რაც შეეხება ჩვენი უწყების პოზიციას, ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი, რომ მისი ექსტრადირება არ მოხდეს ირანში და ჩართული ვართ ამ პროცესში და შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ" - აღნიშნა ბულგარეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს