ავტორი:

უკრაინამ რუსეთს გადასცა მამაკაცი, რომელმაც 15 წლის წინ მოსკოვში ამერიკელი ჟურნალისტი მოკლა

უკრაინამ რუსეთს გადასცა მამაკაცი, რომელმაც 15 წლის წინ მოსკოვში ამერიკელი ჟურნალისტი მოკლა

15 წლის წინ მოსკოვში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 40 წლის მამაკაცი უკრაინამ რუსეთს გადასცა. საქმე ეხება Forbes-ის რუსული გამოცემის მთავარი რედაქტორის, პოლ ხლებნიკოვის მკვლელობას და მასში ბრალდებულ მაგომედ დუკუზოვს.

ხლებნიკოვი 2004 წლის 9 ივლისს, მოსკოვში, რედაქციიდან გამოსვლის დროს მოკლეს. novayagazeta.ru-ს ცნობით, მას ორმა პირმა ესროლა - გამოძიების თანახმად, ერთ-ერთი მათგანი, მაგომედ დუკუზოვი იყო, მეორე კი მისი ძმა - კაზბეკი. საქმეში ფიგურირებდა მესამე პირიც - მუსა ბახაევი.

სასამართლო პროცესზე გახმოვანებული ვერსიის მიხედვით, ხლებნიკოვი მოკლეს წიგნის გამო - "საუბარი ბარბაროსთან".

რუსი ემიგრანტების ოჯახში დაბადებული ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც მაშინ 40 წლის იყო, გავლენიან გამოცემა Forbes-ში ათი წლის განმავლობაში მუშაობდა. ხლებნიკოვის მკვლელობა შეფასდა, როგორც საგამოძიებო ჟურნალისტიკის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყება რუსეთში.

მკვლელობის სავარაუდო შემკვეთად რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური დაჯგუფების, ე.წ. ლაზანსკის (მას ასევე მოიხსენიებდნენ როგორც Лазань) ლიდერი და იჩქერიის რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-პრემიერი ხოჯ-ახმედ ნუხაევი დასახელდა, რომელიც დღემდე ძებნაშია და მისი ადგილსამყოფელი არავინ იცის.

ხოჯ-ახმედ ნუხაევი

რაც შეეხება დაჯგუფებას, ის ჩეჩნებისგან იყო დაკომპლექტებული და ყველაზე ძლიერი გავლენა 1988 წლამდე ჰქონდა. 2000-იან წლებში ძირითადი კლანი დაიშალა, თუმცა, ცალკეულმა პირებმა პატარ-პატარა ჯგუფებით განაგრძეს მოქმედება. 2000-იანებამდე და შემდეგაც, ისინი მოსკოვის ცენტრალურ ქუჩებში პირდაპირ ესხმოდნენ თავს გავლენიან ჟურნალისტებს, მაშინდელი ძალოვანი და სახელმწიფო უწყებების მაღალჩინოსნებს...

დაჯგუფების მმართველებად საიდ ამიევი და ახმედ კუტაევი ითვლებოდნენ, რომლებიც წლების განმავლობაში მეგობრობდნენ. ერთი ყირგიზეთიდან იყო, მეორე - ყახაზეთიდან. ორივე სტალინის დროს დეპორტირებული ჩეჩნების ოჯახებში გაიზარდნენ და რუსეთის მიმართ სიძულვილი დედის რძესთან ერთად შეისისხლხორცეს.

"ლაზანსკის" კრიმინალური დაჯგუფება

"ცნობისთვის, იმ წლებში, “ლაზანსკის” დაჯგუფების ხელმძღვანელობამ ე.წ. კრიმინალური კანონების თანახმად, “კურატორად” აირჩია ქართველი “კანონიერი ქურდი” თენგიზ მარიანაშვილი, იგივე "თენგიზ სტარი" (Тенгиз Старый) და მის ყველა მოსაზრებას პატივს სცემდნენ. 2008 წელს კუტაევი მოსკოვიდან გაიტაცეს და ერთი-ერთი ვერსიით ჩეჩნეთში ჩაიყვანეს, სადაც მოკლეს.

მაგრამ დაჯგუფება მოქმედებას განაგრძობდა და შემდეგაც, არაერთი გახმაურებული კრიმინალური საქმის “ავტორები” იყვნენ - ეს ეხება როგორც სახელმწიფო მაღალჩინოსნების მკვლელობებს, ასევე, “გავლენიანი,” ზოგჯერ პირველი პირების მიერ შეკვეთილ საქმეებსაც" - წერს Новая газета.

გამოცემის ცნობით, დაჯგუფების სახელს უკავშირდება ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის გახმაურებული საქმეც. 2006 წლის 7 ოქტომბერს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 54 წლის იუბილეს აღნიშნავდა, ჟურნალისტი საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს.

ანა პოლიტკოვსკაია

მსოფლიო საზოგადოებამ ანა პოლიტკოვსკაია ჩეჩნეთის ომისა და ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების ალტერნატიული გაშუქებითა და ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის მწვავე კრიტიკით გაიცნო. მას ეკუთვნის წიგნები: "მოგზაურობა ჯოჯოხეთში”, “ჩეჩნეთის დღიური”, “მეორე ჩეჩნური” და დიდ ბრიტანეთში გამოცემული კიდევ ერთი და სავრაუდოდ, საბედისწერო წიგნი - "პუტინის რუსეთი..."

"ლაზანსკის" დაჯგუფების ხელწერას მიაწერენ 2004 წელს, ჩეჩნეთის ყოფილი ვიცე-პრემიერის იანა სერგუნინას მკვლელობასაც, რომელიც იმ წლებში საკმაოდ უხეშად გაათავისუფლეს თანამდებობიდან, რადგან ის მზად იყო, ჩეჩნეთის ორი დამანგრეველი ომის შემდეგ, რესპუბლიკაში არსებულ ფინანსურ საკითხებზე, ხლებნიკოვსა და პოლიტკოვსკაიასთან ღიად ესაუბრა. ისინი სერგუნინასთან ამ თემაზე შეხვედრას გეგმავდნენ... გამოცემის ცნობით, მკვლელობის ორგანიზატორები და სავარაუდოდ, დამკვეთებიც, ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ.

პოლ ხლებნიკოვის საქმეში, 2006 წელს, დუკუზოვი და მისი თანამონაწილეები გაასამართლეს, თუმცა, “მტკიცებულებების არქონის გამო” გაამართლეს, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტისთვის ისინი გამქრალი იყვნენ...

2017 წლის ნოემბერში, 39 წლის მაგომედ დუკუზოვი კიევში ბიზნესმენებისთვის ფულის გამოძალვისა და სხვა ორგანიზებული დანაშაულებისთვის დააკავეს. ნახევარი წლის შემდეგ, რუსეთის 22 მოქალაქესთან ერთად მისი რუსეთში ექსტრადაცია მოხდა.

სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს ლომ-ალი-გაიტუკაევი, ცნობილი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების “ლაზანსკის” ერთ-ერთი ლიდერი და ФСБ-ს აგენტი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2017 წელს ის გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა; ასევე, მოსკოვის მილიციის ოფიცერი, საიდუმლო განყოფილების თანამშრომელი დმიტრი პავლიუჩენკოვი, რომელსაც 11 წელი მიუსაჯეს, თუმცა, რამდენიმე რამდენიმე კვირის შემდეგ მისი ვადაზე გათავისუფლების საკითხი გადაიხედა...

Новая газета-ს ცნობით, საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის მიუხედავად, პუტინს სულაც არ აძლევს ხელს პოლიტკოვსკაიას საქმეში ახალი დეტალების ამოტივტივება და არ არის გამორიცხული, რომ დუკუზოვმაც “გაურკვეველ ვითარებაში” გარდაცვლილი თანამონაწილეების ბედი გაიზიაროს...

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე