აშშ-ის პოზიციით, რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანებისთვის საქართველოს პროდუქციას ემბარგო უნდა მოუხსნას. აგვისტოს ომამდე საუბარი იყო საქართველო-რუსეთის საზღვარზე საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნაზეც. იმის გამო, რომ ამ ორგანიზაციაში საქართველოს პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ჩნდება კითხვა, თუ აშშ-ის ეს განცხადება რამდენად არის თანხვედრაში ქართულ პოზიციასთან.
თუმცა ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. ექსპერტთა დიდი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ "ეს არის ადეკვატური ფასი."
საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი ერთ-ერთ მოუგვარებელ საკითხად რჩება. იმის გამო, რომ რუსეთს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება, ფაქტობრივად, ისე სურს, რომ არ შეასრულოს ორგანიზაციის მოთხოვნების ნაწილი მაინც, ამის გამო ქართული მხარე რუსეთს თანხმობას არ აძლევს.
საუბარია ქართული მხარის მთავარ მოთხოვნაზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნას ითვალისწინებს. მას შემდეგ კი, რაც რუსეთის ხელისუფლებამ ქართულ პროდუქციას ემბარგო გამოუცხადა, პირველ საკითხს ესეც დაემატა. ამ პრობლემის მოუგვარებლობა კი აგვისტოს ომმაც გააძლიერა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს რუსეთისთვის აქტუალობა არ დაუკარგავს.
ამ ორგანიზაციის წევრთათვის ურთიერთობის გამარტივებული და მომგებიანი ფორმების გამო, რუსეთის ეს სურვილი გასაკვირიც არ არის. ეს საკითხი აქცენტირებულად კი რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრისასაც დაისვა და როგორც გაცხადდა, აშშ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების წინააღმდეგი არ იქნება, თუკი რუსეთი ამ ორგანიზაციის მოთხოვნებს შეასრულებს.
ფაქტობრივად, ასეთი პოზიცია ამ ორგანიზაციის წევრების მხრიდან ყოველთვის ფიქსირდება. მაგრამ ამ განცხადებას განსაკუთრებული მნიშვნელობა იმ ფაქტორმაც შესძინა, რომ ეს უშუალოდ აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრისას გაკეთდა. ეს კი იმაზეც მიუთითებს, თუ რუსეთი ამ საკითხს რა დონის მნიშვნელობას ანიჭებს.
ის პირობები კი, რაც რუსეთს მსო-ში გაწევრიანებისთვის მოეთხოვება, უკვე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ფილიპ გორდონის მხრიდან გაჟღერდა.
როგორც გორდონმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, მსო-ში რუსეთის გაწევრიანებას აშშ-ს ეკონომიკისთვის, მსოფლიო ვაჭრობისთვის და თავად რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, მისივე თქმით, თუ რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება სურს, მას საქართველოსთვის ეკონომიკური ემბარგოს მოხსნა მოუწევს.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, ერთობლივად უნდა გადაიჭრას ის გაურკვეველი საკითხები, როგორიცაა რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე, მინერალურ წყლებზე და სხვა პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნა.
არის თუ არა ქართული მხარისთვის ემბარგოს მოხსნა საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას თანხმობა მისცეს, ამაზე ხელისუფლების მხრიდან ჯერჯერობით არანაირი განმარტება არ კეთდება. ექსპერტებს შორის კი განსხვავებული პოზიციებია. თუმცა, ის აზრი მაინც დომინანტურია, რომ მხოლოდ ემბარგოს მოხსნა შეიძლება ქართული თანხმობის წონადი იყოს.
"ქართული მხარის უმთავრესი მოთხოვნა იყო ემბარგოს მოხსნა, ვინაიდან რუსეთის პოლიტიკა ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს. მაგრამ, ამასთან ქართული მხარის ერთ-ერთი უმთავრესო მოთხოვნა იყო საბაჟო-გამშვები პუნქტების გამოყენება პროდუქციის შემოსატანად საქართველოს ტერიტორიაზე. ქართული მხარე ითხოვდა, რომ ფსოუსა და როკის გვირაბთან შემოსული პროდუქციის განბაჟების საშუალება მიეცათ ჩვვენი საბაჟო სამსახურებისთვის. ანუ, ჩვენ ამ საკითხს კონფლიქტების პოლიტიკურ გადაწყვეტას არ ვუკავშირებდით. უბრალოდ აქ იმაზე იყო საუბარი, რომ საქართველოს და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობა მთლიანად ყოფილიყო ლეგალური და რუსულ მხარეს თავისი გარანტიების ქვეშ მიეცა საშუალება ქართული მხარისთვის, რომ მათ გარკვეულწილად მოეხდინათ კონტროლი იმ მონაკვეთზე, სადაც, ჯერჯერობით ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება.
"აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ვფიქრობ, რომ ემბარგოს მოხსნა საკმარისი არ იქნება. ჩვენთვის მთავარია, რომ ამ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე, რომელზეც დე ფაქტო საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება, საქართველომ შესძლოს ან საერთაშორისო გარნატიებით, ან რუსული გარანტიებით გარკვეული პროცედურების ჩატარება და ამით მოხდეს რუსეთსა და საქართველოს შორის პროდუქციის მოძრაობის სრული ლეგალიზაცია. ეს არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპებზე დაფუძნებული მოთხოვნები და ჩვენ ამის სრული საფუძველი გაგვაჩანია," - აცხადებს ექსპერტი ვასილ ჭყოიძე.
ცხადია, ამ შემთხვევაში საინტერესო ის არის, რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციის შემთხვევაში ეს საკითხი რამდენად მოგვარებადია.
"თუ რუსეთი დაინტერესებულია ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებით, ასეთი ნაბიჯი უნდა გადადგას. ეს მათი გადასაწყვეტია. ტექნიკურად ეს რთული გასაკეთებელი არ არის, ვინაიდან ეს საკითხში შესაძლებელია, არ დაუკავშირდეს ჯერჯერობით პოლიტიკური სტატუსის გადაწყვეტას, ვინაიდან ეს უფრო მეტ დროს მოითხოვს, მაგრამ ეს არის თეორიული შესაძლებლობა. თუმცა, რეალობაში რუსეთი ამაზე არ წავა," - ვარაუდობს ჭყოიძე.
გია ნოდიას შეფასებით კი, ამ შემთხვევაში ქართული მხარის პოზიცია პოლიტიკურად მოტივირებული არ შეიძლება იყოს.
"რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საქართველოს პოზიცია არ უნდა იყოს პოლიტიკურად მოტივირებული. ანუ, შეიძლება რომ პოლიტიკური მოტივაცია ჰქონდეს საქართველოს, მაგრამ უარი უნდა უკავშირდებოდეს მხოლოდ სავაჭრო-კომერციულ მიზეზებს და ეს არის მთავარი პრინციპი.
"ახლა როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველო, რას ჩათვლის საკმარისად იმისთვის, რომ რუსეთმა შეიძლება დააკმაყოფილოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპები, ამის თქმა ცალსახად გაჭირდება. არავის აქვს იმის ილუზია, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ გამოვა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. ამიტომ გააჩნია იმას, თუ კონკრეტულად რა ვითარება და რა კომბინაცია იქნება ზოგადად რუსეთთან ურთიერთობაში, რაც საქართველოს მიაღებინებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. ცალსახად ამაზე პასუხი ახლა შეუძლებელია," - აცხადებს გია ნოდია.
ექსპერტი გია ხუხაშვილი კი იმასაც აცხადებს, რომ ქართული მხარისთვის ეს წინადადება მისაღები უნდა იყოს.
"დაახლოებით ორი წელია, ამაზე ვსაუბრობ, რომ რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების რეალური ფასი არის რუსული ბაზრის გახსნა ქართული პროდუქციისთვის. ახლა, შეიძლება, წმინდა ემოციურად ეს არ იყოს ჩვენთვის მისაღები, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ყველა საკითხს აქვს ადექვატური წონა. ეს კი არის რეალური საფასური, რაც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ.
"ამის სანცვლოდ სასწორის მეორე პინაზე ქვეყნის გამთლიანების საკითხის დადება წარმოუდგენელია და საბოლოო ჯამში დამთავრდება ზუსტად იმით, რითაც არაერთხელ დამთავრებულა. ანუ, საბოლოო ჯამში ჩვენ მაინც გვაიძულებენ ამაზე ხელმოწერას და შეიძლება ისიც დავკარგოთ, რისი მიღებაც შეიძლება.
"ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა - ჯერ რაღაც კატეგორიულად გვითქვამს და შემდეგ ისე გაგვიკეთებია, რომ სანაცვლოდ არც არაფერი მიგვიღია.
"პრინციპში, ამ საკითხთან დაკავშირებით მე ჩამოყალიბებული აზრი მაქვს და ხელისუფლებისთვის საჯაროდ არაერთხელ შემითავაზებია, რომ ეს საკითხი გაიცვალოს ზუსტად ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის გახსნაზე, რამდენადაც მტკივნეული არ ურდა იყოს ჩვენთვის და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთად-ერთი საღი და სწორი მიმართულება, რითაც შეიძლება რუსეთისგან რაიმე მივიღოთ," - აცხადებს გია ხუხაშვილი.
მისი თქმით, აქ ერთი მხრივ გასათვალისწინებელია ის საკითხი, რომ ქართული მხარე მსო-ში რუსეთის გაწევრიანებისთვის პოლიტიკურ საკითხებს ვერ დააყენებს და მეორე მხრივ ის, რომ ამ შემთხვევაში რუსეთს მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილის თამაშის წესებით მოუწევს თამაში და ეს მათთან ურთიერთობას გარკვეულწილად გაადვილებს, რაც ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს და მათ შორის, საქართველოს ინტერესშიც.
"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება არ არის მხოლოდ ამ ორგანიზაციის ინტერესი. ეს არის მთელი სამყაროს ინტერესი, ვინაიდან ინტეგრირებული რუსეთი ბევრად უფრო მისაღებია. ამიტომ ეს ყველას ინტერესშია და გარკვეულწილად საქართველოს ინტერესშიც არის. იმიტომ, რომ ამ ორგანიზაციის წევრობა არ არის მხოლოდ პრივილეგია. ეს გახლავთ ცივილიზებული თამაშის წესების დანერგვა საკუთარ ქვეყანაში.
"აქედან გამომდინარე, ამ თემის ზედმეტად პოლიტიზება საბლოო ჯამში არც ჩვენს პარტნიორებს ესიამოვნებათ მაინცდამაინც და საბოლოო ჯამში ამის გაკეთებას მაინც გვაიძულებენ და ჩვენც ვერაფერს ვერ მივიღებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნა არის ადექვატური ფასი და სჯობს, გავანებოთ თავი," - აცხადებს გია ხუხაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ხუხაშვილის ამ პოზიციას გარკვეულწილად გია ნოდიაც იზიარებს.
"პასუხი ამ კითხვაზე დამოკიდებულია კონკრეტული პოლიტიკური ვითარების შეფასებაზე. მე მგონი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ემბარგოს მოხსნა საქართველოსთვის საკმარისი არ იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, არის პოლიტიკური მოტივაცია და მეორე, რომ უარის შემთხვევაში პოლიტიკური მოტივაცია ვერ გამოდგება და მას სავაჭრო-კომერციულ სფეროში უნდა ჰქონდეს ამის თქმის საფუძველი," - აცხადებს ნოდია.
ამ შემთხვევაში კი უკვე რუსეთის პოზიციაა საინტერესო, რამდენად უღირს, რომ დათანხმდეს ქართული პროდუქციისთვის ემბარგოს მოხსნას. აქ გასათვალისწინებელია რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულება სააკაშვილის ხელისუფლებისადმი. ფაქტია, რომ რუსულ მხარეს არაპოლიტიკური საკითხებიც კი ამ ჭრილში გადაჰყავს და ძნელი წარმოსადგენია, რომ რუსეთმა გადაწყვეტილება მხოლოდ ეკონომიკურ ინტერესებზე დაყრდნობით მიიღოს. თუმცა, ხუხაშვილი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში გაცილებით მნიშვნელოვანი ქართული მხარის პოზიციის დაფიქსირებაა.
"მე ვფიქრობ, რომ ეს არის საღი და რეალური ფასი. თუ რუსეთი ამაზე არ წავიდა, ჩვენ თავისთავად აღმოვჩნდებით მომგებიან სიტუაციაში გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვთავაზობდით რუსეთს ნორალურ ფასს და რუსეთი ამაზე არ წავიდა და ჩვენ საეთაშორისო მხარდაჭერას მაინც მივიღებთ და საერთაშორისო საზოგადოება ჩვენი მხრიდან კატეგორიულ ტონს გაგებით მაინც მოეკიდება. შესაბამისად, ეს ყველა შემთხვევაში, ტაქტიკურად სწორი ნაბიჯია და ძალიან დიდი რაღაცეების მოთხოვნა არავის არ ესიამოვნება და არც მიზანშეწონილი იქნება," - აცხადებს გია ხუხაშვილი.
რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა, რომ ეს საკითხი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის რაიმე საფუძველი გახდეს, ექსპერტებს კონკრეტული პასუხი არ გააჩნიათ.
"ურთიერთობის ნორმალიზება მოხდება მაშინ, თუკი გარკვეული ნაბიჯები გადაიდგემება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისკენ. თუმცა, თუ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, მაშინ უფრო გაადვილდება ამ თემაზე მოლაპარაკების დაწყებაც. მაგრამ, მე მგონი, მხლოდ ემბარგოს გაუქმება და ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე შეშვება, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ურთიერთობის ნორმალიზაცია დაიწყოს. ეს მეორეხარისხოვანია და ამაზე ახლა რაიმეს თქმა ძნელია," - აცხადებს ვასილ ჭყოიძე.
გია ნოდიას თქმით კი, ეს ნაკლებად უნდა იყოს მოსალოდნელი.
"რა თქმა უნდა, შეიძლება ესეც გახდეს ურთიერთობის ნორმალიზების დაწყების საფუძველი. თუმცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისთვის მთავარი პოლიტიკური გრძნობები კი არ არის, ორივე ქვეყნის ხელისუფლების ნება, რომ ეს ურთიერთობები გაუმჯობესდეს. თუკი რუსეთის ხელისუფლება ამბობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებისთვის არანაირი ურთიერთობა არ სურს, ძალიან ძნელია, ურთიერთობის ნორმალიზაცია მოხდეს," - აცხადებს ნოდია.
რუსიკო მაჩაიძე