ავტორი:

მსოფლიო მნიშვნელობის 7 აღმოჩენა საქართველოში - რას მიაკვლიეს ქართველმა არქეოლოგებმა

მსოფლიო მნიშვნელობის 7 აღმოჩენა საქართველოში - რას მიაკვლიეს ქართველმა არქეოლოგებმა

„ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა“ - ეს ფრაზა მე-19 საუკუნის პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის.

რთული დასაჯერებელია, რომ ილია ამ სიტყვებში ჩვენს ისტორიას არ გულისხმობდა, რომელიც საქართველოსთვის მართლა საუნჯედ ქცეულა. ეს საუნჯე კი წლიდან წლამდე იზრდება, რადგან არქეოლოგიური გათხრების შედეგად ჩვენი წარსულის შესახებ სულ უფრო მეტს ვიგებთ.

რა საინტერესო და მნიშვნელოვან აღმოჩენებს მიაკვლიეს 2018-2019 წლებში მეცნიერებმა, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებითა და ნებართვით იკვლევენ საქართველოს სხვადასხვა ძეგლს? - ამ საკითხზე Ambebi.ge საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიის სამსახურის უფროსს კონსტანტინე ფიცხელაურს, სპეციალისტებს ზურაბ გიორგაძეს, თამარ ნინიაშვილსა და ჟურნალ „ონლაინ არქეოლოგიის“ რედაქტორს მაია ჩოლოყაშვილს ესაუბრა.

  • გუდიაშვილის ქუჩაზე აღმოჩენილი კედლები და ნივთები

გასულ წელს, თბილისის განვითარების ფონდმა გუდიაშვილის ქუჩაზე აღდგენითი-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, სარდაფების გაწმენდის დროს ძველი ნაგებობები აღმოაჩინეს.

ნაგებობების ზუსტად დათარიღება არქეოლოგებს ჯერჯერობით უჭირთ, თუმცა სპეციალისტები ზურაბ გიორგაძე და თამარ ნინიაშვილი აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, მე-13 საუკუნიდან გვიან შუა საუკუნეებამდე პერიოდის ნანგრევებსა და ნივთებს მიაგნეს.

გათხრებისას სხვადასხვა ტიპის სამოსახლო დაწესებულება და სარდაფი აღმოაჩინეს. ასევე, სარდაფში ნაპოვნია რამდენიმე ქვევრი, ერთ-ერთში კი თიხის დოქები, ღვინის ამოსაღები აზარფეშა (სპილენძის ჭურჭელი) და პატარა კოჭები იყო მოთავსებული. არქეოლოგების ვარაუდით, აღნიშნული ნივთები ქვევრში გადამალეს და სავარაუდოდ, მტრისგან გადაარჩინეს.

"გუდიაშვილის ქუჩაზე არქეოლოგიური გათხრები დღემდე გრძელდება. აღმოჩენილია 4 საძირკველი და ერთი ხარო ანუ სამაცივრე სივრცე. გათხრების პროცესში ძალიან ღრმად, ორ მეტრამდე ჩავედით, თუმცა მერე უკვე წყალმა ზემოთ ამოიწია და სამუშაოების გაგრძელება ვეღარ მოვახერხეთ“, - აღნიშნა თამარ ნინიაშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

არქეოლოგის თქმით, ყველაფერი, რაც გუდიაშვილის ქუჩაზე აღმოაჩინეს, აღირიცხა, დაკონსერვდა, მეთოდურად დაიფარა და აღნიშნულ ადგილზე ღია მუზეუმის მოწყობა იგეგმება, რაც დედაქალაქის ამ მონაკვეთს ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის.

  • დიდნაურის ნაქალაქარი

რამდენიმე წლის წინ არქეოლოგებმა დედოფლისწყაროდან აღმოსავლეთით, 9 კილომეტრში, ნაქალაქარი აღმოაჩინეს, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში „დიდნაურის“ სახელწოდებით შევიდა. ნაქალაქარში არქეოლოგიური სამუშაოები 4 წლის წინ დაიწყო (ექსპედიციის ხელმძღვანელი კონსტანტინე (კიაზო) ფიცხელაური).

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განგვიმარტეს, რომ ნაქალაქარი ძვ.წ. მე-13 საუკუნით თარიღდება და 15 ჰექტარზეა გაშენებული. მისი მასშტაბების გამო სპეციალისტებს დიდნაური სრულად არ შეუსწავლიათ, თუმცა წლიდან წლამდე ახალ აღმოჩენებამდე მიდიან.

ნაქალაქარი შირაქის ველზე ანუ დაბლობზე იყო გაშენებული. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ დიდნაურის გარშემო, მთის წვერსა და ბორცვებზე პატარ-პატარა ნაქალაქარებია შემორჩენილი. სწორედ ამიტომ, არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა დიდნაური ცენტრალური ქალაქი იყო, რომელსაც გარშემო თავდაცვითი ნაგებობები ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ თავდაცვითი კედლის სიგანე 4,5 მეტრია, გარს კი 22 მეტრის სიგანის თავდაცვითი თხრილი აქვს შემორტყმული.

ამავე ქალაქის ჩრდილოეთით, არქეოლოგებმა ძვ.წ მე-13 საუკუნის სამაროვანი ანუ სასაფლაო გათხარეს. ყველაზე საინტერესო მოვლენები სწორედ აქედან დაიწყო.

„სამაროვანში დაახლოებით, 50-მდე სამარხია შესწავლილი, სადაც ბრინჯაოს უამრავი ნივთი აღმოვაჩინეთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩენა არის რომ, ამ პერიოდის სამარხებსა და ძეგლებში საბრძოლო მახვილი მიცვალებულს წელის არეში აქვს, დიდნაურის სამაროვანში აღმოჩენილი მიცვალებულების უმეტესობას კი ზურგის არეში. შესაძლოა, მახვილის ტარების წესზე მიუთითებდეს“, - აღნიშნა კონსტანტინე ფიცხელაურმა.

გარდა ამისა, დიდნაურის სამაროვანის ერთ-ერთ სამარხში, რომელიც სავარაუდოდ, დიდგვაროვანს ეკუთვნის, არქეოლოგებმა საინტერესო ბრინჯაოს მასალა და სავარაუდოდ, აღმოსავლური წარმოშობის ოთხწახნაგა ისრის პირი იპოვნეს, რომელიც ბრძოლასა და ომზე მიუთითებს.

„გარდაცვლილს თავზე ბრინჯაოს დიადემა ჰქონდა, რომელიც ალბათ, მისი დიდგვაროვნების დამადასტურებელი ნიშანია; მუცლის არეში აღმოაჩნდა ოთხწახნაგა ისრის პირი, რომლითაც სავარაუდოდ, გარდაიცვალა. ეს ისარი კავკასიურს არ ჰგავს, უფრო აღმოსავლურია. შეგვიძლია ვივარაუდოთ ის, რომ ეს დიდგვაროვანი ბრძოლაში დაიღუპა მომხვდურთან, რომელიც ადგილობრივი არ არის. შესაბამისად, ბრძოლა მოხდა.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მეორე ისრის პირი თავდაცვითი გალავნის გარეთა კედელში შერჭობილი ვიპოვნეთ. შეიძლება ვარაუდის გამოთქმა, რომ ბრძოლაში დიდნაურის მცხოვრებლებმა გაიმარჯვეს. ასე რომ არ მომხდარიყო, დიდგვაროვანი მსგავსი პატივით არ დაიკრძალებოდა, მაგრამ ვინ იყო და რა მოხდა, ამაზე საუბარი რთულია“ - აღნიშნა მან.

„სამაროვანში“ აღმოჩენილი გარდაცვლილების დნმ-ს ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დიდნაურის მცხოვრებლები კავკასიურ რასას ეკუთვნიან.

„ეს მიცვალებულები ძალიან დიდი ზომის ხალხი იყო. რამდენი სამარხიც გაგვითხრია, ძირითადად, მომცრო ტანის ხალხი აღმოგვიჩენია. ამ სამარხში აღმოჩენილი მიცვალებულები კი 180 სანტიმეტრამდე სიმაღლის არიან“, - განმარტა სპეციალისტმა.

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ დიდნაურში მცხოვრებლები განვითარების მაღალ საფეხურზე იყვნენ, რადგან გათხრების დროს კენჭებით მოკირწყლული ქუჩა აღმოაჩინეს.

„ძვ.წ მე-13 საუკუნეში ასეთ ნაქალაქარს ფაქტობრივად, ანალოგი არ გააჩნია. წარმოიდგინეთ, რა დონეზე უნდა იყვნენ ადამიანები განვითარებულები, რომ თავიანთ კომფორტზე იფიქრონ. აქ სახელმწიფოებრიობის პირველი ნიშნები ჩანს, ეს ქალაქ-სახელმწიფოა და არა ნამოსახლარი“, - აღნიშნავს კონსტანტინე ფიცხელაური.

ნაქალაქარში არქეოლოგებმა ე.წ. „შესაწირი მაგიდაც“ იპოვნეს, რომლის ანალოგიც ხეთებთან ფიქსირდება. ამასთან, დიდნაურის ცოტა მოშორებით აღმოჩენილია ბრინჯაოს ცხენებშებმული საბრძოლო ეტლი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს სახელმწიფოს რეგულარული არმიის დამადასტურებელი ნიშანია.

რამ გაანადგურა ასეთი განვითარებული, 15 ჰექტარ ფართობზე გაშენებული სახელმწიფო? - სეისმოლოგებმა დაადგინეს, რომ მიზეზი მიწისძვრა უნდა ყოფილიყო. ამასთან, გათხრების შედეგად აღმოჩნდა, რომ პირვანდელი სახე ქალაქს ფაქტობრივად, შენარჩუნებული აქვს.

  • სამშვილდის ნუმიზმატიკური განძი

გასულ წელს „საქართველოს უნივერსიტეტის“ სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია ქვემო ქართლში, სამშვილდის ნაქალაქარის ციტადელსა და სიონის უბანზე კვლევებს აწარმოებდა (ექსპედიციის ხელმძღვანელი დავით ბერიკაშვილი).

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ციტადელში მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოებისას, ერთ-ერთი თხრილის სათავსოს გაწმენდის დროს, აღმოჩნდა ოქროს მონეტების განძი, რომელშიც სხვადასხვა ზომა-წონის 200-მდე ნომინალია გაერთიანებული. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ განძი თამარ მეფის პერიოდისაა.

  • გრაკლიანი გორა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის ივლისში კასპის მუნიციპალიტეტში, გრაკლიან გორაზე ვახტანგ ლიჩელის ხელმძღვანლობით არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა (ექსპედიციის ხელმძღვანელი პროფ. ვახტანგ ლიჩელი).

ძეგლზე, რომელიც ჯერჯერობით მიკვლეული ხუთი ტერასისგან შედგება, დადასტურებულია 11 სხვადასხვა პერიოდის კულტურული ფენა - ქვის ხანიდან გვიან ანტიკური ეპოქის ჩათვლით, ქრისტიანობამდე.

მკვლევარების ინფორმაციით, ამ პერიოდის ყველა არქეოლოგიურ მასალაში გამოვლენილია განსაკუთრებული არქეოლოგიური ნაშთები, რომლებიც ამ ძეგლს სრულიად განსხვავებულ სტატუსსა და სამეცნიერო მნიშვნელობას ანიჭებს. ამჟამად, მე-5 ტერასაზე მუშაობა მიმდინარეობს, ამავდროულად, ღია ცის ქვეშ ღია მუზეუმი მოეწყო.

დაგაინტერესებთ: რა საიდუმლოს მალავს გრაკლიანის უნიკალური წარწერა - "სწორია ვარაუდი, რომ ჩვენი წინაპრები ბიბლიის წერაში მონაწილეობდნენ"

  • სათხის მონასტრის წარწერა

ბოლნისიდან 25 კილომეტრის დაშორებით, დაბა კაზრეთის სამხრეთით, მთის ძირას სათხის მონასტერი მდებარეობს, რომელიც X საუკუნის მიწურულის ნაგებობაა. მის შესახებ პირველი ცნობა ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის ჩანაწერებში გვხვდება.

2018 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ სათხის ეკლესიაში ორგანიზებული სარესტავრაციო სამუშაოების დროს სათხის მონასტრის კანკელის დაკარგული ფრაგმენტი გამოვლინდა. კანკელის ხუთი გაშლილი კამარა ექვს მოჩუქურთმებულ სვეტზეა დაყრდნობილი.

კანკელის ახლად აღმოჩენილ ფრაგმენტზე იკითხება შემდეგი ტექსტი: "[ქ](რონი)კ(ო)ნი იყო ტჟა (1171 წ.)". აღმოჩენის თანახმად, ფრაგმენტი სრულიად ცვლის ამ დრომდე არსებულ ისტორიულ ფაქტებს. ის საბოლოოდ აზუსტებს ქვემო ქართლის ეკლესიებისა თუ მათი კანკელების მთელი ჯგუფის ქრონოლოგიას და გვაუწყებს, რომ ამ ეკლესიათა წარწერებში მოხსენიებული მეფე გიორგი, რომელიც გაიგივებული იყო მეფე გიორგი-ლაშასთან, სინამდვილეში მეფე გიორგი III ყოფილა.

ამავე, 2018 წელს, სათხის მონასტრის ჩრდილოეთ ეკვდერის იატაკის შუა ნაწილში, არქეოლოგებმა დააფიქსირეს მოზრდილი საფლავის ქვის ფრაგმენტები, რომელზეც ასომთავრული ეპიტაფიაა (XIII ს.) ამოკვეთილი.

საფლავების ორ ქვაზე წარწერებში მოხსენიებულია ეპისკოპოსი თევდოსი კალონაპეტის ძე, ჰნევანქის მამა იოსებ კალონაპის ძე და მამა კვირილე კალონაპის ძე (XIII-XIV სს.). მკვლევარების ვარაუდით, XIII ს-ში სათხის მონასტერი ამ საგვარეულოს კუთვნილება იყო.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევის სამსახურის უფროსი, დოქტორი გიორგი გაგოშიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი გვარი და სახელი დმანისის ეკლესიის დასავლეთი კარიბჭის საქტიტორო წარწერაში (XIII სს.) იკითხება.

  • ჩხოროწყუში აღმოჩენილი თიხის ბათქაშები და საშენი მილების ნატეხები

2018 წლის ივნისში სოფელ ლეწურწუმეში, არქეოლოგიური სამუშაოები განხორციელდა ნიკო მურღულიას ხელმძღვანელობით. ექსპედიციის მიზანი იყო ჩრდილოეთ კოლხეთში სამთამადნო კერების დაფიქსირება, ვინაიდან, არსებობდა ინფორმაცია, რომ აქ ერთ-ერთ საკარმიდამო ნაკვეთში მუდმივად პოულობდნენ რკინის წიდებსა და კერამიკულ მილებს, რაც მეტალურგიული საწარმოს არსებობაზე მეტყველებს.

2018 წელს განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში, საკარმიდამო ნაკვეთის ზედა და ქვედა ტერასებზე 4 სადაზვერვო თხრილი გაიჭრა. შედეგად, ძვ.წ XII-X სს-ის კულტურულ ფენაში თიხის ბათქაშებისა და საშენი მილების ნატეხები, კერამიკული ჭურჭლის დამწვარი ფრაგმენტები და რკინის წიდები დაფიქსირდა. მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად, რკინის წიდები ჩამდნარი იყო თიხის მილებსა და ბათქაშებში.

  • ზიარის უძველესი ფაუნისტური მასალა

2018 წლის ივლისში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარში, ქვედა და შუაპალეოლითურ ღია ტიპის სადგომ ზიარი 2-ზე არქეოლოგიური გათხრები განხორციელდა, სადაც უძველეს ფაუნისტურ მასალას მიაკვლიეს (ექსპედიციის ხელმძღვანელი პროფ. ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი).

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძეგლი უძველესი და ძველი ადამიანების კირქვის საბადოსთან არსებული სახელოსნოა. მისგან 300 მეტრის დაშორებით, პალეოლითური სადგომი "ზიარი-ფხოველი" (ზიარი 1) მდებარეობს. "ზიარი 1" ადამიანთა იმ ჯგუფების საცხოვრებელია, რომლებიც ქვის ნედლეულს "ზიარი 2"-ზე მოიპოვებდნენ. გათხრების შედეგად, არქეოლოგებმა მრავალ ასეულ არტეფაქტს მიაკვლიეს.

საერთო იერით ქვის მასალა ძალიან პრიმიტიულია. უფრო პრიმიტიულიც კი, ვიდრე დმანისის სადგომზეა დადგენილი. გაკეთდა რამდენიმე არტეფაქტის 3D ფოტოც. მე-3, მე-4 და მე-5 ფენებში გამოვლინდა სხვადასხვა ცხოველის განამარხებული ძვლები. მათი უმეტესობა ფრაგმენტირებულია, მაგრამ ნაწილის იდენტიფიკაცია შესაძლებელია და ისინი უახლოეს მომავალში შეისწავლება.

ექსპერტების თქმით, 2018 წლის გათხრების ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ფაუნისტური მასალაა (ცხოველების ძვლები), რადგან უძველესი ფაუნა გამოვლინდა ქვის იარაღებთან ერთად.

სემეკმა „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის ფარგლებში კომუნალურ კომპანიებში დარღვევები გამოავლინა

სამაგისტრო პროგრამა, რომელიც კურსდამთავრებულების დასაქმების გარანტი ხდება – რას სთავაზობს BTU მაგისტრანტებს

"2 სატვირთოს მძღოლია, 2 კი სხვა ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქე" - მარინა ეზუგბაია ახალი ინფიცირებულების შესახებ