ავტორი:

მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლიდან აიკრძალება, ვაუჩერებთან დაკავშირებით კი მძღოლებს ორი ალტერნატივა ექნებათ

მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლიდან აიკრძალება, ვაუჩერებთან დაკავშირებით კი მძღოლებს ორი ალტერნატივა ექნებათ

მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ტაქსების საინიციატივო ჯგუფთან მეორე პრობლემურ საკითხზეც მიღწეულია შეთანხმება და მარჯვენასაჭიანი ტაქსები „ბ“ კატეგორიაში 2020 წლის ბოლომდე დარჩებიან.

„საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი გადაწყვეტილება. მეორე თხოვნა მათი მხრიდან ეხებოდა მარჯვენასაჭიან მანქანებს. მათ აგვიხსნეს, რომ ერთი წელი, რომელიც მათ ჰქონდათ არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მომზადებულიყო მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები, მომხდარიყო ამ ავტომობილების ჩანაცვლება და გვთხოვეს, რომ „ბ“ კატეგორიაში მარჯვენასაჭიანი ტაქსები იყოს დაშვებული. ჩვენ ამაზე დავთანხმდით და აქაც გვინდა, რომ ეს დროში ჩავკეტოთ. 2021 წლის 1 იანვრიდან უკვე ავტომატურად შევა ძალაში ის, რომ მარჯვენასაჭიანები აიკრძალება „ბ“ კატეგორიაში. მათ აქვს წელიწადნახევარი იმისთვის, რომ მოახდინონ ავტომობილების ჩანაცვლება. ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯი გადადგმულია, რადგან კარგად გვესმის ამ ადამიანების და ზოგადად არსებული მდგომარეობა და ვაძლევთ შესაძლებლობას მოახდინონ ავტომობილების ჩანაცვლება და 2021 წლიდან უკვე მარცხენასაჭიანი ავტომობილებით გააგრძელონ საქმიანობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რადგან დედაქალაქის მთავრობა სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში აპირებს კიდევ არაერთი სიახლის დანერგვას.

„რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფს, რა თქმა უნდა შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, იმიტომ, რომ ეს რეფორმა არ მთავრდება დღეს. ჩვენ გვინდა, რომ ეტაპობრივად კიდევ სიახლეები შევთავაზოთ საზოგადოებას, ტაქსის მძღოლებს და გვინდა, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ მათთან კომუნიკაციის შედეგად. არც ერთ მთავრობას ეს ნაბიჯი არ ან ვერ გადაუდგამს სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის მიმართულებით. მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხდება მეტროს ვაგონების განახლება, მეტროსადგურების მოწესრიგება და მთლიანად მარშრუტების გადალაგება ხდება და ამაზე მოგვიწევს ძალიან სერიოზული კამპანიის ჩატარება, რომ მოსახლეობას, საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია, თუ როგორ მოხდება მაგალითად მიკროავტობუსების დაკავშირება მეტროსთან, როგორ მოხდება ავტობუსების და მეტროს დაკავშირება ან პირიქით. მოგვიწევს ამ საკითხებზე ძალიან დიდი კამპანიის ჩატარება, როდესაც ჩვენ უკვე მზად ვიქნებით“, - განაცხადა კალაძემ.

მერიის გადაწყვეტილებით, რეფორმის ფარგლებში ტაქსის მძღოლებს ავტომობილების ვიზუალური მხარის არჩევის დროს ალტერნატივის შესაძლებლობა ექნებათ - გადაღებონ, ან გადააკრან თეთრი ფერის ფირი.

„ჩვენ რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთლიანად ეს მიმართულება, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება, იქნას მოწესრიგებული. ერთ-ერთი ამ პოლიტიკაში რა თქმა უნდა არის ის რეფორმა, რომელიც ტაქსებთან მიმართებაში ჩვენ გასულ წელს დავაანონსეთ და სრული ინფორმაცია მივაწოდეთ საზოგადოებას, რომ ეს რეფორმა შედგება რამდენიმე ეტაპისგან.

სამწუხაროდ, ამ რეფორმამ არასწორი ინტერპრეტაცია მიიღო პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რაც გულდასაწყვეტია, რადგან შეიძლება ჩვენ, პოლიტიკურ პარტიებს გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხზე, თუმცა მგონია, რომ ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ ჩვენი ოჯახებით და როდესაც ხალხისთვის მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება, რა თქმა უნდა მანდ უნდა იყოს მხარდაჭერა. შეიძლება გარკვეულ საკითხებზე მოხდეს შესწორებები, მაგრამ ის დამოკიდებულება და ის მესიჯები, რასაც ჩვენ ვისმენდით ბოლო კვირების, ბოლო დღეების განმავლობაში, ნამდვილად არ არის მისაღები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღესვე, დედაქალაქის მერმა მძღოლებს მოუწოდა, რომ მათ, ვისაც უკვე აქვს ვაუჩერები აღებული, დროულად მიმართონ შესაბამის უწყებას, რათა მათი განაღდება მოხდეს.

„ჩვენ დავიწყეთ კომუნიკაცია და ამის პრობლემა არასდროს არ ყოფილა. ტაქსის მძღოლებმა შექმნეს სპეციალური საინიციატივო ჯგუფი, რამდენიმე შეხვედრა ვიცე-მერთან გაიმართა, ჩემთანაც, გუშინაც მქონდა რამდენიმე შეხვედრა. მათი მოთხოვნა იყო, რომ გარკვეული შეღავათები დაგვეწესებინა დროებით და ჩვენ, რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ ამ ადამიანების მოსაზრებები.

პირველი მინდა, დავიწყო იმით, რომ რეფორმა განხორციელდება და ამის გადავადებას და შეფერხებას საფრთხე არ ემუქრება და როგორც დაანონსებული იყო, აუცილებლად განხორციელდება. ასევე, რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, რაც იყო მოცემული - ვიზუალური მხარე, თეთრი ფერი, მერიის მიერ უფასო მანათობლების გადაცემა, პარკირების ადგილების გამოყოფა ქალაქში, ეს ყველაფერი მათთვის უფასო იქნება, ასევე ინტერიერის ქიმიურ წმენდაზე ვაუჩერებს ვაძლევთ და ესეც უფასოა. ამას საინიციატივო ჯგუფის თხოვნით დაემატა ფირის გადაკვრა, ესეც უფასო იქნება. მძღოლებს ექნებათ ორი ალტერნატივა - უნდათ ფირის ვაუჩერს აიღებენ და უნდათ გადაღებვის ვაუჩერს, აქ ჩვენ არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს“,-განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო