ავტორი:

გოგონა, რომელმაც დირექტორს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა, ბანგლადეშში ცოცხლად დაწვეს

გოგონა, რომელმაც დირექტორს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა, ბანგლადეშში ცოცხლად დაწვეს

ნუსრათ ჯაჰან რაფის ბანგლადეშში, სკოლაში ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს, მოგვიანებით გოგონა გარდაიცვალა. BBC-ს ინფორმაციით, 2 კვირით ადრე მან დირექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

19 წლის ნუსრათი დედაქალაქიდან 160 კმ-ს დაშორებით, პატარა ქალაქ ფენიში ცხოვრობდა და ისლამურ სკოლაში, მედრესეში სწავლობდა. 27 მარტს მან განაცხადა, რომ დირექტორმა კაბინეტში დაიბარა და სექსუალურად შეავიწროვა. ვიდრე ყველაფერი კიდევ უფრო სერიოზულ სახეს მიიღებდა, გოგონა ოთახიდან გაიქცა.

ბანგლადეშში ბევრი გოგონა და ქალი ცდილობს, საკუთარი გამოცდილება სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით დამალოს, რადგან მათი ოჯახები საზოგადოების განსჯის ობიექტი გახდება. მათგან განსხვავებით ნუსრათ ჯაჰანმა, ოჯახის წევრების დახმარებით, პოლიციას მიმართა და მომხდარის შესახებ შეატყობინა.

პოლიციის განყოფილებაში გოგონამ განცხადება დაწერა. იმის ნაცვლად, რომ მოსწავლისთვის უსაფრთხო პირობების შექმნა უზრუნველეყოთ, პოლიციელმა მის მიერ მოყოლილი ამბავი ტელეფონით გადაიღო.

ვიდეოში ჩანს, რომ ნუსრათი სტრესშია და ცდილობს, სახე ხელებით დაფაროს. კადრებში ისმის, რომ პოლიციელი სერიოზულად არ უდგება გოგონას მონაყოლს და ეუბნება, სახიდან ხელები მოიშოროს. ვიდეო მოგვიანებით ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.

ნუსრათ ჯაჰან რაფი კონსერვატორი ოჯახიდან იყო, ის რელიგიურ სკოლაში სწავლობდა. ასეთი გოგონასთვის სექსუალური შევიწროების შესახებ საუბარი საფრთხის შემცველია. მსხვერპლს ხშირად კიცხავს საზოგადოება, შეურაცხყოფას აყენებენ როგორც პირადად, ისე - ინტერნეტის საშუალებით. ხშირად თავსაც ესხმიან. ნუსრათსაც სწორედ ამ ყველაფრის გავლა მოუხდა.

27 მარტს - პოლიციაში დაწერილი განცხადების შემდეგ, სკოლის დირექტორი დააპატიმრეს, რამაც გოგონას მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ქუჩაში შეიკრიბა ხალხი, რომელიც დირექტორის გათავისუფლებას მოითხოვდა. აქციის ორგანიზატორი ორი მოსწავლე ბიჭი იყო, ხალხი ნუსრათს ადანაშაულებდა. ოჯახის თქმით, შვილის უსაფრთხოებაზე ძალიან ნერვიულობდნენ.

სექსუალური შევიწროებიდან 11 დღის შემდეგ, 6 აპრილს ნუსრათი გამოცდების ჩასაბარებლად სკოლაში წავიდა.

„ვცადე, ჩემი და სკოლაში მიმეყვანა, თუმცა გამაჩერეს და შესვლის საშუალება არ მომცეს. მე რომ მას შიგნით შევყოლოდი, ჩემს დას არაფერი შეემთხვეოდა,“ - ამბობს ნუსრათის ძმა, მაჰმუდულ ჰასან ნომანი.

ნუსრათის ძმა მის გარდაცვალებას გლოვობს

მოგვიანებით კი გოგონამ მომხდარის შესახებ თავად ისაუბრა - ნუსრათის თქმით, ერთ-ერთმა გოგონამ ის სკოლის სახურავზე აიყვანა, სადაც მათ ხუთამდე ადამიანი დახვდა. ნუსრათს მოსთხოვეს, დირექტორის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი უკან გამოეთხოვა. როდესაც გოგონამ უარი განაცხადა, მას საწვავი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

საგამოძიებო სამსახურის უფროსი ბანაჯ კუმარ მაჯუმდერი ამბობს, რომ მკვლელებს სურდათ მომხდარი სუიციდს დამსგავსებოდა, თუმცა გეგმა ჩავარდა, რადგან ნუსრათი გადარჩა. გოგონამ გარდაცვალებამდე ჩვენების მიცემა მოასწრო.

ნუსრათი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი სხეულის 80% დამწვარი იყო. ექიმებმა პაციენტის დედაქალაქის საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

სასწრაფო დახმარების მანქანაში ძმის ტელეფონით გოგონამ მიმართვა ჩაწერა, ის შიშობდა, რომ ვერ გადარჩებოდა.

„მასწავლებელი შემეხო. ამის გამო ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ,“ - ამბობს აუდიოჩანაწერში.

მისივე თქმით, თავდამსხმელები მედრესეს მოსწავლეები იყვნენ.

ნუსრათი 10 აპრილს გარდაიცვალა. ფენიში მის დაკრძალვას ათასობით ადამიანი დაესწრო.

გარდაცვლილი გოგონას მამა

პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა, 7 მათგანი მკვლელობაში მონაწილეობდა. დაკავებულებს შორის არის ის 2 სტუდენტიც, რომლებმაც დირექტორის გასათავისუფლებლად ქუჩაში აქცია მოაწყეს. თავად დირექტორი კვლავ პასუხისგებაშია მიცემული. პოლიციელი, რომელმაც ნუსრათის ჩვენება ტელეფონით გადაიღო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს და სხვა დეპარტამენტში გადაიყვანეს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გოგონას ოჯახს შეხვდა და პირობა მისცა, რომ მკვლელობაში მონაწილე ყველა ადამიანი გასამართლდება.

ნუსრათის გარდაცვალებამ საპროტესტო ტალღა ააგორა, სოციალური მედიის ათასობით მომხმარებელი საკუთარ აღშფოთებას ღიად გამოხატავს.

„ბევრი გოგონა ვერაფერს აკეთებს თავის დასაცავად, რადგან ასეთი ინციდენტების ეშინიათ. ბურქა და რკინის კაბებიც კი არ აჩერებს მოძალადეებს,“ - წერს ანოვარ შეიხი.

„მთელი ცხოვრების განმავლობაში მინდოდა, გოგონა მყოლოდა, მაგრამ ახლა მეშინია. ამ ქვეყანაში გოგონას გაჩენა ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება შიშსა და ნერვიულობაში უნდა გალიო,“ - წერს ლოპა ჰოსეინი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე