ავტორი:

"ოჯახი შეძლებულია და ამიტომ გააჩინეს ათი შვილი..." - რას ყვება ადვოკატი ქალზე, რომელმაც უკრაინიდან საქართველოში მცირეწლოვნები ჩამოიყვანა

"ოჯახი შეძლებულია და ამიტომ გააჩინეს ათი შვილი..." - რას ყვება ადვოკატი ქალზე, რომელმაც უკრაინიდან საქართველოში მცირეწლოვნები ჩამოიყვანა

მესამე დღეა საზოგადოების განსჯის საგანია ზუგდიდში მოწამლული ათი უკრაინელი ბავშვის საქმე. არის თუ არა ეს ტრეფიკინგის შემთხვევა თუ უსაფუძვლოდ ატეხილი ხმაური? - ამას გამოძიება დაადგენს, თუმცა არსებობს რეალური საეჭვო გარემოებები, რომლებიც ფაქტობრივად ზედაპირზე დევს.

20 აპრილს, ზუგდიდის საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით ათი მცირეწლოვანი შეიყვანეს, რომლებიც მალევე ქუთაისის ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში გადაიყვანეს. ბავშვებს თან ახლდა უკრაინელი ქალი - იულია სუსლიაკი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ათივე ბავშვი მისი შვილი იყო. თუმცა, დოკუმენტებით ირკვევა, რომ ოთხი ბავშვი ერთსა და იმავე - 2017 წელს არიან დაბადებულნი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეზე 8 აპრილიდან აწარმოებს გამოძიებას, მას შემდეგ, რაც უკრაინელი ქალი ბავშვებთან ერთად მოსკოვი-თბილისის რეისით ჩამოვიდა საქართველოში. სამართალმდამცველებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ფაქტი შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს და შს სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი).

ბავშვები ამ დრომდე მკურნალობენ ქუთაისის საავადმყოფოში. ექიმის თქმით, ყველა მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და სანამ ვითარება არ დასტაბილურდება, საავადმყოფოდან არ გაწერენ. ამ დრომდე არ არის დაზუსტებული, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად ბავშვების თანმხლები ქალბატონი სოსისით მოწამვლას ასახელებს.

AMBEBI.GE იულია სუსლიაკის ადვოკატს, ზურაბ თოდუას დაუკავშირდა და ყველა ის შეკითხვა დაუსვა, რაც საქმის ირგვლიც ჩნდება. საუბრის დასაწყისში, ადვოკატმა უარყო ფაქტი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებულია ან ბრალდებულია:

"საქმე ქალბატონი იულიას წინააღმდეგ არ არის აღძრული, გამოძიება ტრეფიკინგის ფაქტზე მიმდინარეობს. მოწმდება რეალურად, არის თუ არა ეს ფაქტი ტრეფიკინგი. თავად ეს ქალბატონი არის ათი შვილის დედა და იგი კანონიერ ქორწინებაშია მის მეუღლესთან, უკრაინელ იური სუსლიაკთან. ბატონი იური უკრაინაში სამშენებლო კომპნიას ფლობდა, საკუთარი ბიზნესი ჰქონდა. ოჯახი ძალიან შეძლებულია და სწორედ ამიტომ გააჩინა ათი შვილი.

იური სუსლიაკის დეველოპერ კომპანიას სერიოზული პრობლემები შეექმნა, რის გამოც ოჯახი იძულებული გახდა წასულიყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკაში მეათე ბავში შეეძინათ, 2019 წელს ისევ დაბრუნდნენ უკრაინაში. ისინი ელოდნენ, რომ სიტუაცია გამოსწორებული დახვდებოდათ, მაგრამ ასე არ მოხდა. ამიტომ მოუწიათ რუსეთში გადასვლა. 2019 წლის 17 მარტს ჟუკოვის სასამართლომ დაადგინა, რომ ისინი უკანონოდ იყვნენ შესულები იქ, რის გამოც დეპორტით გამოუშვეს რუსეთიდან.

ვინაიდან მათ დაუყონებლივ უნდა დაეტოვებინათ რუსეთის ტერიტორია, გადაწყვიტეს საცხოვრებლად გადასულიყვნენ აფხაზეთში. თავად იური აფხაზეთში გადავიდა სოჭის გავლით. ხოლო ქალბატონმა და მისმა ათმა შვილმა გადაწყვიტეს, რომ ჯერ ჩამოსულიყვნენ საქართველოში და საქართველოდან გადასულიყვნენ აფხაზეთში. ისინი ჩამოვიდნენ 4 აპრილს ზუგდიდში, იქირავეს იქ ბინა და აპირებდნენ აფხაზეთში გადასვლას" - განმარტა უკრაინის მოქალაქის ადვოკატმა.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რატომ გადაწყვიტა უკრაინულმა ოჯახმა მაინდამაინც აფხაზეთში გადასვლა, მაშინ როცა რეგიონი ოკუპირებულია, კრიმინალი მძვინვარებს და ბევრი დამნაშავე აფხაზეთში გადადის სასჯელისთვის თავის არიდების მიზნით, რატომ არ შეარჩიეს სუსლიაკებმა სხვა ქვეყანა, სადაც ფინანსურად შეძლებული ადამიანებისთვის ბევრად უსაფრთხო და კომფორტული გარემო იქნებოდა? - ამ კითხვებზე ადვოკატმა ასე გვიპასუხა:

"ქალბატონს უნდა დაეტოვებინა რუსეთის ტერიტორია, სოჭით ვერ ჩავიდოდა რადგან სოჭი რუსეთია, ხოლო მისმა მეუღლემ გარკვეული კონტაქტების გამოყენებით მოახერხა ჯერ სოჭში და იქედან აფხაზეთში გადასვლა. ბატონმა იურიმ, როგორც ოჯახის მეთაურმა, გადაწყვიტა ცალკე წასულიყო აფხაზეთში, რადგან სანამ ოჯახს ჩაიყვანდა, ყველა საჭირო პირობა შეექმნა მათთვის, მოეძებნა საცხოვრებელი... შემდეგ კი ჩაეყვანა მეუღლე და შვილები.

რატომ აირჩიეს საცხოვრებლად მათ მაინცდამაინც აფხაზეთი? საქართველოსა და უკრაინას კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, მიმოსვლაც თავისუფლად შეიძლება, მათ ჩათვალეს, რომ საქართველოში ცხოვრება იქნებოდა საფრთხისშემცველი, ხოლო აფხაზეთში უფრო დაცულები იქნებოდნენ, ვინაიდან აფხაზეთში გადასვლა უფრო რთულია. პრინციპში, თუ მათი მტრები მოინდომებდნენ იქაც მისწვდებოდნენ, სხვა თუ არაფერი ქილერს დაიქირავებდნენ, თუმცა საკუთარი უსაფრთხოების მიზნით აფხაზეთი აირჩიეს" - აღნიშნა უკრაინის მოქალაქის ადვოკატმა.

ყველაზე საეჭვო გარემოება ერთ წელში დაბადებული ოთხი ბავშვია, რომელთაგან ორი ტყუპია, ხოლო დანარჩენი ორი სხვადასხვა სუროგატი დედისგან არიან გაჩენილები. ჩვენს შეკითხვაზე რატომ გააჩენინა ცოლ-ქმარმა (რომელსაც საკუთარი 8 შვილი ჰყავთ) ორი ბავშვი სუროგატ დედას, ადვოკატი ზურაბ თოდუა ასე გვპასუხობს:

"ეს ადამიანები არიან ძალიან შეძლებულები, მდიდრები და მდიდარი ხალხი ბევრ შვილს აჩენს. უნდოდათ, რომ დიდი ოჯახი ჰყოლოდათ და გააჩენინა ბავშვები სუროგატ დედებს. ბავშვების მამა თანახმაა, რომ დნმ ჩააბაროს და დაადასტუროს, რომ ათივე ბავშვის მამა თავადაა. ასევე დედაც თანახმაა ამ ექსპერტიზაზე" - აღნიშნა ზურაბ თოდუამ.

ერთ-ერთ ასევე საეჭვო გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტიც, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მეზობლებმა გამოიძახეს, ვინაიდან ზუგდიდში ნაქირავები ბინიდან ბაშვების ტირილისა და ქალის ყვირილის ხმა გამოდიოდა.

ჩვენ მიერ ხაზგასმულ საეჭვო გარემოებებს ემატება კიდევ ერთი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაც - ოკუპირებული აფხაზეთის, როგორც კრიმინალის აბსოლუტურად ღია სივრცის ფაქტორი. მედიაში იძებნება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი შრომითი და სექსუალური ტრეფიკინგის არაერთი ფაქტი. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია აქტიურად საუბრობენ ამაზე. მათ შორის გაერო, Human Rights Watch, რომელთა ანგარიშებშიც არაერთხელ აისახა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ტრეფიკინგი ფართოდ არის გავრცელებული.

მაგალითად, 2017 წელს, უკრაინის ორი მოქალაქე გახდა შრომითი ტრეფიკინგის მსხვერპლი აფხაზეთში. ეს ამბავი მედიით გახმაურდა. როგორც აღმოჩნდა, ეს ადამიანები იყვნენ პროფესიით მღებავები და ეძებდნენ სამუშაოს. ინტერნეტით მიიღეს შეთავაზება, რომ რუსეთში არსებობდა კარგი სამუშაო, რუსეთის ნაცვლად კი აფხაზეთში აღმოჩნდნენ. დაახლოებით წელიწადნახევარი ამუშავეს ისე, რომ სახლიდან გარეთაც კი არ უშვებდნენ. შემდეგ კი უკრაინელებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა სხვისი დახმარებით მოახერხეს...

ასევე საყურადღებო და აღსანიშნავია ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიშიც, რომლის მიხედვითაც, საქართველო, „ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალებისა და გოგონების სექსუალური ექსპლუატაციის, ასევე, მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების იძულებითი შრომის თვალსაზრისით, ადამიანთა ტრეფიკინგის წყაროა - ტრანზიტის და დანიშნულების ქვეყანა“.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს