ავტორი:

ე.წ. ჭკვიანი კამერებით ქულები მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებაზე ჩამოგაკლდებათ

ე.წ. ჭკვიანი კამერებით ქულები მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებაზე ჩამოგაკლდებათ

მძღოლებს ე.წ. ჭკვიანი კამერების მეშვეობით მართვის მოწმობაზე ქულები მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჩამოაკლდებათ.

ინიციატივაზე, რომელიც ვიდეოჯარიმებზე ქულათა სისტემის მიბმას ითვალისწინებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშვილმა განუცხადა, სიჩქარის გადაჭარბება არცერთ მძღოლს არ აძლევს საშუალებას, რომ დარღვევა სხვა ფაქტორებს დააბრალოს.

„ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებაზე. მე მაგალითად, ხშირად მომისმენია, რომ არის ქალაქში ბევრი ინფრასტრუქტურა, სადაც იძულებული ხარ, რომ დაარღვიო მოძრაობის წესი. სიჩქარის გადაჭარბებაზე მხოლოდ იმიტომ ვაკეთებთ აქცენტს, რომ ეს ისეთი სამართალდარღვევაა, რომელსაც ვერაფერი დედამიწის ზურგზე ვერ გაამართლებს და ამას მხოლოდ შენი პირადი შეგნება გაიძულებს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ამასთან, შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი განმარტავს, რომ ვიდეოჯარიმებზე ქულათა სისტემის მიბმის პროცესის გაგრძელება მას შემდეგ გადაწყდება, რაც შეფასდება, რამდენად ეფექტური იყო სიჩქარის გადაჭარბებაზე გამკაცრებული სანქცია.

„პირველი ეტაპი და მეორე ეტაპი გამოჩნდება მას შემდეგ, რაც შევაფასებთ, სიჩქარის გადაჭარბებაზე რამდენად იმოქმედა ამან და რამდენად მოგვცა შედეგი“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

ამასთან, სიჩქარის გადაჭარბებაზე იურიდიული პირებისთვის ჯარიმები გაიზრდება. საუბარია იმ მანქანებზე გამოწერილ ვიდეოჯარიმებზე, რომლებიც კომპანიების მფლობელობაშია

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა განუცხადა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებები, რომელიც სალიზინგო და სხვა კომპანიებს ეხება, შსს-ს უკვე მომზადებული აქვს.

მეორე მხრივ, ლილუაშვილის თქმით, კომპანიას შეუძლიათ, მომსახურების სააგენტოს იმ მძღოლის მონაცემები მიაწოდოს, რომელიც იურიდიული პირის სახელზე რეგისტირებულ ავტომობილს მართავს. ასეთ შემთხვევაში, მძღოლი ავტომანქანის ფაქტობრივ განმკარგავად ჩაითვლება და სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში, მართვის მოწმობაზე ქულებიც სწორედ მას ჩამოაკლდება.

„სალიზინგო კომპანიებს შეუძლიათ მომსახურების სააგენტოში ან ატვირთონ ელექტრონულად დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ კონკრეტულ ფიზიკურ პირს, სალიზინგო კომპანიისგან ნაყიდი აქვს ავტომობილი და ამის შემდეგ მომსახურების სააგენტო ბეჭდავს მანქანის ახალ სარეგისტრაციო მოწმობას, სადაც ეთითება ფიზიკური პირის მონაცემები, როგორც ავტომობილის ფაქტობრივი განმკარგველის. ამ შემთხვევაში სალიზინგო კომპანია რჩება ხელშეკრულების ამოწურვამდე მანქანის მესაკუთრედ, თუმცა ჯარიმა, მათ შორის ვიდეოჯარიმა ეწერება პირს, რომლის მონაცემებიც დატანილია სარეგისტრაციო მოწმობაზე. თუმცა ჩვენ დღესაც გვაქვს მოცემულობა, რომ ძალიან ბევრი ხელშეკრულებაა ისეთი, რომელიც არაა ატვირთული სალიზინგო კომპანიის მიერ. ამ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრების ინსტრუმენტი, რომელსაც კომპანიები ძალიან ხშირად იყენებენ“, - განაცხადა ლილუაშვილმა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მსგავს შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრირება დროში გარკვეულწილად იწელება.

ამასთან, შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ სამართალდარღევების პრევენციის ერთ-ერთი საშუალება სანქციების ზრდაც იქნება.

„როცა იურიდიული პირია ავტომობილის მესაკუთრე, ამ შემთხვევაში ნომინალური სანქცია კონკრეტულ სამართალდარღვევაზე შედარებით მეტი იქნება. ჩვენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ასეთ პრეცედენტებს იცნობს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ინციატივიდან გამომდინარე იურიდიული პირების შემთხვევაში სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმის ოდენობა ცოტა მეტი იქნება“, - განაცხადა ლილუაშვილმა, თუმცა ჯარიმის ოდენობა, თუ სადამდე შეიძლება გაიზარდოს საჯარიმო სანქციები არ დაუკონკრეტებია.

„ამაზე უბრალოდ მიზანშეუწონელია საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ ეს ინიციატივა მთავრობაზეც კი არ გასულა. სამინისტროში ჩამოყალიბებულები ვართ, უნდა გავიტანოთ კანონპროექტი მთავრობაზე და იქიდან უნდა წავიდეს შემდეგ პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანომ შეიძლება ეს სანქციები შეგვაცვლევინოს. სანქციები იქნება ადეკვატური. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის თანხები, რაც ინიციატივაში დევს, პრევენციული ეფექტის მატარებელია, თუმცა რეალურად არის თუ არა ეს ასე, უშუალოდ პრაქტიკაში გამოჩნდება“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს