ავტორი:

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სასულიერო პირებს და მრევლს გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე გზა გაუხსნეს - რა კომენტარს აკეთებენ აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სასულიერო პირებს და მრევლს გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე გზა გაუხსნეს - რა კომენტარს აკეთებენ აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში

დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი მონაკვეთი, რომელიც აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ჰქონდათ გადაკეტილი, გახსნილია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა განუცხადა, ამ დროისთვის მომლოცველებს, ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს მონასტრამდე გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ.

ცნობისთვის, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, სამი დღის განმავლობაში აზერბაიჯანელებს უდაბნოს მონასტერი გადაკეტილი ჰქონდათ და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებდნენ.

ფაქტთან დაკავშირებით გუშინ, დღის ბოლოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, გახსნას პუნქტები, რომლებიც იმ დროისთვის იყო დაკეტილი.

სამონასტრო კომპლექსთან შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ლეილა აბდულაევამ, რომელმაც აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის იყო აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის მომხრე.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, აზერბაიჯანი მზად არის აღნიშნული საკითხი უახლოეს დროში დასრულდეს.

„აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის გასწვრივ სამონასტრო კომპლექსის უამრავი ისტორიული, არქიტექტურული და რელიგიური ობიექტია განლაგებული. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ორმხრივი ფორმატების ფარგლებში წყდება, საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული პროცედურების საფუძველზე. აზერბაიჯანი ყოველთვის იყო იმის მომხრე, რომ აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია დაჩქარებულად განხორციელებულიყო. აზერბაიჯანი მზად არის უახლოეს დროში დაასრულოს ეს პროცესი“, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი