ავტორი:

პატრულის ეკიპაჟების რაოდენობა გაიზრდება - რას გულისხმობს შსს-ს ოპტიმიზაციის გეგმა

პატრულის ეკიპაჟების რაოდენობა გაიზრდება - რას გულისხმობს შსს-ს ოპტიმიზაციის გეგმა

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობა გაიზრდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშვილმა განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპტიმიზაციის გეგმაზე მუშაობს, რის ფარგლებშიც ამჟამად რესურსების შეფასება მიმდინარეობს. ამასთან, ლილუაშვილის თქმით, ეკიპაჟების ზრდა შესაძლებელია მოხდეს როგორც დამატებით კადრების აყვანით, ასევე შსს-ში არსებული რესურსითაც.

„ბოლო პერიოდში პატრულს დაემატა დაახლოებით ხუთამდე ახალი სამართალდარღვევის ადმინისტრირების ფუნქცია. ამავდროულად, ფაქტობრივად ყოველწლიურად 9%-მდე იზრდება ავტომობილების რიცხვი. აქედან გამომდინარე ოპტიმიზაცია გულისხმობს ადეკვატური რესურსის მობილიზებას და არა ადამიანების გაშვებას. აქ ასევე საუბარია შიდა რესურსის საპატრულო ეკიპაჟებში გადანაწილებაზე. პატრულის ინსტიტუტის დაფუძნებიდან, ფაქტობრივად, ეკიპაჟების რაოდენობა არ გაზრდილა და ამან გამოიწვია ის, რომ არაპროპორციულია ის რესურსი, რომელიც საპატრულო პოლიციას აქვს. ჩვენ ვსაუბრობთ ოპტიმიზაციაზე, არამხოლოდ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების ზრდის ნაწილში, არამედ საპოლიციო ტექნოლოგიების და ეფექტიანობის ზრდის ნაწილში“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, საჭიროებების შეფასების შემდეგ შსს შესაბამისი მოთხოვნით მთავრობას მიმართავს და საბოლოოდ მთავრობა გადაწყვეტს, რამდენით ან როგორ გაიზრდება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობა.

„მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ შეფასდეს რესურსების რაოდენობა. შემდეგ სამინისტრო ამის ინიცირებას მოახდენს და მთავრობაზე გაიტანს. შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ გვჭირდება დამატებით 20 ეკიპაჟი, თუმცა მთავრობამ დაგვიმატოს მხოლოდ ათი ან პირიქით, გვითხრას, რომ გვჭირდება 30. საბოლოო გადაწყვეტილება მთავრობაზეა“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკონტაქტო პატრულის რაოდენობა გააორმაგა. უკონტაქტო პატრულირება უკვე ოთხ ქალაქში ხორციელდება.

„ჩვენ დავამატეთ კახეთის მიმართულება, რომელიც ამ რეფორმით აქამდე არ იყო მოცული და არსებულ მიმართულებებზე გავაორმაგეთ რესურსები. ბათუმში, ქუთაისში, თბილისში, თელავში მოქმედებენ უკონტაქტო პატრულის ეკიპაჟები და წინასწარ განსაზღვრულ გამოყოფილ ტერიტორიებზე, სადაც განთავსებულია შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები, ახორციელებენ უკონტაქტო პატრულირებას,“ - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს