ავტორი:

ქართველმა მოსწავლეებმა ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციიდან ოქროს მედალი ჩამოიტანეს

ქართველმა მოსწავლეებმა ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციიდან ოქროს მედალი ჩამოიტანეს

მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში 20-25 აპრილს ახალგაზრდა მეცნიერთა 26-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სკოლის მოსწავლეებმა მათემატიკის, ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ეკოლოგიის დარგებში თავისი პროექტები და კვლევები წარმოადგინეს.

საქართველოს ნაკრები ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის და ქართულ-ამერიკული სკოლის 10 მოსწავლით დაკომპლექტდა. ქართველმა მოსწავლეებმა მათემატიკის სექციაში დიდ წარმატებას მიაღწიეს - გიორგი რაზმაძე და საბა საბეკია კონფერენციიდან ოქროს მედლით დაბრუნდნენ (თემა „იდეალური კუბოიდი“);

თამთა ჯაშმა და ელენე გვალიამ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს, (თემა „შარიგინის პრობლემა“); კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ნინო ფიფიას და ლიზი მეძველიას ხვდათ წილად (თემა „კომპლექსური რიცხვები და გეომეტრია“).

აღნიშნული სკოლების მათემატიკის კათედრები ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი მამუკა მესხიშვილის ხელმძღვანელობით არაერთხელ აღწევენ წარმატებულ შედეგებს. საქართველო 2002 წლიდან მუდმივად მონაწილეობს აღნიშნულ კონფერენციაში და სტაბილურად იკავებს საპრიზო ადგილებს.

კონფერენციის სამუშაო ენა ინგლისურია, შესაბამისად მოსწავლეები ნაშრომებს საერთაშორისო ჟიურის წინაშე ინგლისურ ენაზე იცავენ, ამიტომაც ისინი უნაკლოდ უნდა ფლობდნენ ენას.

კონფერენციის პარალელურად, ღონისძიება დატვირთული იყო კულტურული ნაწილითაც - მოსწავლეებმა დაათვალიერეს მურუგანის (Murugan) ქანდაკება, ბატუს კომპლექსი (Batu Caves), სულთან აბდულ სამადის (Abdul Samad) სასახლე, სამთავრობო ქალაქი-პუტრაჯაია ( Putrajaya) და მალაიზიის სიმბოლო-პეტრონასის ტყუპი კოშკები (Petronas Twin Towers), რომლებიც თითოეული 88 სართულიანია და სიმაღლით 451,9 მეტრია (ყველაზე მაღალი ტყუპები მსოფლიოში).

დაჯილდოების ცერემონია 24 აპრილს, Mandarin Court Hotel-ში გაიმართა. ცერემონიას საქართველოს ელჩი, ნიკოლოზ აფხაზავა დაესწრო.

ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია 1993 წლიდან ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. კუალა-ლუმპურმა აღნიშნულ კონფერენციას პირველად უმასპინძლა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 27 ქვეყნის 157-მა მოსწავლემ.

მნიშვნელოვანი სიახლე აბიტურიენტებისთვის - 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩაბარდება

ქართველი ლექტორის და 33 სტუდენტის საქართველოდან გაუჩინარების ამბავი - "საკუთარი რელიგია შექმნა... სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდებოდა"

"არც ფული მქონდა, არც გამორჩეული მოსწავლე ვიყავი, მაგრამ..." - 17 წლის ლუკა ბუსკივაძეს აშშ-ს უნივერსიტეტი სწავლას 320 000 დოლარით დაუფინანსებს