ავტორი:

საქართველოში 100 ქალზე 92 კაცი მოდის, მოსახლეობა კი იკლებს - უახლესი სტატისტიკური მონაცემები

საქართველოში 100 ქალზე 92 კაცი მოდის, მოსახლეობა კი იკლებს - უახლესი სტატისტიკური მონაცემები

2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში მამაკაცების რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელია და 1 790 ათასს შეადგენს, ხოლო ქალების რიცხოვნობა 0.3 პროცენტით შემცირდა და 1 932 ათასით განისაზღვრა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი მამაკაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.

2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92.7-ს წარმოადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92.7 მამაკაცი მოდიოდა. აღსანიშნავია, რომ 35 წლამდე ასაკში მამაკაცები ჭარბობდნენ ქალებს, ხოლო 35 წლის ასაკიდან ქალების რიცხოვნობა აღემატებოდა მამაკაცებისას, რაც გამოწვეულია მამაკაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

2018 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას შეადგენდა 74.0 წელს, მათ შორის მამაკაცებისათვის 69.7 წელს, ხოლო ქალებისათვის - 78.2 წელს.

2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი 37 წელია.

მოსახლეობის რაოდენობა

2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 723 ათას კაცს შეადგენს, რითაც აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტით შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (4 614) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-10 783).

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 58.7 პროცენტი ცხოვრობდა საქალაქო დასახლებებში. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს წარმოადგენდა.

რაც შეეხება მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივ შემადგენლობას, 2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.3 პროცენტს შეადგენდა, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 64.9-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 14.8 პროცენტს წარმოადგენდა.

რაც შეეხება მოსახლეობის რიცხოვნობას რეგიონების მიხედვით, 2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, თბილისში 1 171 ათასი კაცი ცხოვრობს, აჭარაში - 349 ათასი, გურიაში - 109 ათასი, იმერეთში - 497 ათასი, კახეთში - 312 ათასი, მცხეთა-მთიანეთში - 93 ათასი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 29 ათასი, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 316 ათასი, სამცხე-ჯავახეთში - 154 ათასი, ქვემო ქართლში - 433 ათასი და შიდა ქართლში - 257 ათასი.

ემიგრანტები

2018 წელს ემიგრანტების რიცხოვნობა 98 935 ადამიანით განისაზღვრა და წინა წელთან შედარებით 15.8 პროცენტით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 5.9 პროცენტით არის ასევე გაზრდილი იმიგრანტების რიცხოვნობა და მან 88 152 მოქალაქე შეადგინა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ემიგრანტების 86.6 პროცენტი და იმიგრანტების 84.5 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენდა.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო